„ნოვაია გაზეტა - ევროპას“ ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 11 პაკეტი დააწესა, პრაქტიკაში დასავლური კომპანიები რუსეთში ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და მოწინავე ტექნოლოგიების მიწოდებას აგრძელებენ.
2023 წელს მილსადენით რუსეთიდან ევროპაში გაზის მიწოდება ომამდელ პერიოდთან შედარებით 85%-ით შემცირდა, რის გამოც „გაზპრომი“ იძულებული იყო, გაზის მოპოვება თითქმის 25%-ით შეემცირებინა. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ამ მიმართულებით საბიუჯეტო შემოსავლები თითქმის ორჯერ შემცირდა, რაც თითქოს, ამ დარგში არსებულ კრიზისზე უნდა მიუთითებდეს, თუმცა პარადოქსალურად, ევროკავშირი არა მხოლოდ აწესებს სანქციების, არამედ თვითონვე ეხმარება რუსეთს ენერგორესურსების ექსპორტის ალტერნატიული საშუალებების განვითარებაში.
პირველ რიგში, ევროპა ზრდის რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვებს. 2023 წლის პირველ ხუთ თვეში ეს მაჩვენებელი, 2021 წლის იანვარ-მაისთან შედარებით, თითქმის 30%-ით გაიზრდა.
„ევროკავშირი დებს მილიარდობით ევროს თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, რათა გათავისუფლდეს რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან. თუმცა ამავდროულად ევროკავშირი გადადის რუსულ თხევად ბუნებრივ გაზზე“, - აცხადებს ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ალბინას ზანანავიჩიუსი.
ამასთანავე, ევროკავშირი აწვდის რუსეთს ტექნოლოგიებს თხევადი ბუნებრივი გაზის განვითარებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ევროკავშირის სანქციების მე-5 პაკეტით აიკრძალა. „ნოვაია გაზეტას - ევროპას“ ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან ამავე წლის ნოემბრის ბოლომდე ევროკავშირიდან რუსეთში შევიდა 420 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა, რომელიც კუნძულ იამალის მახლობლად ახალი ქარხნის Арктик СПГ 2-ის მშენებლობისთვის არის განკუთვნილი. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ეს ქარხანა რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გახდება, თანაც, გაზის 80% არა ევროპაში, არამედ აზიაში გაიყიდება.
Арктик СПГ 2-ის 60% ეკუთვნის რუსეთის ყველაზე მსხვილ გაზის მომპოვებელ კომპანია „ნოვატექს“. მისი აქციონერები არიან ლეონიდ მიხელსონი, ვლადიმირ პუტინის მეგობარი (ევროკავშირის მიერ სანქცირებული) გენადი ტიმჩენკო, ფრანგული კორპორაცია Total-ი და „გაზპრომი“.