„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პრესკონფერენციას გამართა, სადაც ევროკომისიის მიერ დაწესებული 12- პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე დეტალური ინფორმაცია წარადგინა.
ირაკლი კობახიძემ მეორე პრიორიტეტზე დეტალურად ისაუბრა.
„პარლამენტის წევრის კითხვა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზედამხედველო ინსტრუმენტი. აქაც გვაქვს ცვლილებები, კერძოდ, დღევანდელი ცვლილებით, შემცირდა პარლამენტის წევრისთვის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადები, რაც არის მნიშვნელოვანი ცვლილება. აქაც პროაქტიულად გამოქვეყნდება ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია შეკითხვებზე პასუხის გაცემასთან, მათ შორის შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაცია და ა.შ. თემატური მოკვლევა - ესეც არის მნიშვნელოვანი საზედამხედველო ინსტრუმენტი და ამ შემთხვევაშიც გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები. კერძოდ, კვორუმი იქნა დაწეული, რაც დაკავშირებულია ამ გადაწყვეტილების მიღებასთან, ასევე თემატური მოკვლევის რეკომენდაციების შესრულების მექანიზმი დაიხვეწა რეგლამენტში. სუს-ის ანგარიშს რაც შეეხება, სუს-ის უფროსი არ იყო ვალდებული წარმოედგინა პირადად ანგარიში პარლამენტის წინაშე, ესეც დაზუსტდა. სუს-ის უფროსი პირადად წარუდგენს პარლამენტს ანგარიშს სუს-ის საქმიანობის თაობაზე. როგორც ხედავთ, რეგლამენტის დონეზე განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. კანონმდებლობა არის მთლიანად თავსებადი საერთაშორისო სტანდარტებთან და უფრო მეტიც, რიგ შემთხვევებში იმაზე მაღალი სტანდარტიც არის დადგენილი, ვიდრე თუნდაც რიგ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. სერიოზული ბერკეტები მიენიჭა პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციას იმისათვის, რომ განახორციელოს ეფექტიანი ზედამხედველობა“, - განაცხადა კობახიძემ.