„აფხაზური და ოსური საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ იმის შეხსენება, რომ ხელისუფლება მათთან ომს არ აპირებს“

„აფხაზური და ოსური საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ იმის შეხსენება, რომ ხელისუფლება მათთან ომს არ აპირებს“

რადიკალური ოპოზიციის გეგმის ნაწილი ისევ მეორე ფრონტია. ეს ის ოპოზიციაა, რომელიც მმართველობის წყალობით თბლისიდან 40 კილომეტრში რუსეთის საოკუპაციო ჯარი დგას და აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას. სწორედ მიხეილ სააკაშვილის გაუაზრებელმა ნაბიჯმა გამოიწვია ის, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველო აღმოჩნდა რუსეთთან ომში. რუსეთთან 5-დღიან ომს წინ უსწრებდა სააკაშვილის ხელისუფლების გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრების აღდენისა და კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევა.

ამის შემდეგ, სააკაშვილის ხელისუფლებამ ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები ჩაატარა, რის შემდეგაც და დიმიტრი სანაკოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად აირჩიეს, რასაც საპასუხოდ მოჰყვა მუდმივი საუბარი მილიტარიზაციაზე. ყოფილი ხელისუფლება აქცენტს ტერიტორიების დაბრუნებაზე აკეთებდა და დასახელდა სავარაუდო დრო - 1 წელი, რასაც მოჰყვა 2008 წლის აგვისტოს ომი და ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც პირდაპირ წერია, რომ სწორედ სააკაშვილმა დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, რასაც „ნაცმოძრაობამ“ და სააკაშვილმა მოაწერეს ხელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი და, რომ ქართული ჯარი მძინარე ცხინვალს დაესხა თავს. დღეს პრეზიდენტი უკვე არ საუბრობს ომის დაწყების მიზეზებზე, თუმცა როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ოპოზიციის მთავარი მიზანია ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტის ხაზი. მთავრობის მეთაურის შეფასებით, რადიკალური ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, საქართველო მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა.

„ოპოზიცია ამბობს, რომ თქვენს მიერ მოგონილია ეს მეორე ფრონტის მითი და თითქოს ჩვენ ჰაერიდან მოვიტანეთ ეს ტერმინები. მე შევახსენებ კიდევ ერთხელ, მათი ეს გაუბედურებული ბელადი, ციხეში რომ არის ახლა, შემოვიდა კონკრეტული მიზნით, რომ აქ მოეხდინა რევოლუცია, სისხლიანი გადატრიალება და, რა თქმა უნდა, ჩაფლავდა. აღარ მინდა გავიმეორო ახლა, ამ სიტუაციაში, უკრაინა ომშია, უკრაინის ხელისუფლებაზე აღარ მინდა ვისაუბრო, მაგრამ უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებები მოვისმინეთ,  ბატონი დანილოვის და სხვების, მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. პირადად თქვა, საქართველო და მოლდოვაც ახსენა ამ კაცმა. სხვებიც, მისი რჩეულები, ხელისუფლების რჩეულები გამოვიდნენ, ღიად ამბობდნენ, რომ ეს ხელისუფლება არ არის ომის ხელისუფლება, აი, სააკაშვილი რომ ყოფილიყო, ომს გახსნიდაო. ახლა მთავარი მინდა გითხრათ, რომ დაგამშვიდოთ, კიდევ ერთი ფაქტი - რამდენიმე კვირის წინ ამ გაუბედურებული ოპოზიციის დე ფაქტო ლიდერი, ვანო მერაბიშვილი ერთ-ერთ უკრაინულ არხთან აძლევს ინტერვიუს და ამბობს, რომ დაიწყებს ომს. ადასტურებს მზაობას, რომ გახსნის ომს რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის აღიარება, ეს არის ფაქტი. ბატონი მერაბიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ იგი დაიწყებს ომს, ამაზე მეტი აღიარება რა გინდათ? ეს კაცი არის დღეს არაფორმალური მმართველი კეზერაშვილთან ერთად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, პრიგოჟინის ამბოხებაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციაში ყველაზე ნიშანდობლივი მეორე ფრონტისკენ მათი ლტოლვის მორიგი დემონსტრირება იყო. შესაბამისი ბერკეტი რომ ჰქონოდათ, გამოიყენებდნენ პირველივე შანსს აფხაზეთსა და ცხინვალში ტანკებით შესასვლელად. როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის ომისა და ღალატის პარტია, რომლის მიზანია გამოიყენოს ნებისმიერი საბაბი საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად.

„კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ უკრაინელების „ხორცსაკეპის“ ავტორის წარმატებაში საკუთარი შანსი დაინახა. პრიგოჟინის ამბოხებაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციაში ყველაზე ნიშანდობლივი მეორე ფრონტისკენ მათი ლტოლვის მორიგი დემონსტრირება იყო. ისინი ვერ მალავდნენ, რომ შესაბამისი ბერკეტი რომ ჰქონოდათ, გამოიყენებდნენ პირველივე შანსს აფხაზეთსა და ცხინვალში ტანკებით შესასვლელად.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის ომისა და ღალატის პარტია, რომლის მიზანია გამოიყენოს ნებისმიერი საბაბი საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად. ბუნებრივია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამ განცხადებებს შემთხვევით არ აკეთებდა და ისინი ამ შემთხვევაშიც დავალებებით მოქმედებდნენ. მათი პატრონების უმთავრესი მიზანია, მიაღწიონ მეორე ფრონტს და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანია, მაქსიმალურად შეუშალონ ხელი ნდობის აღდგენას ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის.

შეგახსენებთ, რომ მეორე ფრონტის პირობებში, ჩვენ მოგვიწევდა ომი არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთანაც, რაც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. დაუშვებელია, ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთის სისხლი კიდევ ერთხელ დაღვარონ. ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული მომავალი თაობების წინაშე. ვისი ფიქრიც აქეთკენ არის მიმართული, მას ან უკიდურესი არაკეთილგონიერება, ან საქართველოს მტრობა ამოძრავებს“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

რა თქმა უნდა, ბრალდებას უარყოფენ ოპოზიციაში და აცხადებენ, რომ ხელისუფლება მეორე ფრონტის გახსნით ზემოქმედებს მოსახლეობაზე. დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ არ გულშემატკივრობს რუსეთის დასუსტებას და ეს აჩვენა კობახიძის განცხადებამაც. მისი თქმით, ამ შემთხვევაში, გამოგონილ ქარის წისქვილებს ებრძვიან, სამ გოჭს და წითელქუდას მაშინ, როცა მნიშვნელოვანი პრობლემებია ქვეყანაში.

„გამოგონილი თემებით ცდილობს „ქართული ოცნება“ გადაფაროს მნიშვნელოვანი თემები და პროპაგანდის კუთხით, ასეთი ინტოქსიკაცია მოახდინოს ადამიანების. დიდი ბოდიში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ რაც იყო, ეს იყო რუსეთის დასუსტება და, რა თქმა უნდა, ის, რომ „ქართული ოცნება“ არ გულშემატკივრობს რუსეთის დასუსტებას, ეს იყო სწორედ კობახიძის განცხადება. ამიტომ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ესაა კობახიძის პროპაგანდა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიცია პრიგოჟინს გულშემატკივრობას არ აღიარებს. ოპოზიცონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია თვლის, რომ მეორე ფრონტთან დაკავშირებით ადგილი აქვს ბოდვას, რაც საქართველოს უსაფრთხოებასა და ევროპულ პერსპექტივას აზიანებს.

„მაშინ, როცა სრულიად დასავლეთი აანალიზებს სამხედრო გადატრიალების მცდელობას, როგორც პუტინის რეჟიმის სისუსტეს და ისინი პროგნოზირებენ, რომ ეს დამატებითი შესაძლებლობაა უკრაინის გამარჯვების, ამ მოცემულობაში „ქართული ოცნება“ ისევ შიდა პროპაგანდით ცდილობს, რუსეთის სიძლიერის მითის გაძლიერებას და ოპოზიციისკენ ისრების გადატანას.

სრული სიყალბეა და „ქართული ოცნების“ მხრიდან მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა ე.წ. მშვიდობის მითის შექმნა, რადგან მშვიდობას ქვეყნის შიგნით ერთიანობა სჭირდება, რომელსაც ირაკლი კობახიძე და მისი გუნდი ებრძვიან. ვხედავთ, როგორ საზიანო პოლიტიკას ეწევა „ქართული ოცნება“. სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძე საქართველოში არის რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი სპიკერი“, - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

ანალიტიკოსის დავით ქართველიშვილის განცხადებით, როდესაც სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე, 23 მაისს იკურთხა წმ. სიმონ კანანელის ტაძრის საძირკველი, როგორც ქართველების, ოსებისა და აფხაზების ურთიერთპატიების, მეგობრობის და საერთო თანაცხოვრების სიმბოლო, უკვე უხვად დაგროვდა ამის საწინააღმდეგო მოწოდებები „გლობალური“ და „ლოკალური“ ომის პარტიების მხრიდან.

„მეორე ფრონტის გახსნის აკვიატებული სიგიჟე ერთდროულად დაასრულებდა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მისი სახელმწიფოებრიობის ისტორიას. დღეს საქართველოს მოსახლეობის ქვეყნის „უძღები შვილების“ თავის ოჯახში დაბრუნების ამ სანუკვარი ოცნების აღსრულების საწინააღმდეგოდ, აგენტოკრატების ჩვენმა მარიონეტებმა ამხანაგი პრიგოჟინიც ჩართეს, უკრაინელი და ქართველი მეომრების ყველაზე დაუნდობელი სისხლისმსმელი ჯალათი. მაგრამ, ჯალათოკრატებისთვის ხომ არც ფულს და არც სისხლს სუნი არ აქვს. უსამშობლო არსებების ინსტინქტები კუჭ-ნაწლავისა და შარდსასქესო ორგანოების მიღმა არ ვრცელდება“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ვინც ჩაღრმავებულად აკვირდება ცხინვალსა და აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას და განწყობებს, მათ იციან, რომ იქ ჯერ კიდევ არსებობს განცდები იმ საფრთხის, რომ უკრაინის ომის ფონზე, საქართველო შეიძლება დაჰყვეს გარედან, ძირითადად კიევიდან თავსმოხვეულ მოთხოვნებს და საომარი მოქმედებები წამოიწყოს ამ რეგიონებში.

„თუმცა, სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათ დააფასეს თბილისის გადაწყვეტილება, რომ ამას არ დაუშვებდნენ. მას შემდეგ, რაც პრიგოჟინის მომხრეებად თუ თაყვანისმცემლებად გაფორმებულ რადიკალურ ოპოზიციას ისევ აექავა ხელები, ცხინვალსა და სოხუმში იარაღით შევარდნაზე, აფხაზური და ოსური საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ იმის შეხსენება, რომ ხელისუფლება მათთან ომს არ აპირებს“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.