შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში დღეს, 12 სექტემბერს, 13:35 საათზე მორიგი შეტყობინება შევიდა. მოქალაქემ ცენტრის ოპერატორს თბილისში, ლუბლიანას ქ. N5-ში ტელეკომპანია „იმედი“-ს შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა. შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, გამნაღმველები და კინოლოგები გამოცხადდნენ.
სამართალდამცველებმა უსაფრთხოების მიზნით შენობიდან იქ მყოფი ადამიანების ევაკუაცია მოახდინეს, მიმდებარე ტერიტორია ამკრძალავი ლენტით შემოსაზღვრეს და პერიმეტრი დაიცვეს.
გამნაღმველების მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ გამოძახება ცრუ იყო – შენობაში ნაღმი არ აღმოჩნდა.
სამართალდამცველებმა ცრუ შეტყობინების ავტორის ვინაობა ზარის განხორციელებიდან რამდენიმე საათში დაადგინეს.
გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის 1-ლი განყოფილება აწარმოებს.