სანქციების კომისიის წევრების თბილისში სტუმრობის საპასუხოდ რუსეთი აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე ალაპარაკდა

სანქციების კომისიის წევრების თბილისში სტუმრობის საპასუხოდ რუსეთი აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე ალაპარაკდა

რუსეთში აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის თემაზე სპეკულაციას განაგრძობენ და აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ, თუმცა არ აკონკრეტებენ ვისთან და რაზე. ან, როგორ უნდა მოხდეს საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმება, როცა საქართველო აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას არასდროს დათანხმდება. საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ მსგავსი თემა არც კი განიხილება და არანაირი კომუნიკაცია რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთთან არა აქვთ. ამიტომ მიაჩნიათ, რომ კრემლი ამ თემით სპეკულირებას განაგრძობს და ამაში ახალი არაფერია.

ეს თემა სომხურ მედიასთან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ კვლავ წამოჭრა.

„ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ იმ ამბიციური საგზაო რუკის განსახორციელებლად, რომელიც დასახულია. ეს საგზაო რუკა მოიცავს დოკუმენტებს, რომლებიც ხელმოწერილია სახელმწიფოს მეთაურებისა და ჩვენი ქვეყნების მთავრობების ეგიდით დაქვემდებარებული შესაბამისი კომისიების დონეზე. ყველაფერი კეთდება ყოველდღიურად, რომ ეს მოხდეს“, - განაცხადა ზახაროვამ.

„ეს საკითხი არ განიხილება“ - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე ზახაროვას განცხადებას პასუხობს.

„არაფერი ახალი არც რუსეთის პოზიციაში არ არის, რომ მას სურს რკინიგზა და არაფერი ახალი არც საქართველოს პოზიციაში არ არის, რომ ეს არ განიხილება... კონტაქტი და კომუნიკაციაც კი არ არის ამ საკითხზე... ასეთ თემებზე საუბარი კითხვაშივე გულისხმობს, რომ თითქოს, არის გარკვეული მოლაპარაკება, შემოთავაზება, უარი, თანხმობა. კონტაქტი და კომუნიკაციაც კი არ არის ამ საკითხზე. ეს არის მოცემულობა. ყველაფერი დანარჩენი არის კონსპირაცია. როგორი კონსპირაციაც იყო სააკაშვილის წამების საკითხი, სანქციების გვერდის ავლის საკითხი, ასეთივე კონსპირაციაა ეს. ჩვენ ვმოქმედებთ, ჩვენი პოლიტიკით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება, ოკუპირებულ ტერიტორებითან დაკავშირებულ საკითხებს, ერთადერთი ფორმატი, რაც არსებობს, არის ჟენევის მოლაპარაკებები. ამ კონტექსტში არის სწორედ განხილული ყველა ურთიერთობა“, – უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

რაც შეეხება ოპოზიციას, მათი თქმით, გამორიცხულია, რომ საქართველოს ხელისუფლება მსგავს მოლაპარაკებაზე წავიდეს.

„ამ ვითარებაში საერთოდ არაფერი იქნებოდა მისაღები. ერთადერთ შემთხვევაში იქნებოდა რკინიგზის გახსნა მეტ-ნაკლებად მისაღები, თუ ქართული დროშა იქნებოდა ფსოუზე, თუ ფსოუზე იქნებოდა ქართული საბაჟო და სასაზღვრო პუნქტი. სხვა შემთხვევაში ეს იქნება მართლა ღალატი ქართული სახელმწიფოს ინტერესების. მარია ზახაროვა რომ დღე და ღამე მთვრალია და ერთი ლოთი ქალია, „ლოთ ბაზარა“, დაბჟუტურობს რაღაცას და მე არ მინდა დავიჯერო, რომ ეს მართლა ხდება და ქართული ინტერესების საწინააღმდეგოდ ჩვენი ხელისუფლება რაღაც კულუარულ მოლაპარაკებებს მართავს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ანალიტიკოსი პაატა დავითაია აცხადებს, რომ ახლა რუსეთისთვის აფხაზეთის რკინიგზის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მათი აქტიურობა ლოგიკურია. დავითაია for.ge-სთან ფიქრობს, რომ რუსები ამ სიტუაციის დალაგებას შემდეგნაირად ცდლილობენ, უნდათ, რომ საქმე მოაგვარონ სომხეთის სახელმწიფოსთან, საქართველოს სახელმწიფოსთან და ე.წ. აფხეზეთის სახელმწიფოსთან. დავითაია ამბობს, რომ რუსების მიზანია, რკინიგზა, აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფოს სამართლებრივ ველში გაატარონ.

„აფხაზები სამართლებრივ ბეჭედს ითხოვენ, ე.წ. აფხაზურ სამართლებრივ მოედანზე მატარებელმა გაიაროს. მათ სჭირდებათ, რომ აფხაზეთი დამოუკიდებლად იყოს აღიარებული. მე დარწმუნებული ვარ და ამას გულწრფელად ვამბობ, საქართველოს ხელისუფლება ამაზე არ წავა. ამაზე წასვლა აფხაზეთის აღიარებას ნიშნავს. ამიტომ ცდილობენ დღეს რუსები აფხაზებზე ზეწოლას, რომ რაღაცნაირად ამ ბეჭდის უფლება დათმონ. ყველას ესმის ამ რკინიგზის აღდგენას რამხელა მნიშვნელობა აქვს.

აფხაზეთის ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ, რკინიგზის დაბლოკვა გახდა. რკინგიზა იმუშავებს ორ შემთხვევაში, თუ საქართველოს მებაჟეები ფსოუზე დადგებიან; თუ იქნება მიღწეული შეთანხმება, რომ საქართველო გააკონტროლებს. თუმცა აქ იბადება მეორე კითხვა, რას ნიშნავს ოკუპანტ მეზობელთან ტვირთბრუნვის გაზრდა, რომელიც მთელს ნახევარ მსოფლიოსთან ომობს, მით უმეტეს იმ ფორნზე, როცა სანქციების კომისიის წევრები იყვნენ ჩამოსულები. ამ რკინიგზის გახსნაში არ ვხედავ პრობლემას, თუ რუსეთი აღიარებს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს ტერიტორიის ნაწილია. თუკი აფხაზებს იმის უფლებას მივცემთ, რომ ეს ე.წ. თავისუფლების საბუთი გამოიყენონ, მაშინ ისინი ამ ფაქტს მთელს მსოფლიოში გამოიყენებენ იმის მტკიცებულებად, რომ საქართველომ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. არ მგონია ხელისუფლებამ ეს გარისკოს და ამ ავანტურაში შევიდეს“,-ამბობს დავითაია.

მისივე თქმით, დღეს რუსეთის მხრდან ამ თემაზე პროვაკაციური განცხადებები კეთდება, მით უმეტეს ეს ემთხვევა იმ დროს, როცა საქართველოში სანქციების კომისიის ჯგუფი იმყოფებოდა. დავითაია ამბობს, რომ საქართველოს ნამდვილად დიდი შანსი აქვს, რომ ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი მიიღოს და ვნახეთ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებული პოზიციური განცხადებები შარლ მიშელისგან. ზუსტად ამ ყველაფერს რუსეთი მოულოდნელად ისევ რკინიგზაზე საუბარს ამთხვევს. მას მიაჩნია, რომ ეს შემთხვევითი დამთხვევა არ არის და რუსეთი ყველანაირად ცდილობს ჩვენთვის ევროკავშირის კარი დაიკეტოს.

„რუსები ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატი ქვეყანა არ გახდეს. კანდიდატობა ვალდებულებებს ნიშნავს, რის შემდეგაც რუსეთს აქ მოქმედებები გაუჭირდება. დღეს რკინიგზაზე საუბრობენ, ხვალ ვითომ ტვირთბრუნვა საქართველოს დახმარებით ევროპისკენ გაარღვიეს და ა.შ. ეს არის პროვკაციური მიდგომები. ჩვენს საზღვარზე ასე მარტივად რაღაცების გატანა ვერ ხდება, ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ რუსები ამის გამოყენებას ცდილობენ. თუ ვინმე საქართველოს ტერიტორიაზე კონტრაბანდის გატანას შეეცდება, ჩვენ ამაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ვაკისრებთ. ასე რომ, ჩვენი ქვეყენა ასე ხელწამოსაკრავი არ არის და ეს რუსებმაც კარგად იციან. მიუხედავად ამისა, ეჭვების გაჩენას ცდილობენ. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და ხელისუფლებას მოვუწოდებ, რკინიგზის თემაზე უფორ კონკრეტული და მკაფიო განცხადებები გააკეთოს“, - ამბობს დავითაია.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ამ კუთხით მკაცრი პიარი უნდა გაატაროს. სხვანაირად ჩვენს პარტნიორებთან თავის მართლება გვიწევს. ხელისუფლების მიმართ კითხვის ნიშნები ჩნდება და ამ საკითხში ყველაზე პრინციპულები უნდა იყვნენ.