არც ფიზიკური ძალადობაა სამოქალაქო აქტივიზმი, არც შუღლის გაღვივების სხვა ფორმები. არც მიშა მშვილდაძეა სამოქალაქო აქტივისტი, არც ის, ვინც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ყველას მოუწოდებს, არ გააღვივონ შუღლი ქვეყანაში და ასევე აღნიშნავს, რომ მშვილდაძის განცხადებებს პოლიტიკური მიზანი აქვს.
„შუღლის გაღვივება გახდა სამოქალაქო აქტივიზმი ამ ქვეყანაში და არ არის ეს სამოქალაქო აქტივიზმი. ეს ყველამ უნდა შეიგნოს. მიშა მშვილდაძემ თავის თავს მიხედოს. კაცი, რომელიც დედას იგინება ყოველ ფეხის ნაბიჯზე, მერე იღებს ამაზე პასუხს, საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს მე მგონი პირველ რიგში. რა თქმა უნდა, მას აქვს პოლიტიკური მიზანი, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებს. საკუთარ გულში ჩაიხედოს სინამდვილეში, როცა შეურაცხყოფას აყენებდა უამრავ ადამიანს თავის გარშემო. ისიც არის პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი გამღვივებელი ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველამ იცის.
პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ვერბალური ძალადობის ფაქტები გვახსოვს ჩვენ, მაგალითად სპორტსმენების მიმართ. ლაშა ტალახაძე იყო პირველი, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკოსები, გვარამია და ა.შ. თავს ესხმოდნენ ვერბალური ძალადობის აქტი იყო ეს და მერე მიუსიეს სამოქალაქო აქტივისტები ლაშა ტალახაძეს, რომელიც არის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, შემდეგ იყო თორნიკე შენგელია, შემდეგ იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელზეც განხორციელდა ვერბალური ძალადობა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ როცა „რუბინში“ ატარებდა ბოლო თამაშს, მას ანდეს კაპიტნის სამკლავური. მთელი „ნაცები“, „გირჩელები“ ჩართულები იყვნენ ვერბალური ძალადობის კამპანიაში. ბოლო ფაქტი იყო ნუცა ბუზალაძე, რომელზეც ასევე განხორციელდა ვერბალური ძალადობა აბსოლუტურად სამარცხვინოდ“, - აღნიშნა კობახიძემ.