„საქართველოში ეს ხალხი არავის დასასჯელად არ ჩამოსულა და არც ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგში არ ჯდებიან, აქ საუბარია საქმეზე და არა ვინმეს დასჯაზე ან დაშინებაზე“

„საქართველოში ეს ხალხი არავის დასასჯელად არ ჩამოსულა და არც ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგში არ ჯდებიან, აქ საუბარია საქმეზე და არა ვინმეს დასჯაზე ან დაშინებაზე“

როგორ უზრუნველყოფს საქართველო, რომ არ მოხდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა, რამდენად მისაღებია სისტემა, რომლითაც ქვეყანა ხელმძღვანელობს და ხომ არ არსებობს საფრთხე საქართველო ე.წ. შავ ხვრელად გამოიყენონ? - ეს ის საკითხებია, რომლის განსახილველადაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი და სხვა ჯგუფის წევრები საქართველოს ხელისუფლებასთან დახურულ კარს მიღმა საუბრობდნენ. 2-დღიანი ვიზიტის შედეგები, ბრიტანეთის, ამერიკის და ევოკავშირის წარმომადგენლებმა ბრიფინგზე შეაჯამეს. სანქციების თანაავტორებმა მედიის ყველა შეკითხვას უპასუხეს და ხაზგასმით თქვეს, რომ საქართველოს აქვს სისტემა, რომლითაც სანქციების შესრულების ეფექტური კონტროლი შესაძლებელია.

საერთაშორისო სანქციების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ბრიტანელი მაღალჩინოსანი კუმარ აიერი საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში არ არსებობს სანქციებისთვის თავის არიდების სივრცე. მონიტორინგის ჯგუფის წევრი ვარაუდობს, რომ რუსეთი არ შეჩერდება და ყოველთვის ეცდება სანქცირებული პროდუქციისთვის არალეგალური გზები მოძებნოს. ამიტომაც საქართველოს ამის გაკონტროლებაში უნდა დაეხმარონ.

სანქციების არც ერთ თანაავტორს საქართველოს ტერიტორიის რუსეთის სასარგებლოდ გამოყენება არ დაუდასტურებია, თუმცა ოპოზიციის ნაწილისთვის ეს საკითხი მაინც პოლიტიკური ბრალდების მთავარ თემად რჩება. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მმართველი ძალა სანქციების გვერდის ავლას ხელს უწყობს.

ოპოზიციის განცხადებები კი მმართველი პარტიისთვის სპეკულაციურია. სახელისუფლებო გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ მონიტორინგის ჯგუფის წევრების დასკვნამდეც ოპოზიცია მორიგ არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულებაზე პასუხისმგებელი მაღალჩინოსნების 2-დღიანი ვიზიტი დასრულებულია. საქართველოს შემდეგ მონიტორინგის ჯგუფი სომხეთს ეწვევა.

საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი ვანო მაჭავარიანის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა ხელისუფლებასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს და მათი განცხადებები პოზიტიური იყო. მათ თქვეს, რომ ხელისუფლება მათ ამ საკითხის გადაჭრას დაპირდა. მაჭავარიანი for.ge-სთან ამბობს, რომ აქ საუბარი ორმაგი დანიშნულების საქონელზეა, რომელიც გამოიყენება როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე სამხედრო დანიშნულებისთვის. ამიტომ ხელსიუფლებას წესით, ამ პირობის შესურელება არ უნდა გაუჭირდეს.

„რუსეთთან ამ ომის ფონზე ვაჭრობა გაასმაგდდა და ძალიან ბევრმა რუსმა, თუ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებმა, საქართველოში კომპანიები დაარსეს, რომლის მეშვეობითაც მესამე ქვეყნების გამოყენებით, შავი ხვრელების შექმნა სურთ. მათი მიზანია, რომ საქნციებს გვერდი აუარონ. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ასეთი კომპანიები ცდილობენ, რომ მსგავსი ტვირთბრუნვით რუსეთი მოამარაგონ. ეს არის ცენტრალური აზია და სომხეთი. პრინციპში, ეს საქართველოს ხელისუფლებისთვისაც კარგია, რადგან რუსეთთან გვექნება არგუმენტები, რომ შეიქმნა შემაკავებელი მექანიზმი, მონიტორინგის სახით. ამერიკა, ბრიტანეთი და ევროკავშირი, საქართველოსთან ერთად, გააკონტროლებენ იმ აკრძალული 38 ორმაგი დანიშნულების ტექნიკიდან რა გავიდა და რა არა.

რაც ბრიფინგიდან გავიგეთ, ის არის, რომ ამ ადამიანებს ესმით ჩვენი გეოპოლიტიკური მგდომარეობა და სრულად იციან, რომ ამ სანქციებს ჩვენ ვერ შევუერთდებით, თუმცა აქ არის კონკრეტული მოთხოვნა, რომლის გაკონტროლებაც ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემა არ არის. მათ განცხადებებში ოპტიმიზმი ნამდვილად შეინიშნებოდა და, როგორც ჩანს, რაღაცა ტიპის შეთანხმება ჩვენს ხელისუფლებასთან მოხდა. ხელისუფლებაც ხვდება, რომ კარგი შესაძლებლობაა, რომ რუსეთთან შემაკავებელი ბერკეტი გაჩნდება. ის ბიზნესები, რომელიც რუსებს საქართველოში აქვთ და ასევე ტრანზიტიც ამ ხალხის დახმარებით გაკონტროლდება. დანარჩენზე ამბობენ, რომ გავიგეთ, თვალს ვხუჭავთ და თქვენი სახელმწიფოებრივი ინტერესი გამოძრავებთ, მაგრამ ის რაც შესაძლებელია, რომ გააკონტროლოთ, მოდი, ერთად გავაკეთოთ. როგორც ვხედავთ, ხელისუფლება ამაზე თანახმაა და მოლაპარაკებაც შედგა“,-ამბობს მაჭავარიანი.

რაც შეეხება პერსონალურ სანქციებს, მაჭავარიანი აცხადებს, რომ შეცდომაა, როცა ჟურნალისტებმა არ იციან ამ ჯგუფის ვიზიტის რეალური მიზეზი და სრულიად კონტექსტიდან ამოვარდნილ კითხვებს სვამენ. მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში ეს ხალხი არავის დასასჯელად არ ჩამოსულა და არც ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგში არ ჯდებიან. მათ საქართველო როგორც პარტნიორი, ისე სჭირდებათ, ესმით რომ ხალხი ამ მხარეს არის და ჩვენი ხელისუფლებისგანაც ამის გაგებას ცდილობენ. მათ კონკრეტულ მიმართულებაზე სურთ თანამშრომლობა და არავის დასაშინებლად არ ყოფილან.

„აქ არის საუბარი საქმეზე და არა იმაზე, ვინ დასაჯონ ან დააშინონ. ამ ხალხს უნდა, რომ ჩვენი დახმარებით, რუსეთს არ მიეცეს საშუალება, რომ სამხედრო დანიშნულებისთვის გამოსაყენებელი ტექნიკა მიიღოს და საქართველოში რაღაცა შავი ხვრელები შეიქმნას. არ არის ახალი და გასაკვირი ის ამბავი, რომ ომიდან ევროპაშიც, ამერიკაშიც და ცენტრალურ აზიაშიც ფულის შოვნას ცდილობენ. ამიტომ ევროკავშირი და ამერიკა ცდილობს კონტროლის მექანიზმი გაამკაცროს. აქ ამაზეა საუბარი, რომ საქართველომ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს და ტყუილად არაფერში აღარ დაგვადანაშაულონ. ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგია და „ოცნება“ ხვდება, რომ პირიქით, ამ შანს სათავისოდ გამოიყენებენ. პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ თემის პოლიტიზირება და კონკრეტულ ადამიანებზე სანქციების დაწესებაზე საუბარი ზედმეტი იყო. საქართველოს ხომ არ უთქვამს, რომ არ გავაკეთებთ. ხელისუფლება თანახმაა და რეალობა ასეთია. ამიტომ ყველაფრის პოლიტიზირება შეცდომად მიმაჩნია“,-ამბობს მაჭავარიანი.

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი კი ამბობს, რომ საქართველოს არც ერთი კომპანია ევროპული სანქციების სიაში არ ყოფილა და იმედია არც იქნება. გოგოლაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ აქ საუბარი კონკრეტულად ქართულ კომპანიებზე არ არის. მისი აზრით, ძალიან ბევრი რუსული კომპანიაა საქართველოში დარეგისტრირებული, რომლებიც, დიდი ალბათობით, მსგავს საქმიანობას ეწევა და საქართველოს გავლით, ის ტექნიკა გააქვს, რომელიც სამხედრო დანიშნულების თვალსაზრისით გამოიყენება. ამიტომ ხელისუფლებაც დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ჩვენი ქვეყანა რუსებისთვის ე.წ. შავი ხვრელი არ გახდეს.
„საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ევროპელებმა, ამერიკელებმა გაიგეს და მიხვდნენ, რომ ჩვენი სიტუაცია სხვაა და ვერ შევძლებთ სანქციებს სრულად მიერთებას. ამიტომ ამ ჯგუფის ჩამოსვლის მთავარი მიზანი ის იყო, რომ კონკრეტულ საკითხზე მაინც მოხდეს შეთანხმება, სადაც საქართველოს იმ ზიანს არ მიიღებს, რაც შესაძლოა სანქციების სრულად შეერთების შემთხვევაში მიიღოს. ეს სანქციებზე დე ფაქტო შეერთება გამოდის, მაგრამ ოფიციალურად ეს ასე არ იქნება. საქართველო ამას ბოლომდე გააკონტროლებს. აქ საუბარია იმ ორმაგი დანიშნულების საქონელზე, რომელსაც რუსები იყენებენ, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო დანიშნულებისთვის. ამ კომპონენტში გვთხოვენ, რომ ოფიციალურად არა, მაგრამ პრაქტიკულად სანქციები გავატაროთ. საქართველოს ხელისუფლება ძალიან კარგად ხვდება, რა სახის კონტროლზეა საუბარი და ეს არ გაუჭირდება. ამიტომ ეს ჩვენთვისაც კარგია, რადგან ამ საქონლის გასვლის და ტრანზიტის საკითხი ამერიკის, ბრიტანეთის და ევროკავშირის დაკვირვებით მოხდება. შესაბამისად, აღარ დარჩება იმის სივრცე, რომ ვიღაცამ ამ თემით ჩვენი ქვეყანა სპეკულაციებისთვის გამოიყენოს. მე ვფიქრობ პირიქით, კარგია და ეს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს“,-ამბობს გოგოლაშვილი.