სააკაშვილის ვერტმფრენების თემა კვლავ აქტუალურია. მისი მორიგი განცხადებით, საქართველოს მიერ ფრანგული წარმოების ვერტმფრენების შესყიდვაში საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი სარკოზი პირადად იყო ჩართული. როდესაც ქართული მხარე ამ ვერტმფრენებს ყიდულობდა, თურმე მედვედევის მთავრობა საფრანგეთს სანქციებით დაემუქრა.
„ახლა რომ ამბობენ სამოქალაქოა, თავისთვის უნდოდაო, სასეირნოდ უნდოდაო, საკატაოდ უნდოდაო სააკაშვილს - ცრუობენ. ეს იყო ორმაგი დანიშნულების ვერტმფრენები. სამოქალაქო სახე მიეცა მხოლოდ იმის გამო, რომ რუსული სანქციებისთვის აგვევლო გვერდი.
პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პირადად იყო ჩართული ამის ყიდვაში ისევე, როგორც საფრანგეთის მაშინდელი ტრანსპორტის მინისტრი. მე პირადად დავესწარი ამ ხელშეკრულების ხელმოწერას, რომელიც იყო საქართველოსთვის გარღვევა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც ჩანს, სააკაშვილმა ვეღარ გადაწყვიტა, რომელი დანიშნულება უფრო მომგებიანი იქნებოდა, სამოქალაქო თუ სამხედრო და სკანდალი ახლა უკვე ორმაგი დანიშნულების ვერტმფრენების ირგვლივ გრძელდება. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რეალურად რა დანიშნულება აქვს ამ სკანდალს, რადგან ეს არ არის ყველაზე ძვირადრღირებული ქონება, რაშიც სააკაშვილს საბიუჯეტო თანხები აქვს დახარჯული. მთავრობაში უკვე ვარაუდობენ, რომ საკაშვილის ეს განცხადებები უფრო ევროკავშირის ქვეყნებზეა გათვლილი
სააკაშვილის ვერტმფრენების თემაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე გვესაუბრება.
რამდენიმე დღეა, სააკაშვილი და მისი ადმინისტრაცია განსაკუთრებით აგრესიულ განცხადებებს აკეთებს ვერტმფრენების თემასთან დაკავშირებით. როგორ დაიწყო ეს ისტორია?
- 2010 წელს საქართველოს მთავრობის სახელით ეკონომიკის სამინისტრომ გააფორმა კონტრაქტი კომპანია „ევრო კოპტერთან“. ამ კონტრაქტის შესაბამისად, ქვეყანას უნდა შეესყიდა ორი „სუპერ პუმას“ ტიპის ვერტმფრენი სამოიქალაქო დანიშნულებისთვის. 2012 წლის ბოლოს მოხდა პირველი ვერტმფრების ფორმალურად მიღება, თუმცა ჯერ არ იყო ჩამოყვანილი, 2013 წლის ივნისში მეორე, VIP-ტიპის ვერტმფრების მიღებაც მოხდა და მიმდინარე წლის ივნისში ფაქტობრივად, ორივე ვერტმფრენი ერთდროულად ჩამოვიდა საქართველოში.
2012 წლის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა შეიცვალა, მიმდინარეობდა მსჯელობა, რომ უკეთესი იქნებოდა, ეს ძვირადღირებული ვერტმფრენები გაგვეყიდა და ამ ფასში დამატებით რამდენიმე ვერტმფრენი შეგვეძინა (5-6 მილიონი ევროს ფარგლებში). იდეა გაჩნდა ამ ვერტმფრენების ღირებულებიდან გამომდინარე - საუბარია 55 მილიონ ევროზე (დაზღვევის, საბანკო მომსახურების პროცენტების გათვალისწინებით და ა.შ.), რომელიც სხვათა შორის, ქვეყნის საგარეო ვალში აისახა და ფინანსთა სამინისტროს ორი წლის შემდეგ უწევს ამ ვალის გადახდის დაწყება.
განსაკუთრებული აღჭურვილობის მქონე ვერტმფრენებია?
- სპეციალისტებმა შეისწავლეს ეს ვერტმფრენები. მათი დასკვნით, იმ სპეციფიკაციების გათვალისწინებით, რაც ამ ორ ვერტმფრენს აქვს, შეიძლებოდა, ბევრად უკეთესად ყოფილიყო აღჭურვილი. კარგია, მაგრამ არა ის, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო. ამ ფასად ბევრად უკეთესის შეძენა შეიძლებოდა. აქედან გამომდინარე, ფასი შეუსაბამოა.
გამოდის, რომ ვერტმფრენების გაყიდვის თემა ახალი არ არის...
- შარშან წლის ბოლოდან ეკონომიკის სამინისტროს დავალებული ჰქონდა ამ ვერტმფრენების გასხვისება, ეს ინფორმაცია საჯარო იყო და შარშან, დეკემბერშიც კეთდებოდა ამის შესახებ განცხადებები. რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად ვცდილობდით მყიდველის მოძებნას, მაგრამ ეს არ არის ის ტიპიური ქონება, რომელიც შეიძლება, ასე მარტივად გაასხვისო. თუმცა ტექნიკური საკითხები პრობლემა არ ყოფილა, მთავარი იყო ფასი. საშუამავლო კომპანიაც კი დავიქირავეთ, ბევრი საინტერესო მყიდველიც გამოჩნდა, სხვა ქვეყნების სახელმწიფო უწყებებისგანაც იყო დაინტერესება, მაგრამ ფასის გამო ყველამ უარი თქვა.
როდესაც საშუამავლო კომპანიას ვთხოვეთ, ეჩვენებინა სტატისტიკა, ამ ტიპის ვერტმფრენები რა ფასად იყიდებოდა, აღმოჩნდა, რომ ძალზე არასახარბიელო სიტუაციაში ვიყავით - ამ ტიპის ვერტმფრენები ბოლო სამი წლის სტატისტიკით, ორჯერ და სამჯერ იაფად იყიდებოდა. ამასთან დაკავშირებით მინისტრმაც გააკეთა განცხადება - მთავრობას არ უღირს რომ ფასი ორჯერ და სამჯერ შეამციროს და გაყიდოს, რადგან ვიზარალებთ.
ჯერ კიდევ ველოდებით პასუხს რამდენიმე პოტენციური მყიდველისგან, მაგრამ თუ ფასზე ვერ შევთანხმდით, საბოლოოდ ვიტყვით უარს მათ გაყიდვაზე და ეს ვერტმფრენები ქვეყანაში დარჩება.
დარჩება რა დანიშნულებით?
- ეს არის ისეთი ტიპის ვერტმფრენები, რომელიც ყველანაირი დანიშნულებით შეიძლება იყოს გამოყენებული, მისი სწორი ექსპლოატაციის პირობებში. ეს იმ ტიპის ვერტმფრენებია, რომელიც მართლა ფუფუნების საგანია, მისი მოვლა-პატრონობა ძალიან ძვირი ჯდება, თვეში 100 ათასი ევრო, და ამ მომსახურების ხარჯებში ფრენა არ იგულისხმება.
რაც შეეხება VIP-ტიპის „სუპერ პუმას“, ისეა სალონი მოწყობილი, რომ მისი სამოქალაქო ან სამხედრო დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, უნდა მოხდეს მისი გადაწყობა, რაც ასევე დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. მაღალი კლასის სალონი აღჭურვილია ტყავის სავარძლებით, გაწყობილია ხით. ვერტმფრენი არის 25-კაციანი, მაგრამ მხოლოდ 10 სავარძლის ტიპის ადგილია, დანარჩენი სივრცე უკავია კარადებს, სველ წერტილს და ა.შ...
დანიშნულების გამონახვა შესაძლებელია. არც პრემიერი და არც პრეზიდენტი ყოველდღე არ დაფრინავენ ვერტმფრენით. შესაძლებელია, პირობითად, რომელიმე დელეგაციას მოემსახუროს თბილისი-ბათუმის რეისი განხორციელდეს და ა.შ. თუმცა მას შემდეგ, რაც გადაწყდება მისი საბოლოო დანიშნულება, ალბათ გადაწყობა დასჭირდება, რადგან ამ პირობებში ერთი პერსონის გადაადგილებისთვის იყო განკუთვნილი.
ვინმემ გაარკვია, რა საჭირო იყო ორი ვერტმფრენი ერთი ადამიანის კომფორტისთვის?
- ამ ყველაფერს გრიფით საიდუმლო ედო და თავისუფლად საუბარიც არ შეიძლებოდა. ამ ვერტმფრენების შესყიდვის საკითხშიც რამდენიმე სახელმწიფო უწყება იყო ჩართული - პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სახელმწიფო დაცვის სამსახური, ეკონომიკის სამინისტრო ფორმალურად და თავდაცვის სამინისტროც ფორმალურად, რადგან პილოტების გაწვრთნა- გადამზადება იყო საჭირო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და თავად სააკაშვილმაც გაავრცელეს განცხადება, რომ იმ სიკეთეებით, რაც სააკაშვილმა მოუტანა საქართველოს დღეს უკვე პრემიერ-მინისტრიც სარგებლობს და მის მიერ შეძენილი თვითმფრინავით დაფრინავს. რამდენად ზუსტ ინფორმაციაზეა ლაპარაკი?
- პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა თქვა, რომ თითქოს ეს თვითმფრინავი შარშან შეიძინა პრეზიდენტმა, რასაც შემდეგ ერთი ამბავი მოჰყვა; რომ არჩევნების შემდეგ ჩამოართვეს პრეზიდენტს და ახლა ამ თვითმფრინავით პრემიერი დაფრინავს.
ეს ასე არ არის, რეალურად ეს არ იყო პრეზიდენტის ნაყიდი, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული თვითმფრინავი. ეს იყო კერძო კომპანიის თვითმფრინავი, „საქართველოს სალიზინგო კომპანიაა“ მისი მესაკუთრე. ყველა თვითმფრინავს სჭირდება მომსახურე კომპანია და „საქართველოს ავიახაზები“ ემსახურება მას.
პრემიერს, მხოლოდ ორჯერ, ისიც, როგორც კერძო პირს დასჭირდა ამ თვითმფრინავით სარგებლობა და საფასური გადაიხადა საკუთარი და არა საბიუჯეტო თანხებიდან. რეალურად, პრემიერი სულ სხვა კომპანიის მომსახურებით სარგებლობს და არა ამ თვითმფრინავით.
როგორც ჩანს, განცხადებებზე პასუხს არ ელოდნენ და მათი ბრიფინგი და განცხადებები სიცრუე და პროვოკაცია უფრო იყო, ვიდრე რელური და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისათვის.
სააკაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხში თავის დროზე რუსეთიც იყო ჩართული, რომ მედვედევი და პუტინი ემუქრებოდნენ სარკოზის რომ თუ საქართველოს ამ ვერტმფრენებს მიჰყიდით, „ევრო კოპტერს“ რუსეთში არ შემოვუშვებთო. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, დოკუმენტაციაში რა დანიშნულება იყო მითითებული? სამხედრო დანიშნულება არის თუ არა სადმე ნახსენები?
- მითითებული იყო, რომ ეს იყო სამოქალაქო დანიშნულებისთვის, თანაც თუ გავითვალისწინებთ მის აღჭურვილობას, განსაკუთრებით VIP ტიპის ვერტმფრენისას, ლოგიკურად მივდივართ იქამდე, რომ ის პირველი პირისთვის იყო განკუთვნილი. ტყავის სავარძლები, ფუფუნების საგნები, მითუმეტეს, 10 კაცზე გათვლილი, სამხედრო დანიშნულების რომ ვერ იქნებოდა, ალბათ ყველა მიხვდება.
არც ერთ კონტრაქტში სამხედრო დანიშნულება ნახსენები არ არის, „ევრო კოპტერი“ არ არის ის კომპანია, რომელიც ისე გაყიდის ვერტმფრენს, ზუსტად რომ არ იცოდეს, რა დანიშნულებით გამოიყენებენ.
გარდა ამისა, ვერტმფრენები გატარებულია სამოქალაქო რეესტრში და არა სახელმწიფო რეესტრში. სწორედ სახელმწიფო რეესტრში ხდება სამხედრო დანიშნულების ტექნიკის გატარება.
რაც შეეხება რუსეთს, დავუშვათ, რომ რასაც სააკშვილი ამბობს - მართალია, სამხედრო ვერტმფრენები რომ შეენიღბათ, სამოქალაქო დაერქმიათ და ისე შემოეყვანათ, საინტერესოა, რუსეთი ვერ მიხვდებოდა ამას, თუკი საქმე მუქარამდე იყო მისული?!
რით ახსნით ამ დოკუმენტებზე გრიფი „საიდუმლოს“ დადებას ან სააკშვილის, როგორც ქვეყნის მთავარსარდლის ბრძანებას გაყიდვის აკრძალვის შესახებ? თუ ნამდვილად სამოქალაქო დანიშნულებისაა ეს ვერტმფრენები და სამხედრო აღჭურვილობა საერთოდ არ გააჩნია, უბრალოდ, არალოგიკურია ასეთი ბრძანების გამოცემა...
- ვერ გეტყვით რატომ დაადეს თაქვის დროზე გრიფი „საიდუმლო“ (ახლა მოხსნილია), ალბათ იმიტომ, თვითონაც ხვდებოდნენ, არ იყო ამხელა თანხების ხარჯვა გამართლებული...
რაც შეეხება ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის სახელით გამოცემულ ბრძანებას ამისი ახსნა მარტივად არის შესაძლებელი, სააკაშვილი თვითონაც მიხვდა, რომ პრეზიდენტს სახელმწიფო ქონების გაყიდვის აკრძალვის უფლება არ აქვს. სხვათა შორის, მსგავსი ბრძანების გაცემის უფლება არც ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს აქვს. კონსტიტუციაში ცალსახად წერია, რომ მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოსილების ფარგლებში შეუძლია ბრძანებების გამოცემა როგორც პრეზიდენტს, ასევე ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს და არსად არ წერია, რომ მას რაიმე ნივთის გასხვისების აკრძალვა შეუძლია.
ამის გარდა ბრძანების ერთ პუნქტში გვიკრძალავენ ამ ვერტმფრენების გაყიდვას ან განკარგვას, ხოლო მეორე პუნქტში მის მოვლა-პატრონობას გვავალებენ. განკარგვაში კი მოვლა-პატრონობა და თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში გადაცემაც შედის.
მაინც ვთვლი, რომ პრეზიდენტის მხრიდან ხალხის ფართო მასებზე ორიენტირებული ერთჯერადი განცხადებები გაკეთდა, იმის ხაზგასასმელად, რა ცუდია დღევანდელი მთავრობა. თავიდანვე დაიწყეს ცრუ ინფორმაციის გავრცელება, ჩვენს განცხადებებს ასევე ცრუ ინფორმაციებს უპირისპირებენ და საბოლოოდ თვითონვე აერიათ ყველაფერი.