ლევან ბერძენიშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე - ესენია ოპოზიციის რადიკალური ფრთის ის ნაწილი, რომლებსაც მოქალაქეებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენეს, რადგან გამოირჩევიან რადიკალური განცხადებებით და განსაკუთრებით ეკლესიის წინააღმდეგ. მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი აცხადებს, რომ სცემა მიშა მშვილდაძეს და დამალვას არ აპირებს. იგი მშვილდაძის ცემის მიზეზად ეკლესიის, ჯვრის შეურაცხყოფას, პატრიარქის გინებას და მამათმავლების დაცვას ასახელებს. ნიკოლოზ გუგეშაშვილი ამბობს, რომ მშვილდაძე მას და მის მეგობრებს სოციალურ ქსელში აგინებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ „ირაკლი კობახიძეები“ და სხვა „რუსული ოცნების“ ხელმძღვანელები პირდაპირ ავალებენ, იძალადონ ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანზე.
ბრალდებას არ იზიარებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე: „ამ მართლა ნაგავმა ხალხმა მე „პუტინისტი“ დამიძახოს და პასუხი არ გავცე? ამას მეუბნებით?“, - ამბობს ის და დასძენს, რომ ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ ზურა ჯაფარიძეზე, მიშა მშვილდაძეზე მოძალადე დააჯერეს, რომ ფიზიკური თუ ვერბალური ძალადობა არის სამოქალაქო აქტივიზმი.
„ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი. მთელი ამ პერიოდის - თვეებისა და წლების განმავლობაში ჩვენ ვისმენდით ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს, გამოსვლებს, სიუჟეტებს და ა.შ. იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც აჭარის უმაღლეს საბჭოში ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა, მათ თავზე დაამხეს ნაგვის ურნა და ამის წამახალისებელი სიუჟეტები კეთდებოდა ტელევიზიებში. პოლიტიკოსები აკეთებდნენ ამის წამახალისებელ განცხადებებს, ელჩების დუმილიც იყო ამის წახალისება.
ადამიანი, რომელიც პოლიციელებს ცეცხლს უკიდებდა, ლამის, გმირად გამოაცხადეს იგივე ადამიანებმა. ეს ყველაფერი არის ძალადობის წახალისება. როდესაც ადამიანები პირდაპირ რუსთაველზე გამოდიოდნენ და იგინებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ ადამიანებს, ეს კონკრეტული ელჩის მხრიდან შეფასდა, როგორც გამოხატვის თავისუფლება. ეს არ შეიძლება. ეს ადამიანები ძალადობას არქმევდნენ სამოქალაქო აქტივიზმს და ეს ბევრმა დაიჯერა“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.
საპატრიარქოსა და სასულიერო პირების მიმართ გაჩაღებული აგრესიულ კამპანიას, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია და მასთან ასოცირებული მედია აწარმოებს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა, რომლის განცხადებით, კარგად ესმით, რა დიდი მოთმინებაა საჭირო, რომ აგრესიითვე არ უპასუხოს ადამიანმა შეურაცხმყოფლებს და რეალურად იფიქრონ, როგორ დაიძლიოს ეს უარყოფითი მუხტი.
„ბოლო დროს, ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან გახშირდა მცდელობა, უკანასკნელ პერიოდში მომხდარი ინციდენტების (ცემის ფაქტები) პასუხისმგებლობის ვექტორი საპატრიარქოსკენ მომართოს, რადგან, მათი თქმით, პატრიარქი ახსენეს ასეთი ინციდენტის დროს. პირველ რიგში, გარკვევით ვაცხადებთ, რომ საპატრიარქოს არაერთგზის დაუყენებია საკითხი საზოგადოებაში პოლარიზაციის პრობლემის შესახებ. საპატრიარქოსა და სასულიერო პირების მიმართ გაჩაღებული აგრესიული კამპანიის ფონზე, ჩვენ კარგად გვესმის, რა დიდი მოთმინებაა საჭირო, რომ აგრესიითვე არ უპასუხოს ადამიანმა შეურაცხმყოფლებს და რეალურად ვიფიქროთ, როგორ დაიძლიოს ეს უარყოფითი მუხტი.
ვთხოვთ ყველას, უბრალოდ, გავიხსენოთ სატელევიზიო სიუჟეტები, მათი გააფთრებული (არ მოვერიდები ამ სიტყვას გამოყენებას) საჯარო გამოსვლები მიტინგებსა და აქციებზე, ინტერვიუები, რომლებიც აღსავსე იყო სასულიერო პირების, მათ შორის - პატრიარქის, დაცინვითა და ქილიკით, შეურაცხყოფით, ძალადობისკენ მოწოდებით. ამ დროს კი საპატრიარქოს მხრიდან მსგავსს ვერაფერს აღმოვაჩენთ. რჩება შთაბეჭდილება, რომ პროვოკაცია, ხშირ შემთხვევაში, წინასწარ იგეგმება, რათა შემდეგ, თუ ვინმე მის საპასუხოდ ძალას გამოიყენებს, კვლავ საპატრიარქოს წინააღმდეგ იქნას მომართული მედია საშუალებები“, - აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.
„ნაციონალური მოძრაობა“ ძალადობით იმუქრება. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, არაფრის გატარებას არ აპირებენ და როდესაც თავს დაესხმებიან, „ძალიან მძიმედაც მიიღებენ“. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ამის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელსაც სძულს ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქე და მასზე ყოველდღიურად ძალადობს, და რაშიც, მისი თქმით, ძალიან დიდ ფულსაც იხდის, თუმცა ხაბეიშვილს ამ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
„იმ პირობებში, როდესაც მისსავე პარტიას ხელმძღვანელობს „კაგებეშნიკის“ ოჯახში გაზრდილი კობახიძე, რომლის პრემიერ-მინისტრიც გახლავთ მისი შვილის პირადი სათამაშო ირაკლი ღარიბაშვილი, ცხადია, ამ რუსებს, პუტინისტებს, პატარა კაცუნებს არაფერი დარჩენიათ გარდა იმისა, რომ თავს დაესხან ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს და ეცადონ, რომ დააშინონ. მინდა, საზოგადოებას მოვუწოდო და ვუთხრა, ჩემო ძვირფასებო, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება თავად აორგანიზებს, თავად არის შემსრულებელი და ზონდერიც, რომლებსაც აორგანიზებენ ეს „ჩმორები“, ჩვენ მოგვიწევს აუცილებელი მოგერიების პირობებში თითები, ხელები დავალეწოთ ბექა ოდიშარიას მსგავს, კობახიძის მსგავს და ღარიბაშვილის მსგავს „ჩმორებს“, პირდაპირი მნიშვნელობით! არაფრის გატარებას არ ვაპირებთ და როდესაც თავს დაგვესხმებით, ძალიან მძიმედაც მიიღებთ, თუ, რა თქმა უნდა, მუხანათურად, ჩუმად და ჩასაფრებით არ გააკეთებთ. „კაგებეშნიკის“ ოჯახში გაზრდილ ირაკლი კობახიძეზე, რომელმაც წინასწარ დააანონსა ეს ყველაფერი, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას. პირველ რიგში, მასზე, ირაკლი ღარიბაშვილზე, მამუკა მდინარაძეზე და ბექა ოდიშარიაზე, რომელიც რამდენიმე დღეა გვაფრთხილებს ამ თავდასხმების შესახებ“, - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ლევან ხაბეიშვილმა.
უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიმართა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პარლამენტში მისვლის თაობაზე უმრავლესობის დეპუტატები გააფრთხილონ.
„ბატონო თავმჯდომარე, მინდა თხოვნით მოგმართოთ, ჩვენი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ხაბეიშვილი ხელების დამტვრევით დაგვემუქრა. ჯერ ერთი, თან ძალადობას გმობს და თან ხელების დამტვრევით რომ გვემურება, ეს როგორ ჯდება ერთმანეთში, არ ვიცი, თუმცა ჩემი თხოვნა იქნება: ლევან ხაბეიშვილი დამუქრების შემდეგ ჯერ არ გამოჩენილა და იქნებ შეგვატყობინოთ, როცა ხაბეიშვილი პარლამენტის შენობაში შემოვა, რათა უკეთესად მოვემზადოთ, პრევენციული ღონისძიებები გავატაროთ, ხელებს გავუფრთხილდეთ და არ დავამტვრევინოთ მას“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ რამდენიმე დღის წინ დააანონსა, რომ ვიც „ქართულ ოცნებას“ პრორუსს დაუძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში, ჯერ მორალურად და თუ არ მოისვენებს, შეიძლება ცოტა მეტიც მიიღონ. ოდოშარიას თქმით, არ დაუშვებს, რომ მისმა შვილებმა მოისმინონ ბრალდებები, თითქოს ის პრორუსულ ძალას წარმოადგენს. შესაბამისად, მისივე განმარტებით, მსგავსი სახის ბრალდებების ავტორები პასუხს მიიღებენ.
„ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში. ჯერ მორალურად მიიღებს და თუ არ მოისვენებს, შეიძლება მერე ცოტა მეტიც მიიღოს. არ დავუშვებ, რომ ჩემი სამი შვილი ისმენდეს, რომ მე პრორუსულ ძალას (წარმოვადგენ) და საერთოდ, თურმე ქართული კულტურა არის პრორუსული. ცოტა, ენას კბილი დააჭირეთ, კბილები მარტო იმისთვის არ არის, რომ საღეჭი რეზინი ღეჭოთ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, საქართველოს არასოდეს ჰყოლია, ისეთი დაუნდობელი, გარედან დაფინანსებული, ქვეყნის მოძულე და ყველაფრის მკადრებელი შინა მტერი, როგორიც ახლა ჰყავს „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტების სახით. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ესენი არიან მეხუთე კოლონის წარმომადგენლები.
„რევოლუციური სისხლიანი გადატრიალებისათვის ამზადებენ უსამშობლოდ ქცეულ, გაუნათლებელ ახალგაზრდობის მცირე ნაწილს. ამისთვის მათ ასწავლიან ქვეყნის დაქცევა-დანგრევის უახლეს ყოველგვარ საშინელ ფორმებს. უტარებენ ტრენინგებს, ავარჯიშებენ იარაღის ხმარებაში ე.ი. სავარაუდოდ, ამზადებენ თანამემამულეთა მიმართ მომავალი სისხლიანი ბატალიებისათვის!
სიხარულით ეგებებიან და აწვდიან ცრუ ინფორმაციებს უცხოეთიდან მოვლენილ ემისრებს, რომლებიც ეძებენ საქართველოს ვითომდაც სანქციების დარღვევის თითოეულ ფაქტს - მაცივრების, სარეცხის მანქანების, ტელევიზორების...
ჩიპებზე. ბღავიან ჩრდილოეთიდან ჩამოსულ ტურისტებზე. ცდილობენ გამოიწვიონ დესტაბილიზაცია.
არაა გამორიცხული, პანიკა გამოიწვიონ და ჩაშალონ ტურისტული სეზონი ქვეყანაში და ამ მიზნით მოახდინონ რაიმე სახის საშინელი პროვოკაციები! მიზანი ერთია-საქართველოში გამოიწვიონ მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება; ძალადობრივი გზით ჩამოაგდონ ხელისუფლება; დაბრუნდნენ თავად ხელისუფლებაში და ქვეყანა ჩართონ მიმდინარე ომში. ყოველივე ეს ხელისგულზე დევს“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.