მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა, ჩნდება კითხვები - სად წავა გვარამია, რომელიც ენმ-ის იდეოლოგად ითვლებოდა, ქართულ პოლიტიკაში აქტიურად იყო ჩართული. როგორც ციხიდან გამოსულმა გვარამიამ განაცხადა, ის „მთავარი არხის“ დირექტორი აღარ იქნება, ამიტომ გაჩნდა ვარაუდი, რომ გვარამია პოლიტიკაში ოფიციალურად ჩაერთვება. ასევე კულუარული ინფორმაციით, შესაძლოა შემოდგომაზე ლევან ხაბეიშვილი ნიკა გვარამიამ ჩაანაცვლოს, მით უმეტეს მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელიც „მოულოდნელად“ გამოჯანმრთელდა და ქართულ პოლიტიკაში „დაბრუნდა“, გვარამია მისაღები კანდიდატურაა. თუკი პარტია ლევან ხებიშვცილის მეთაურობით 2024 წლის არჩევნებზე გავა, ანალიტიკოსები for.ge-სთნა მიიჩნევენ, რომ ეს პარტიისთვის კატასტორფა იქნება. ხაბეიშვილი უკვე პოლიტიკურ კლოუნად იქცა, რომელსაც სერიოზულად თავად „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველიც აღარ აღიქვამს. ამიტომ, მათი ვარაუდით, გვარამია არის ის ფიგურა, რომელიც ენმ-ის ყველა ფლანგისთვის მისაღები იქნება.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ გვარამიას პროცესების რადიკალიზება და კიდევ უფრო პოლარიზება შეუძლია და ტყუილია იმაზე საუბარი, თითქოს მისი გათავისუფლებით ეს პრობლემა აღმოიფხვრება. პირიქით, პოლიტიკური ორპოლუსიანობის ახალი სერია იწყება და სხვა ოპოზიციონერებმა თუ ხელი არ გაანძრიეს, ახალი სტრატეგია არ შეიმუშავეს და არ გამსხვილდნენ, დარჩებიან „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ დაპირისპირების პოლიტიკურ კომენტატორებად, რომელთა მომავალი 2024 წლის არჩევნებში საერთოდ გაუგებარი ხდება.
„ნიკა გვარამიას გათავისუფლება ვერავითარ კავშირში ვერ იქნება კანდიდატის სტატუსთან, პირიქით, გვარამიას გათავისუფლება პირველი პუნქტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, რაც დეპოლარიზაციას გულისხმობს. გვარამია, რომელიც იყო ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის ერთ-ერთი წყარო, გაათავისუფლა პრეზიდენტმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის პირდაპირ დაუპირისპირდა დეპოლარიზაციის ინტერესს. შესაბამისად, ეს არის სწორედ 12 პუნქტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით, ნიკა გვარამია პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვება და „ნაციონალურ მოძრაობაში“ გარკვეული ცვლილებები დაიწყება.
„დიდი ალბათობით, ნიკა გვარამია შემოდგომაზე ლევან ხებიშვილს ჩაანაცვლებს და ენმ-ის თავმჯდომარედ მოგვევლინება. არ ვიცი, მერაბიშვილთან მას რა დამოკიდებულება აქვს, მაგრამ როგორც ვიცი, მასთან რაიმე პირადი პროებლემები არა აქვს და ასევე, დავით კეზერაშვილთანაც თანამშრომლობს. არაერთხელ ითქვა, რომ კეზერაშვილი „მთავარ არხს“ გვარამიას ციხეში ყოფნის დროს აფინანსებდა და იყიდა კიდევაცო. ასევე, მას კარგი ურთიერთობა აქვს მიხეილ სააკაშვილთან და მის ოჯახთან. გვარამიას სანამ დაიჭერდნენ, ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი იდეოლოგი იყო.
ეს ხალხი თავის დროზე ერთ გუნდში იყვნენ და ერთმანეთთან პრობლემები არ აქვთ. ფაქტი ერთია, ხაბეიშვილის და მისი გუნდის „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოსვლამ შედეგის მოტანის ნაცვლად, პარტიის უკან-უკან წასვლა გამოწვია. პარტია დაშლის პირას არის და მელიას ფრთა თითქმის პარტიიდან გამოყოფილია. ხაბეიშვილი გნებავთ ინტელექტუალური და გნებავთ პოლიტიკური კუთხით, იმაზე სუსტად გამოიყურება, ვიდრე ნიკა მელიას დროს იყო. ამიტომ ხაბეიშვილის მეთაურობით არჩევნებზე მისვლა სრული აბსურდია, რადგან ეს ახალგაზრდა კაცი უკვე კომიკურ ფიგურად არის გადაქცეული. გვარამიას შეუძლია პარტიის გაერთიანებაც, რადგან ის ნიკა მელიასთანაც მეგობრობს და თუ თავმჯდომარე გახდება, ეს პრობლემაც მოიხსნება“, - ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, გვარამია ახლა ენმ-ში ყველაზე სასურველი კანდიდატია, რომ ლიდერი გახდეს. მისი ინტელექტუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ძაბირაძე მიიჩნევს, რომ გვარმიას დასავლეთთან და საერთაშორისო ასპარეზზეც კომუნიკაცია არ გაუჭირდება. ყველაზე მეტად ახლა ამ „ტროიკას“, რომელსაც მერაბიშვილი-კეზერაშვილი და ადეიშვილი შეადგენენ, გვარამიას მსგავსი ფიგურა სჭირდება.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას ენმ-ის თავმჯდომარედ დანიშვნას დავით კეზერაშვილი არ დაუშვებს, რადგან მისი ინტელექტუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გვარამიას მართვა გაუჭირდებათ. მერაბიშვილ-კეზერაშვილისთვის, აბაშიძის აზრით, ქუჩის აქტივისტი პარაზიტები - ლევან ხაბეიშვილი და მისი გუნდი, უფრო ადვილი სამართავები არიან. თუმცა, გვარამიას პროცესების გამწვავება და დესტრუქციისკენ წაყვანა შეუძლია. ამიტომ ის სჭირდებათ, თუმცა არა პარტიის სათავეში.
„გვარამია არ მგონია ხაბეიშვილის ჩამნაცვლებლად მოგვევლინოს. მე უფრო ვფიქრობ, რომ გვარამიას გარშემო პარტიიდან წამოსული ნაციონალები მოგროვდებიან. არ გამოვრიცხავ, რომ თუკი საქმე უკიდურეს რადიკალიზმზე გადავა, გვარმია იყოს სწორედ ის ფიგურა, რომელიც ენმ-იდან წასულ ყველა ნაციონალს თავს მოუყრის. აქ ვგულისხმობ ჯაფარიძეს, ვაშაძეს, ხოშტარიას, ნუ, ბოკერიას, ალბათ, უფრო ნაკლებად, მაგრამ ამ ხალხის ისევ ნაციონალებ ის ქოლგის ქვეშ გაერთიანებას არ გამოვრიცხავ.
გვარამია პარტიაში ახლა ძალიან სჭირდებათ, თუმცა მას მართვის სადავეებს მერაბიშვილი და კეზერაშვილი არ დაუთმობენ. მერაბიშვილი და ხაბეიშვილი ერთად რომ ავიღოთ, ნიკა მელიას ინტელექტის საპირწონე მაინც ვერ გახდებიან. მე მგონია, რომ ხაბეიშვილთან გვარამია არ ითანამშრომლებს, მაგრამ 2024 წლის არჩევნებია და შესაძლოა, უბრალოდ დაზავდნენ, რომ მას თავს არ დაესხას. თუმცა, აი, მასთან რა სახის კომუნიკაცია შეიძლება გვარამის ჰქონდეს და როგორ ითანამშრომლებენ, ამის წარმოდგენა ცოტა მიჭირს. უფრო მელიასთან აქვს კარგი ურთიერთობა, მაგრამ არჩევნები მოდის და შესაძლოა, გვარამიას ინტელექტი და გამოციდლება გამოიყენონ“, - ამბობს აბაშიძე.