პარიზის გარეუბანში პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად 17 წლის მოზარდის დაღუპვას არეულობა მოჰყვა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
დემონსტრანტებმა ნაგვის ურნებსა და ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს, სასწრაფო დახმარების მანქანებს ქვები დაუშინეს, ხოლო ქუჩებში ბარიკადები აღმართეს.
გავრცელებული ცნობით, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაკავებულია 15 ადამიანი.
პარიზის გარეუბანში, ნანტერში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გუშინ, პოლიციის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად 17 წლის მოზარდი დაიღუპა. მოზარდმა, სავარაუდოდ, უარი თქვა მანქანის გაჩერებაზე მას შემდეგ, რაც პოლიციამ ამისკენ მოუწოდა.