რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ათი პაკეტის მიუხედავად, მარტში ესტონეთმა რუსეთთან ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,17 მილიონი ევროთი გაზარდა. რუსეთში ექსპორტი 57 მილიონი ევროდან 74 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ესტონეთის სტატისტიკის სამსახურის ცნობით, ექსპორტირებული პროდუქციის უმეტესი ნაწილი საზღვარგარეთიდან შემოსული საქონელია და მიმდინარე წლის მარტში ესტონურმა პროდუქტებმა რუსეთში ექსპორტის მხოლოდ მეოთხედი შეადგინა.
მიუხედავად ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოთქვამს შეშფოთებას ნებისმიერ იმ ქვეყანასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ან სხვა ზომების სანქციების თავიდან არიდებას შეეცდება. როოგრც პრესპიკერმა მეთიუ მილერმა განმარტა, აშშ მუდმივად განიხილავს გზებს, რომლითაც შეუძლიათ ან გამკაცრდეს სანქციები, ან მკაცრი ზომები მიიღონ ნებისმიერი ფიზიკური პირის ან კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს თავიდან აიცილოს ისინი.
საქართველო კი, ის ქვეყანაა, რომელსაც როგორც შიდა ოპოზიცია, ასევე მასთან დაახოლებული უცხოური ძალები ბრალს უყენებენ იმაში, რომ საქართველო სანქციერებულ ტვირთს ატარებს რუსეთის ტერიტორიაზე. საქართველოში ვიზიტად იმყოფრბა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩ ჯიმ ობრაიენსი, რომელმაც შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან მიმართებაში საქართველოს მუდმივ კოორდინაციაზე ევროკავშირთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან.
ხაზი გაესვა სანქციებისთვის თავის არიდების პრევენციის მიზნით საქართველოს შესაბამისი სამსახურების ეფექტურ მუშაობას და ამ მიმართულებით, როგორც საქართველო-ევროკავშირის, ასევე აშშ-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა პოზიტიურად ფასდება საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
ოპოზიციის მოლოდინი არ გამართლდა. საქართველოს წითელი ბარათი არ აუფრიალეს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც საქართველოს მოუწოდებს, რომ რუსეთს ორმხრივი სანქცია დაუწესოს, ამით საქართველოს მოუწოდებს გარისკოს და რუსეთთან ესკალაციაში შევიდეს.
„დიახ, საქართველო ორმხრივ სანქციებს ნამდვილად არ უწესებს რუსეთს! საინტერესოა, ოპოზიცია მართლა ფიქრობს, რომ რუსეთს სანქციები ნამდვილად უნდა დავუწესოთ? ეს არის მანიპულაცია, მაშინ უნდა თქვან დავუწესოთ თუ არა. ამას ვერ და არ ამბობენ იმიტომ, რომ თვითონაც ხვდებიან რას ნიშნავს სანქციის დაწესება. გავიმეორებ, მნიშვნელობა არ აქვს ქართველი, თუ უცხოელი, ნებისმიერი ადამიანი ვინც საქართველოს მოუწოდებს რუსეთს ორმხრივი სანქცია დაუწესოს, საქართველოს მოუწოდებს, რომ გარისკოს და რუსეთთან ესკალაციაში შევიდეს, რომლის ბოლოში რაც იქნება, კი იცით, ჩემზე კარგად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო სანქციებს არ აწესებს, მაგრამ მკაფიოდ აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ დღემდე არ დაფიქსირებულა სანქციების გვერდის ავლის რამე პრეცედენტი, ბუნებრივია, კომპანიებისა და მაღალჩინოსნების დასანქცირებაზე საუბარი ზედმეტია.
„დღემდე აღიარებულია, რომ საქართველო არავის აძლევს სანქციების გვერდის ავლის საშუალებას. ეს უკვე აღიარებული ფაქტია, ეს აღიარეს საერთაშორისო პარტნიორებმა. რაც შეეხება სპეკულაციებს ამ თემასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ტელევიზია საუბრობდა, თითქოს საქართველოს ხარჯზე ახერხებს რუსეთი საკუთარი ვაჭრობისა და ეკონომიკის გადარჩენას. მინდა, შეგახსენოთ, რომ რუსეთის ვაჭრობაში საქართველოდან ექსპორტის წილი თავისი რეექსპორტებით და ყველაფრით 0.3 პროცენტია.
რუსეთი ვაჭრობს ჩინეთთან, ინდოეთთან, ევროკავშირის ქვეყნებთან. ყოველდღიურად ასეულობით მილიონი დოლარის გადახდა უწევს ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთისთვის. აშშ ვაჭრობს რუსეთთან, ომში მყოფი ქვეყანა უკრაინა დე ფაქტოდ ვაჭრობს რუსეთთან. ყველა ვაჭრობს რუსეთთან და, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყნის შემთხვევაში არის რისკები ხომ?! მაგალითად, ძალიან დიდი ვაჭრობა აქვს ბალტიისპირეთის ქვეყნებს რუსეთთან. ბუნებრივია, იქაც არის სანქციების გვერდის ავლის რისკები. ბუნებრივია, ამით დაინტერესებული არიან საერთაშორისო პარტნიორები. ჩვენც მზად ვართ კოორდინაციისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ასე არ ფიქრობენ ოპოზიციაში. რომან გოცირიძის განცხადებით, როგორც ჩანს, დიპლომატიური არხებით მუშაობამ არ გაჭრა, საქართველო გახდა რუსეთის იზოლაციიდან დახსნის მექანიზმი. მისი თქმით, სანქციებისთვის გვერდის ავლაში პირდაპირ და ირიბად მონაწილეობა ამორალური და დანაშაულებრივია, შესაბამისად, გოცირიძეს მიაჩნია, რომ გამოყენებული იქნას ბერკეტები, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლა.
„ყველამ კარგად იცის, საქართველო არის ტრანზიტული არხი, ფაქტობრივად, რუსეთის ეკონომიკის გადამრჩენი, ვინაიდან თურქეთიდან შემომავალი ტვირთები საქართველოს გავლით შედის რუსეთში. ისევე როგორც საქართველომ გაზარდა თავისი ექსპორტი შუა აზიის რესპუბლიკებში და იქიდან შემდეგ უბაჟო რეჟიმით შედის რუსეთში.
საქართველო რუსეთ-უკრაინის აგრესიის შემდეგ გახდა რუსეთის იზოლაციიდან დახსნის ერთ-ერთი მექანიზმი, მათ შორის საქართველოდან შედის სანქცირებული ტვირთები, ამიტომ არის დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ და შემთხვევითი არ არის სახელმწიფო დეპარტამენტში ორი კვირის წინ გაკეთებული განცხადება, დასავლეთის სახელმწიფოების მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტები“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, როცა ტრილიონები შესდის რუსეთს ევროპისა და ამერიკის ქვეყნებიდან, ამ დროს საქართველოს საკითხით წუწუნი ღიმილის მომგვრელია. მისი თქმით, ამ მხრივ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება ისეთი არის, რომ წესით, დასავლეთს არ უნდა აწყობდეს ამ მხრივ ხაზის გაღრმავება.
„მას მერე, რაც უარი გვითხრეს კანდიდატობაზე, დასავლეთის მიმართ უსამართლობის განცდა ყველა რაუნდზე მატულობს. ბოლო რაუნდი იყო ზეწოლა გვარამიას გათავისუფლებისთვის. შეიძლება დღეს ეს დასავლეთს არ აინტერესებს, მაგრამ ისიც უნდა გააცნობიეროს, რომ თუ საზოაგდოების ფართო წრეებში დასავლეთის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ჭარბად იქნება, ამავე წრეებში რუსეთის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება შეიძლება გაიზარდოს.
საბედნიეროდ, ჯერჯერობით ორივეს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჭარბობს და არაა აიწონა-დაიწონასავით, რომ თუ დასავლეთი არ მოსწონს ე.წ. რუსეთუმეა, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება ასეც მოხდეს. სამწუხაროა, რომ დასავლეთი ამაზე არ ფიქრობს და დგამს ბევრ ისეთ ნაბიჯს, რაც საქართველოს ბედით შეწუხებული ადამიანებისთვის, რომელთა რიგებს მე ჩემს თავსაც მივაკუთნებ, სასურველი არ არის“, - აცხადებს საყვარელიძე.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, საქართველოს ყველა გულშემატკივარს უნდა, რომ სწორედ ევროპული ღირებულებები გადმოიტანოს, რასაც თვითონ ევროპა თავისი დაუფიქრებელი ნაბიჯებით სპობს.
„70 წელიწადი ვიყავით საბჭოთა კავშირში იმიტომ, რომ სხვა გზა არ გვქონდა, ოღონდ საბჭოთა ღირებულებებს არ ვიზიარებდით. არ მინდა, რომ საბჭოთა პერიოდში გამომუშავებული ეს მოდელი და პარტნიორებთან ურთიერთობის წესი გადავიდეს ევოპაშიც, თორემ ქართველებს შეუძლიათ ევროკავშირში გაერთიანების ხათრით ყველაფერზე იქნიონ თავი და შინ ევროპოსკენ იძახონ, მაგრამ რეალური ევროპული ღირებულებები ამ დროს არ გაიზიარონ. საქართველოს ყველა გულშემატკივარს სწორედ ევროპული ღირებულებები უნდა გადმოიტანოს, რასაც თვითონ ევროპა თავისი დაუფიქრებელი ნაბიჯებით სპობს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.