ირაკლი კობახიძე: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მათი „ენჯეოები“ და უცხოელი პატრონები ცდილობენ, ვერბალურ თუ ფიზიკურ ძალადობას დაარქვან სამოქალაქო აქტივიზმი

ირაკლი კობახიძე: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მათი „ენჯეოები“ და უცხოელი პატრონები ცდილობენ, ვერბალურ თუ ფიზიკურ ძალადობას დაარქვან სამოქალაქო აქტივიზმი

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მთლიანად აგებულია ძალადობაზე. როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, მთელი მათი პოლიტიკა აგებული იყო ძალადობაზე და ეს დღესაც ასეა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ ძალადობას ისინი ფუთავენ როგორც სამოქალაქო აქტივიზმს და ამაში მათ ეხმარებიან „ენჯეოები“ და უცხოელი პატრონები. აქ ადგილზე არის მეხუთე კოლონა, აგენტურა, მათ ქვეყნის გარეთ ჰყავთ პატრონები და ყველა ერთად ცდილობს, რომ ვერბალურ თუ ფიზიკურ ძალადობას დაარქვას სამოქალაქო აქტივიზმი. ნებისმიერ მხარეს უნდა ვუთხრათ, რომ ვერბალურ თუ ფიზიკურ ძალადობას ვერავითარი კავშირი ვერ ექნება სამოქალაქო აქტივიზმთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ძალადობისგან და ძალადობისკენ წაქეზებისგან. პირველ რიგში, საქართველოში მოძალადეები არიან „ნაცმოძრაობა“, მისი „ენჯეოები“ და უცხოელი პატრონები. არაძალადობრივ პასუხს მიიღებს ყველა, ვინც ცდილობს, საქართველოში დათესოს აგრესია, რადიკალიზმი და ა.შ. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, საქართველოში დათესოს აგრესია. შემიძლია თავი დავდო იმაზე, რომ ვისაც ვეძახი აგენტს, ისინი არიან აგენტები. მიშა მშვილდაძეზე არ ვიცი, ის არის რიგითის რიგითი, მაგრამ ზურაბ ჯაფარიძე, რა თქმა უნდა, უცხოელი აგენტია. ამას თავისი სახელი დაერქვას. 100 წლის წინ, როდესაც აგენტებს არ დაერქვათ აგენტები, ისინი შემოუძღვნენ სერგო ორჯონიკიძესთან ერთად წითელ არმიას საქართველოში. ამიტომ როცა ვიღაც არის აგენტი, მას აუცილებლად უნდა დაერქვას თავისი სახელი, რათა საზოგადოებამ თავი დაიცვას. მე მაქვს უტყუარი ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები არიან აგენტები“, - აცხადებს კობახიძე.