საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცედურა. პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არანაკლებ 90 ხმით აირჩეს. პარლამენტი ზურაბიშვილის შეთავაზებას არ იზიარებს და მორიგი ვეტოს დასაძლევად ემზადება. უმრავლესობა პრეზიდენტის მორიგი ვეტოს უკან ხედავს საბოტაჟს და იმის ინტერესს, რომ ცესკო-ში ხელოვნურად შეიქმნას კრიზისი.
როოგრც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხედავენ ინტერესს, რომ ცესკო-ში ხელოვნურად შეიქმნას კრიზისი და სწორედ ამის გამო საჭიროა ვეტოს დაძლევა. კობახიძის თქმით, ვეტო თუ არ დაიძლევა, გამოვა, რომ არ არსებობს პროცედურა, რომლითაც ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევა მოხდება.
„ჩვენ ყველა შემთხვევაში დაგვჭირდება ვეტოს დაძლევა, მათ შორის ტექნიკური მიზეზის გამოც. რეგლამენტში ცვლილებები, რომელიც ამ პროცედურას უკავშირდებოდა, უკვე ამოქმედებულია. შესაბამისად, ვეტო თუ არ დაიძლევა, გამოვა, რომ არ არსებობს, უბრალოდ, პროცედურა, რომლითაც ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევა მოხდება. ეს ტექნიკური მიზეზით, თუმცა, მთავარი არის ის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ საბოტაჟის ინტერესს. იმის ინტერესს, რომ ცესკო-ში ხელოვნურად შეიქმნას ინსტიტუციური კრიზისი.
თავის დროზე, როდესაც შესაბამისი პუნქტი ჩაიდო 19 აპრილის შეთანხმებაში, ამ პუნქტის მიზანი სწორედ ეს იყო. მიზანი იყო ცესკოში ინსტიტუციური კრიზისის შექმნა. სწორედ ამის გამო ჩვენ პირველად პროექტს ხელი არ მოვაწერეთ და მხოლოდ გადასინჯულ ვერსიას მოვაწერეთ ხელი. ახლაც ზუსტად იგივე ინტერესს ვხედავთ, რომ ცესკო-ში ხელოვნურად შეიქმნას კრიზისი. სწორედ ამის გამო ჩვენ ვეტოს დაძლევა გვჭირდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აქვე დასძინა, რომ კონსულტაციები გაგრძელდება, თუმცა, ამ ეტაპზე ვეტო არის დასაძლევი.
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებულ მორიგ უსამართლო ვეტოზე იმსჯელებენ, რა შეიძლება იყოს ამის პასუხი. თუმცა, მისი თქმით, ცესკო-ს დაკომპლექტების მოქმედი წესი გაუმართლებელია.
„პრეზიდენტის მხრიდან უკვე არაერთხელ ვიხილეთ საკმაოდ უსაფუძვლო და უსამართლო ვეტოები. პრეზიდენტის მორიგ ვეტოს გავეცნობით და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება იყოს ამის საპასუხო, თუმცა ცესკო-ს დაკომპლექტების დღეს მოქმედი წესი არის გაუმართლებელი. ფერხდება სახელმწიფო ინსტიტუტის მუშაობა. მნიშვნელოვანია, ცესკო-ს მუშაობა გამართული იყოს, რათა ქვეყანაში არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს, ადმინისტრაცია ფუნქციონირებადი იყოს. ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც საქართველოს ინტერესებს სჭირდება“, -აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.
ოპოზიციონერი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ევროპული რეკომენდაციის შესაბამისად მოქმედებს, მაგრამ „ქართული ოცნება“ მოქმედებს პარტიული დღის წესრიგით.
„ეს საკითხი იყო შეთანხმებული 19 აპრილის შეთანხმებით და ეს საკითხი ახსენა ევროკომისარმაც თავის გამოსვლაში ზეპირი მოსმენის დროს საქართველოსთან დაკავშირებით. შეთანხმება იყო 90 ხმით, კონსენსუსით არჩევა და „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ პარტიული აქტივისტები უნდა დანიშნოს ცესკოში და მათ შეარჩევს მათი პოლიტსაბჭოს წევრი პაპუაშვილი. იცის „ქართულმა ოცნებამ“ რომ უჭირს და ყველანაირ ოქმს რომ ხელს მოაწერს, ასეთი ადამიანები უნდათ შეიყვანონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
პრეზიდენტი ევროპული რეკომენდაციის შესაბამისად მოქმედებს ამ შემთხვევაში, რომ ქვეყანას პრობლემა არ შეექმნას, მაგრამ „ქართული ოცნება“ მოქმედებს პარტიული დღის წესრიგით და სურს ისეთი ადამიანების არჩევა ცესკოში, რომლებიც ნებისმიერ ოქმს მოაწერენ ხელს, მათ შორის, ისეთს, რომელშიც შეიძლება ჩაწერონ რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე 70 პროცენტი მიიღო“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მცდელობას, ყველაფერი გაკეთდეს, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, მიესალმება „ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი, რომლის თქმით, ევროკავშირის შეფასებებზე გავლენას ახდენს გადაწყვეტილებები, რომელსაც მმართველი უმრავლესობა იღებს.
„თუ ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარება, ვინ აგრძელებს ქვეყნისთვის ევროპული კურსის საბოტაჟს, ვურჩევ წაიკითხოს ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა ევროკავშირის შუალედურ შეფასებაში, რომელიც არის ძალიან მძიმე, რადან ერთ წლის განმავლობაში შესრულებულია სამი მოთხოვნა. ერთადერთი, ვინც გავლენას ახდენს ევროკავშირის შეფასებებზე, ეს არის გადაწყვეტილებები, რომელსაც იღებს მმართველი უმრავლესობა პარლამენტის დარბაზში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ვეტო საარჩევნო სისტემაში არსებულ ცვლილებებზე სწორი გადაწყვეტილება იყო. რაქვიაშვილი იმასაც ამბობს, რომ თუ არჩევნებზე პრობლემა შეიქმნება, პასუხისმგებელი მმართველი გუნდი გახდება.
„ამ შემთხვევაში ვეტო სწორი იყო. მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად შეიძლება არც არაფერი არ მოხდეს ერთპარტიული ცესკოს თავმჯდომარის გამო, თუ არჩევნებზე პრობლემა შეიქმნა, როგორც იყო 2020 წლის არჩევნების შემდეგ - ბუნებრივია, კონსენსუსით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე ბევრად უფრო ეფექტიანი იქნებოდა.
როცა ადამიანს ბევრი პარტიის მხარდაჭერა აქვს უფრო მეტი თავდაჭერა ექნება და რესურსი, რომ მედიაციის როლი შეასრულოს. „ქართულმა ოცნებამ“ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და თუ რამე პრობლემები შეიქმნება არჩევნებზე, ცხადი იქნება, რომ ამ ნაწილში პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე „ქართულ ოცნებას“ ექნება“, - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
დეპუტატი, „ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ პრეზიდენტი საქართველოს ინტერესებს დიდი ხანია აღარ ემსახურება, თუმცა არ აკონკრეტებას, რომელი ქვეყანის ინტერესებს ემსახურება სალომე ზურაბიშვილი.
„სალომე ზურაბიშვილის მსგავსად სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა წინამორბედი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ გაახსენდა, რომ თურმე ქართულ პოლიტიკაში აქტიურად უნდა ჩაერთოს, მაგრამ სანამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ახალი განცხადება გამოაქვეყნა, მიმართა ჩრდილო-კავკასიის ერებს და თავის წერილი ასე დაასრულა: „მოახლოებულ გამარჯვებაში ურყევად დარწმუნებული, კავკასიის შვილი და უკრაინის ამაყი მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი“.
ისევ დაავიწყდა, რომ ის არის ქართველი. ამას აღარც ახსენებს. კი, ტექსტში ამბობს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია, მაგრამ ისევ დაავიწყდა, რომ ეს მისი სამშობლოა. ამ ადამიანებს სამშობლო არ აქვთ და მათ კუთვნილებას ისე კარგად არაფერი არ ასახავს, როგორც სიტყვა - უსამშობლოები. ხშირად, პარლამენტში ვისმენთ ოპოზიციონერი ლიდერებისგან, რომ უკრაინა მათი მეორე სამშობლოა; გვყავს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად, რომლისთვისაც სხვა ქვეყანაა მართლა მეორე სამშობლო და გვქონდა იმედი, რომ მასში წინაპართა სისხლი იყივლებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ იყივლა - ესენი არიან ადამიანები, რომელთაც სამშობლო არ გააჩნიათ. სწორად თქვა ბატონმა დავით ქართველიშვილმა - არ არსებობს ორი სამშობლო. თუ ამბობ, რომ გაქვს ორი სამშობლო, ხარ უსამშობლო, რომლისთვისაც რაღაც მერკანტილური ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი დგამს ნაბიჯებს, რომელსაც ლოგიკური საფუძვლები აკლია. პოლიტოლოგი არ ფიქრობს, რომ ცესკოს კრიზისი იყოს ზურაბიშვილის მიზანი, რადგან საკმაოდ დიდი დროა არჩევნებამდე საიმისოდ, რომ გამოსავალი ასეთი კრიზისებიდან ხელისუფლებამ იპოვოს.
„მაგრამ თავისთავად ხელისუფლებასთან დაპირისპირების სურვილი და გულის მოფხანა იმის თაობაზე, რომ აი, ხელისუფლებას ხელი შეუბრუნა - ეს დაპირისპირების სურვილი, მე მგონი, ამ პრეზიდენტსაც აქვს, ისევე როგორც მის წინამორბედს, რომელმაც იცოდა, რომ მისი ვეტოები არაფერს არ შეცვლიდა, მაგრამ აი, ხელისუფლებასთან ჭიდაობის ფაქტი უკვე მისთვის სასიამოვნო იყო. ამიტომ მეჩვენება, რომ ასეთივე სიამოვნების გამო დგამს ნაბიჯებს ქალბატონი სალომე, რომელსაც ლოგიკური საფუძვლები აკლია. კი, მაგრამ ეს ის საარჩევნო ჯგუფი არ არის, ვინც ადრე იყო? თუ ადრე არ გამოუთქვია პრეტენზია, ახლა რატომ გამოთქვამს პრეტენზიას, ეს გაუგებარია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას, ეს არის მხოლო და მხოლოდ იმ დავალების შესრულება, რომელ დავალებასაც პრეზიდენტს აძლევენ მისი პატრონები გარედან.
„საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მას აქვს დავალება მიღებული, რომ ქვეყანაში შექმნას კრიზისული სიტუაცია და ამასთან ერთად, მათ უნდათ გარეშე ძალების დავალებით, რომ ცესკოში შეყვანილი ჰყავდეთ თავიანთი ე.წ. მეხუთე კოლონის წარმომადგენლები. მეტი აქ არაფერი არ არის და ამისათვის ყოველნაირ ძალას და ღონეს მიმართავს. თუმცა, როგორც თქვა ირაკლი კობახიძემ, ეს იმდენად დიდ საშიშროებას არ წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოსთვის. ვეტოს დაძლევის უფლება შეუძლია საპარლამენტო უმრავლესობას და თუ საჭიროა, ასეც გაკეთდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.