აპირებს თუ არა ნიკა გვარამია ღიად თუ ფარულად დაეხმაროს „ნაცმოძრაობას“? რისთვის სჭირდებათ საპატიმროდან გამოსული გვარამია „ნაციონალებს“ და რატომ ამბობს იგი უარს „მთავარი არხის“ დირექტორობაზე?!
საქართველოში ბევრს აქვს მოლოდინი, რომ გვარამია თავის რესურსებს „ნაცმოძრაობას“ მოახმარს. ექსპერტები იხსენებენ განვლილ წლებს, როცა გვარამია ერთხელ უკვე იყო პოლიტიკაში, მაგრამ მის პოლიტიკოსობას „ნაცმოძრაობისთვის“ დივიდენდები არ მოუტანია. ამის მიზეზი გვარამიას ლექსიკა იყო, რომლითაც იგი ამკობდა ოპონენტებს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ თავის დროზე ნიკა გვარამიას პოლიტიკაში ყოფნა სულაც არ იყო მისი ცხოვრების საუკეთესო წლები. ამდენად, თინა ხიდაშელი ურჩევს ნიკა გვარამიას, თუ ისევ აპირებს პოლიტიკაში მიბრუნებას, გადახედოს იმ მიდგომებს, რომელიც მას პოლიტიკაში ყოფნისას ერთხელ უკვე ჰქონდა.
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა მიიჩნევს, რომ შემოდგომაზე „ნაცებს“ რევოლუცია აქვთ განსახორციელებელი, აუცილებლად უნდა შეცვალონ ხელისუფლება, შესაბამისად, გვარამიას გათავისუფლებაც დირექტივის შედეგია, რომ მომაკვდავი, კომაში მყოფი ოპოზიცია, იქნებ, დენზე მაინც შეაერთონ.
„გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ „ნაცმოძრაობაში“ გონიერი ლიდერების დეფიციტია და გვარამია თუკი სადმე იქნება, ეს „ნაცმოძრაობა“ იქნება, სადაც გვარამია, ალბათ, სააკაშვილის გვერდით დაიკავებს ადგილს და არა სხვა რომელიმე ფლანგზე.
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ადასტურებს, რომ, რა თქმა უნდა, ნიკა გვარამია ღიად თუ ფარულად იქნება „ნაცმოძრაობის“ წევრი. ის იხსენებს, რომ ცოტა ხნის წინ, სანამ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას დააანონსებდა, სააკაშვილი ამბობდა, ახლა ჩემთვის მთავარია ერთადერთი რამ - ნიკა გვარამიას გათავისუფლება. ამდენად, სააკაშვილის ორი კვირის წინანდელი ეს განცხადება ნიშანდობლივია.
„გვარამია უნიჭო ადამიანი არ არის და არის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი შემსრულებელია სააკაშვილის სადისტური რეჟიმის. ნიკა გვარამია „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ვერ გახდება, მას პოლიტიკური ლიდერობის თვისებები არ აქვს, მაგრამ შემსრულებელი და მრჩეველი შეიძლება გახდეს. ნიკა გვარამიას მომგებიანი ქარიზმატული გამოსვლები არ აქვს. ადამიანი რომ იტყვის, უკაცრავად და, ქართველებს საჭმელში ჩაგიფსითო, ან კიდევ, ერთ რამეს ვნატრობ, ჩამოვარდეს დიდი მეტეორი და ქართველი სტუდენტობა მოსპოსო, აქ უკვე დამთავრებულია ყველაფერი. ნიკა გვარამიას ასეთი ბევრი გამონათქვამი აქვს, ამდენად, ცხადია, ის ლიდერი ვერ იქნება, მაგრამ შავბნელი საქმეების დამგეგმავი და გამკეთებელი ნამდვილად არის“, - აცხადებს პეტრე მამრაძე for.ge- სთან საუბარში.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ნიკა გვარამიამ გასაგებად თქვა, რომ არ აპირებს ტელევიზიის მართვაში დაბრუნებას, მაგრამ სადმე ხომ უნდა წავიდეს? ამიტომ დიდი შანსია, სწორედ პოლიტიკაში ფიქრობდეს, გააგრძელოს მოღვაწეობა.
„ნიკა გვარამიას პოლიტიკაში მოღვაწეობასთან დაკავშირებით ბევრ ვერსიას არ განვიხილავ, რადგან აიჭრა ადამიანების გონება ამდენი ვერსიის ტრიალით. ცოტა რომ გავამარტივოთ სიტუაცია, გვარამია რამდენიმე წლის განმავლობაში იყო სააკაშვილის გვერდით, ქვემოთ, თუ ზემოთ. ფაქტია, საქართველოში სააკაშვილის წარმომადგენელი ლამის იყო გვარამია. რამეს მიაღწია ამ პროცესმა? ამით გახადა „ნაციონალური მოძრაობა“ მოგებული? პირიქით, აგრესიას იწვევდა მისი გამონათქვამები. ამდენად, სისულელე იყო ციხეში მისი გაშვება. ციხეში გაშვება პოლიტიკური ნაბიჯიცაა, დიდ პოლიტიკაში უფრო მოზომილად ეპყრობიან იურიდიულ მხარეებს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე ჩვენთან საუბრისას.
პოლიტოლოგის აზრით, ნიკა გვარამია გარეთ რომ ყოფილიყო, „ნაციონალების“ რეიტინგის დაგდებაში ლომის წილს შეიტანდა. ციხეში წაყვანილი გვარამია კი მთელი მსოფლიოს სალაპარაკო გახდა. ასე რომ, „ქართული ოცნების“ მორიგი შეცდომა განმეორდა, ყბადაღებული ე.წ. აგენტების კანონის არ იყოს, „ქართული ოცნება“ ჯერ დგამს ნაბიჯს, მერე ნახულობს, ამ ნაბიჯმა რა გამოიწვია და ამის მერე უკან იხევს, მაგრამ ავიწყდება, რომ უკან დახევა მინუსია ამა თუ იმ პარტიის აქტივში.