„პრიგოჟინი ერთი ავანტურისტი კაცია, რომელიც არაა სულელი, საკმაოდ ეშმაკი და ამბიციურია, თუმცა ამ ამბოხის შემდეგ აღმოჩნდა ჯარის და პოლიტიკური მომავლის გარეშე“

„პრიგოჟინი ერთი ავანტურისტი კაცია, რომელიც არაა სულელი, საკმაოდ ეშმაკი და ამბიციურია, თუმცა ამ ამბოხის შემდეგ აღმოჩნდა ჯარის და პოლიტიკური მომავლის გარეშე“

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ბელარუსში, სასტუმრო Green City-ში დააფიქსირეს, შეშფოთებას იწვევს ნატოს წევრ ქვეყნებში. ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება დასჭირდება, თუ ბელარუსი „ვაგნერის“ ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს მიიღებს. როგორც ცნობილია, პრიგოჟინმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ამბოხება სცადა. 24 ივნისს კონტროლი აიღეს დონის როსტოვისა და ვორონეჟის სამხედრო ობიექტებზე და მოსკოვისკენ დაიძრნენ, ხოლო შაბათს საღამოს, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საუბრის შემდეგ, საველე ბანაკებში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთში პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დაიხურა. ასე დასრულდა პრიგოჟინის დაანონსებული ამბოხი, რომელიც გაურკვეველი გეგმებითა და გაურკვეველი ზრახვებით ბელორუსის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატოს სჭირდება კიდევ უფრო გააძლიეროს აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ვაგნერის“ სამიზნე უშულოდ კიევი გახდა. თუმცა, ასე არ ფიქრობს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც ამბობს, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე გადასული პრიგოჟინი საფრთხეს არ წარმოადგენს.

for.ge ვახტანგ კაპანაძეს ესაუბრა.

ის, რაც ვნახეთ პრიგოჟინის ხელმძღვანელობით, იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, დაპირისპირება თავდაცვის მინისტრთან, თუ კარგად ორგანიზებული აჯანყება, რომელიც მხარდაჭერილი იყო, როგორც ამბობენ, პატრუშევის მიერ?

ვახტანგ კაპანაძე: გამიჭირდება საუბარი, რადგან ეს შიდა კულუარული საკითხებია. ვერავინ კონკრეტულად ვერაფერს ვერ იტყვის, სანამ არ გამოჩნდება ამ ქმედებების შედეგები. რაც იყო, ეს იყო კლოუნადა და მეტი არაფერი. ან რითი დაიწყეს და რითი დაამთავრეს? აბსოლუტურად გაუგებარი ამბები იყო. ერთადერთი, რაც ინციდენტმა აჩვენა, ისაა, რომ პუტინის ხელისუფლება მნიშვნელოვნად არის შერყეული. რამდენად გათამაშებული იყო? როგორ გითხრათ, მაგრამ ის, რომ ამდენ კილომეტრს გაივლის ამბოხებული დანაყოფი ისე, რომ ფაქტობრივად, წინააღმდეგობას არსად არ შეხვდება, რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელია იმისა, რამდენად არეულია სიტუაცია რუსეთში.

საერთოდ, პრიგოჟინის ჩართულობა ომში რამდენად არის გადამწყვეტი რუსული ძალებისთვის და სამხედრო თვალსაზრისით, რამდენად სწორია კერძო სამხედრო დაჯგუფების შექმნა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ძალაა ფრონტის ხაზზე?

- ვთვლი, რომ მომავალი ამ კომპანიების მხარეს არის. ისე ვითარდება მდგომარეობა, რომ ყველასთვის და განსაკუთრებით სახელმწიფოსთვის მომგებიანია ასეთი კომპანიის არსებობა, თუ, რა თქმა უნდა, კონტროლს ექვემდებარება ეს კომპანია. რაც შეეხება პროგოჟინის კერძო სამხედრო ფორმირების ომში ჩართულობას, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი არ იყო, მაგრამ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა „ვაგნერი“, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც გააძლიერა თავდაცვის სამინისტრომ, რადგან თავიდან ორი ათასი კაცი იყო და შემდეგ გახდა 30 ათასი კაცი თავისი ავიაციით, ჯავშანტექნიკით და ა.შ.

სხვათა შორის „ვაგნერმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, განსაკუთრებით სოლიდარის და ბახმუტის აღებაში. იგივე ბახმუტში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ კუთხით, რომ დრო მოაგებინა რუსებს. სანამ „ვაგნერი“ უკრაინელებთან აწარმოებდა ბრძოლას, რუსებმა ამით დრო მოიგეს, გააკეთეს თავდაცვითი ნაგებობები რუსეთის დანარჩენ ტერიტორაზე, რასაც დღეს უკვე შუბლით ეხება უკრაინა, ეს „ვაგნერის“ დამსახურება ნამდვილად არის.

რაც შეეხება პრიგოჟინის ფენომენს, ის არც სამხედროა და არც არავინაა, ერთი ავანტურისტი კაცია, რომელიც არაა სულელი, საკმაოდ ეშმაკი და ამბიციური პიროვნებაა. მას ჰყავდა ჯარი, ჰქონდა ფული, ჰქონდა წარმატებული სამხედროს სახელი, რომელიც ერთ-ერთი იყო, ვინც იღებდა ქალაქებს და წარმატებებს აღწევდა რუსულ სამხედრო ელიტაში და მას გააჩნდა ამბიცია. ყველაფერი ამის გათვალისწინებით აღმოჩნდა, რომ ამ ამბოხით მთლიანად ყველაფერს ხაზი გადაუსვა. ფაქტობრივად, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, პრიგოჟინი აღმოჩნდა ჯარის, ძალებისა და პოლიტიკური მომავლის გარეშე.

ერთ-ერთი ვერსიით მოლაპარაკების შემდეგ ის გადავიდა ბელარუსში. თითქოს მის წინააღმდეგ გამოძიება შეჩერდა, თუმცა, ესეც არასწორი აღმოჩნდა, მიმდინარეობს გამოძიება. თუკი დავუშვებთ, რომ არის ბელარუსში, ეს უკვე ომის სტრატეგიის რა ნაწილია? ლიეტუვას პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ პრიგოჟინი ბელარუსში არის, ასეთ შემთხვევაში ნატომ აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება უნდა გააძლიეროს. ფიქრობთ, რომ მისი ბელარუსში დისლოკაცია არის საფრთხე არა მარტო ნატოსთვის, არამედ თვითონ უკრაინისთვის?

- დავანებოთ თავი იმ უცხოელ ექსპერტებს, როგორ წარმოგიდგენიათ პრიგოჟინი რომელი ნაპოლეონია, რომ იქიდან რაღაცა დაგეგმოს და განახორციელოს, სამხედროც კი არაა. ვიღაცა ბრიტანელი გენერალი გამოდიოდა და აცხადებდა, რომ პროგიჟინის ბელარუსში გადასვლა ხდება იმიტომ, რომ უკრაინას დაარტყას იქიდანო, პრიგოჟინი რისი დამრტყმელია? ვაგნერის დიდი ნაწილი დარჩა რუსეთში, რაც გადაყვა ის არაა ის ძალა, რომელიც კიევზე შეტევას განახორციელებს. კიევს რუსეთი 70 ათასი კაცით უტევდა და რა შედეგითაც დაამთავრა გასაგებია. პრიგოჟინი 5 ათასი კაცით შეუტევს ბელარუსიდან კიევს თუ რა? რომელი სამხედრო დამგეგმავი და მოღვაწე ეგ არის, რომ გადამწყვეტი როლი შეიტანოს?!

რატომღაც ძალიან დიდი ფსონია პროგოჟინზე დადებული, რაც ალბათ, დიდი შეცდომაა.

- აბსოლუტურად გეთახმებით, რომ ეს არის შეცდომა. ეს არის ერთი ავანტურისტი კაცი, მაგრამ არაა სულელი და კარგი მენეჯერია, თუმცა სამხედრო ოპერაციების დამგეგმავი და განმახორციელებელი არ არის პრიგოჟინი. თურმე, ბელარუსში იმიტომ გადავიდა, რომ კიევს დაარტყას, მერე პოლონეთი აიღოს... ნატოც სხვა მიზნებისთვის იყენებს ამ პროგოჟინს. 70- ათასიან ქალაქ ბახმუტს თვენახევარი იღებდნენ. ზოგადად, უკრაინელების შეცდომა იყო ბახმუტი, თორემ რა დასაცავი და რა ასღები ბახმუტი იყო.

რაც შეეხება კონტრშეტევას, რომელიც უკრაინელებმა დაიწყეს, მიზანი არის პოზიცების 24 თებერვლამდე, ანუ ომის დაწყებამდე პოზიციებზე დაბრუნება. შეძლებს ამას უკრაინა, რომ ქვეყანა 24 თებერვლის სტატუს-ქვოს დაუბრუნდეს?

- ვერ ვხედავ იმის წინაპირობას, რომ უკრაინელები შეძლებენ მინიმუმ ამ წელიწადს ძველ სიტუაციამდე მიიყვანონ თავისი მდგომარეობა. ჯერ ერთი, თქვენ თვითონ ხედავთ, რამდენად ნელა მიმდინარეობს უკრაინელების წინსვლა. მეორე, საჰაერო მხარდაჭერის გარეშე დანაღმულ და ასეთ ტრიალ მინდორზე გადაადგილება ძალიან ძვირი უჯდებათ უკრაინელებს. გვიწევს უკრაინელების გარჩევა და მათი მინუსების გარჩევა, რისი დიდი სურვილი არ მაქვს, მაგრამ ეს მინუსები ჩანს.

როდესაც ვიძახდი, თუკი უკრაინელებს არ აქვთ გათვლილი, რომ მოკლე დროში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევენ, ჯობია საერთოდ არ დაიწყონ კონტრშეტევა-თქო. ნუ, მაინც დაიწყეს და შედეგებს ვხედვათ. ჯერ-ჯერობით ძალიან დიდი წინსვლა არ გააჩნიათ. 130 კვადრატული კილომეტრის გათავისულება 900-კილომეტრიანი ფრონტის გაყოლებაზე დიდი არაა. ვგულშემატკივრობ, ძალიან მინდა, რომ მეტი გააკეთონ უკრაინელებმა, მაგრამ საჰაერო მხარდაჭერის გარეშე ეს ვერ მოხერხდება.

როგორ ფიქრობთ, რატომ არ აძლევენ საკმარის შეიარაღებას უკრაინას?

- ვერ გეტყვით, არის როგორც ტექნიკური, ასევე ბიუროკრატიული, პოლიტიკური საკითხები. საუბარი იყო საკმარისი თვითმფრინავების მიცემეზე, მერე გადაიფიქრეს. იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოსთვის ექნებათ საკმარისი რაოდენობის თვითმფრინავი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ გარეშე ასეთი კონტრშეტევებს დიდი დანაკარგი ექნება, წარმატება კიდევ უფრო ნაკლები. ამაზე თვითონ უკრაინის თავდაცვის მინისტრი საუბრობს, რომ მოლოდინები იყო აწეული, ისე იძახის თითქოს მე ავწიე ეს მოლოდინები. თვითონ შექმნეს ეს მოლოდინები, რაც არ იყო სწორი. ვნახოთ, რა იქნება. საცეცხლო და საჰაერო უპირატესობა არ აქვთ, დანაღმულ ველზე გადაადგილება კი ძალიან სახიფათოა. ამიტომ უნდა იყოს საინჟინრო ტექნიკის მაქსიმალური გამოყენება, რომელმაც უნდა განაღმოს ეს ტერიტორია, მაგრამ მას საჰაერო დაცვა სჭირდება. სხვანაიარად არ გამოვა.