ვინ დგას პრიგოჟინის უკან - რა მოხდა 24 ივნისს და რატომ გადაიფიქრა მოსკოვში შესვლა?

ვინ დგას პრიგოჟინის უკან - რა მოხდა 24 ივნისს და რატომ გადაიფიქრა მოსკოვში შესვლა?

პუტინის რეჟიმის ეფექტურობის გამოცდა, სამხედრო გადატრიალება, თუ პუტინის შეშინების მცდელობა, რომელიც „ვაგნერის“ მეთაურმა ევგენი პიროგოჟინმა 24 ივნისს სცადა. რუსეთში და მთელ მსოფლიოში ახლა იმას განიხილავენ და იმის გაანალიზებას ცდილობენ, რა მოხდა 24 ივნისს, როდესაც რუსეთის დედაქალაქ მოსკოვთან უკვე მისული პირგოჟინი უკან დაბრუნდა. უცხოურ მედიაში გამოთქმული ვერსიების მიხედვით, პრიგოჟინის უკან კრემლში მყოფი დაპირისპირებული ელიტები იდგნენ და ის მარტო არ მოქმედებდა. „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა მათგან მოსკოვში შესვლის თანხმობა არ მიიღო, ამიტომ მან უკან დაიხია. არსებობს ასევე ვერსია, რომ მის უკან ოლიგაქრები და უშიშროება დგას, რომელთათვისაც უკრაინის ომი უკე პრობლემად იქცა და მათ ამით პუტინს ნიშანი მისცეს, რომ მისი სიძლიერე უკვე მითია და დროა წავიდეს.

რაც შეეხება 24 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, პრიგოჟინის დაჯგუფებამ, ფაქტობრივად, შეტაკებების გარეშე დაიკავა როსტოვი, ვორონეჟი და მოსკოვის მიმართულებით დაიძრა. გზაზე რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან შეტაკებების დროს დანაკარგი ორივე მხარემ განიცადა. პრიგოჟინის შესაჩერებლად, კრემლმა ავტომაგისტრალების ჩახერგვა დასუფთავების სერვისის მანქანებითაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. დაქირავებული მებრძოლების შეჩერების გადაწყვეტილება პუტინის დაფინანსებით შექმნილი „ვაგნერის“ ლიდერმა მხოლოდ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო. პრიგოჟინის მტკიცებით, ამ დაპირისპირების მიზეზი, შოიგუს დავალებით მათი ბაზების დაბომბვა გახდა. ამიტომ მას სხვა გზა აღარ ჰქონდა. ამის შემდეგ კი მედიაში ვლადიმერ პუტინი ჩნდება, რომელიც მხარს შოიგუს უჭერს და პრიგოჟინის ქმედებას ტერორიზმად აფასებს.

პრიგოჟინი გაუჩინარების შემდეგ 11-წუთიანი ვიდეოთი ჩნდება და მოსკოვზე შეუმდგარი ლაშქრობის მიზეზებს 11-წუთიან აუდიომიმართვაში განმარტავს. „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლთა ლიდერი ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლება 1 ივლისს მისი დაჯგუფების დაშლას გეგმავდა, რამაც მებრძოლების უკმაყოფილება გამოიწვია. თუმცა, მისი მტკიცებით, შემდეგ განვითარებული მოვლენების საბოლოო მიზანი ხელისუფლების ცვლილება არ ყოფილა. როგორც ჩანს, პრიგოჟინს პუტინის შეცვლასთან დაკავშირებით, 2 დღის წინ, სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადება დაავიწყდა.

„მარში დავიწყეთ უსამართლობის გამო. მიწაზე არც ერთი ჯარისკაცი არ მოგვიკლავს. საფრენ აპარატებს კი მხოლოდ საპასუხო ცეცხლი გავუხსენით. მოსკოვამდე მხოლოდ 200 კილომეტრი გვაშორებდა. სრულად დავიკავეთ ქალაქი როსტოვი. ვაჩვენეთ მასტერკლასი, თუ როგორი უნდა ყოფილი 24 თებერვლის სპეცოპერაცია კიევის წინააღმდეგ, რომლის დასრულებაც ერთ დღე-ღამეში იყო შესაძლებელი. ჩვენი მიზანი არ იყო ხელისუფლების დამხობა. ეს იყო პროტესტი. ჩვენი ორგანიზებულობის და ბრძოლისუნარიანობის დემონსტრირება. მოვტრიალდით მხოლოდ იმიტომ, რომ რუსი ჯარისკაცების სისხლი არ დაღვრილიყო“, - აცხადებს პრიგოჟინი.

„ვაგნერის“ ლიდერს არ დაუკონკრეტებია საკუთარი ადგილსამყოფელი. მედიაში გავრცელებული, მაგრამ დაუდასტურებელი ცნობით, ის მინსკის ერთ-ერთ სასტუმროში ნახეს. კრემლთან დადებული შეთანხმების მიხედვით, პრიგოჟინი სწორედ ბელარუსში უნდა წასულიყო, სადაც მისი ოჯახი და სოლიდური ქონებაა - 6 მილიონად შეფასებული 6-საძინებლიანი იახტა, კერძო თვითმფრინავი და 100-მილიონი დოლარის ღირებულების ვილა. ქონება და აქტივები დატოვა რუსეთშიც, სადაც მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება, დაპირების მიუხედავად, არ შეწყვეტილა.

ვინ იდგა პრიგოჟინის უკან

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან მიიჩნევს, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი მარტო არ მოქმედებდა და მის უკან კრემლში ერთმანეთს დაპირისპირებული ელიტური ჯგუფები იყვნენ. მაისაია მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ელიტაში დაწყებული დაპირისპირების შედეგია ის, რომ პრიგოჟინი გათამამდა და მოსკოვისკენ დაიძრა, თუმცა ბოლოს, დიდი ალბათობით, მოხდა ის, რის გამოც მან დედაქალაქში შესვლა გადაიფიქრა და მიხვდა, რომ უკან დახევა ყველაზე კარგი გამოსავალი იყო.

„პრიგოჟინი, რა თქმა უნდა, ალიანსში მოქმედებდა, რისი მტკიცებულებაა ის, რომ „ლიბერალ დემოკრატიულმა“ პარტიამ ძალიან ორჭოფული განცხადებები გააკეთა. ასევე უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა, ძალიან ორაზროვნად ილაპარაკა. ასევე, თუ მოვუსმენთ ვლადიმერ პუტინის გამოსვლას, იქ ის პრიგოჟინს პირდაპირ, როგორც ტერორისტს საერთოდ არ ახსენებს და მას არ იმჩნევს. ის თითქოს ვიღაც სხვებისთვის საუბრობს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მისი გზავნილი სწორედ ამ დაჯგუფების მიმართ იყო, რომლებიც პრიგოჟინის ზურგს უკან, ფარდის მიღმა იმალებოდნენ. სწორედ ის არის შუამავალი, რომელმაც თავისი მოადგილის, ვიქტორ შეიმანის მეშვეობით ლუკაშენკოს მიმართა. ეს პირი იყო ლუკაშენკოსა და პრიგოჟინის შუამავალი, სადაც შეთანხმება შედგა. სხვათა შორის, სწორედ პატრუშევი იყო ის პირი, რომელიც პრიგოჟინის მიმართ აგრესიით დიდად არ გამოირჩეოდა. ასე რომ, პრიგოჟინი ამხელა რისკზე მარტო არ წავიდოდა. მე ველი, რომ კიდევ რაღაცა მოხდება და ეს ელიტა, რომელიც ამ გადატრიალების ავანგარდში იყო, ასე არ გაჩერდება. შესაძლოა, პუტინის მოკვლის სცენარი ჰქონდათ და არ გამოუვიდათ, ან მისი გადაყენების და ეგონათ სხვებიც აყვებოდნენ, თუმცა არ აყვნენ. ბევრი ვერსია შეიძლება განვიხილოთ“, - ამბობს მაისაია.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, ამ დაპირისპირების მიზეზიც პუტინის გადაწყვეტილებები გახდა, რომელმაც თავისი მემკვიდრე უკვე გამოაჩინა. მაისაია ამბობს, რომ პუტინის და მისი გარემოცვის ფავორიტი ალექსანდრე დიუმინია და არ არის გამორიცხული, დაპირისპირება სწრედ ამის გარშემოც ხდება. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ პრიგოჟინის უკან „სილოვიკების“ კლანი დგას.

„პრიგოჟინი რამდენიმე დღით ადრე, სწორედ, ამ კლანის წარმომადგენლებს შეხვდა. ლეონიდ სლუცკი, რომელიც უკრაინის ომის არქიტექტორია, სწორედ, ამ „სილოვიკების“კლანის წარმომადგენლად ითვლება. არაა გამორიცხული, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებითაც უკვე სერიოზული შიდა დაპირისპირება მიდის, რამაც უკვე გარეთ გამოხეთქა. როგორც ჩანს, ეს არის „სილოვიკების“ და პრიგოჟინის ერთობლივი გამოსვლა, უფრო ძალის დემონსტრირება. არაა გამორიცხული, რომ პუტინის გამოცოცხლება და მისთვის ალიყურის გაწვნაც უნდოდათ. ეს კი პრიგოჟინს ძალიან კარგად გამოუვიდა.

პუტინი, ფაქტობრივად, პოლიტიკურად დამარცხდა და მისი უძლეველობის შესახებ მითი გაქრა. პრიგოჟინმა გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში თქვა კიდევაც, რომ მან ეს ომი მოიგო. პრიგოჟინზე უფრო გავლენიანი ფიგურა „ვაგნერში“ დიმიტრი უტკინია, რომელსაც ზედმეტსახელად „ვაგნერი“ ჰქვია და ორგანიზაციასაც სახელი აქედან დაარქვეს. ეს არის ვიცე-პოლკოვნიკი და ძალიან ავტორიტეტული ფიგურა სამეხდრო წრეებში. ამიტომ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და მაინც არ მგონია, რომ ეს დუღილი გაჩერდეს“, - ამბობს მაისაია.

შეძლებდა თუ არა პრიგოჟინი მოსკოვის აღებას?

სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ პრიგოჟინი არ არის ისეთი უჭკუა ადამიანი, რომელსაც ეგონა, რომ მარტო მოსკოვის აღებას შეძლებდა, თუ მას იქ თანამზრახველები არ ეყოლებოდა. ალადაშვილი მიიჩნევს, რომ მოსკოვის აღება შეუძლებელი იქნებოდა და ეს შეტაკებები შესაძლოა, სისხლისმღვრელ ბრძოლებში კვირები გაწელილიყო. ხოლო, პრიგოჟინი თუკი მაინც შეძლებდა მოსოკოვში შესვლას, მაშინ ამხელა ქვეყნის გაკონტროლება, რა ძალებიც მას ჰყავდა, გაჭირდებოდა. მას არმიაში მოკავშირეები დასჭირდებოდა. ეს ყველაფერი კი სრულ ქაოსში გადაიზრდებოდა.

„რა თქმა უნდა, პუტინის გარშემო, კლანებს შორის, ძალიან დიდი დაპირისპირება მიდის. პრიგოჟინია ერთ-ერთი იმ კლანებს შორის, რომელიც გამოჩნდა და მას უკან ზურგს სრულიად სხვა ხალხი უმაგრებს. ახლა უკრაინის ომის ფონზე სიტუაცია ძალიან დაძაბულია და დუღილის პროცესშია. პრიგოჟინი მარტო ამდენს ვერ გაბედავდა, ეს არის გამორიცხული. ჩანს, რომ რუსეთში რამდენიმე კლანი არსებობს. ეს არის შოიგუ - გერასიმოვის, მეორე უსაფრთხოების სამსახურის დაჯგუფება და მესამე ოლიგარქების გავლენა. ამ სამიდან პრიგოჟინი უსაფრთხოების სამსახურის და ოლიგარქების ალიანსში უნდა იყოს. ზუსტად არაფრის თქმა არ შეიძლება, მაგრამ ფაქტია, რაღაც ისე ვერ წავიდა, როგორც ეს დაგეგმილი იყო. ანუ, უბრალოდ, პუტინის შეშინება უნდოდათ. გამორიცხულია მოსკოვის აღება. ამ ყველაფერმა პუტინის დიდი სისუსტე გამოაჩინა. ჯერ ამხელა დაჯგუფება უცბად იხსნება ფრონტის ხაზიდან და მოდის. მერე რამდენიმე საათში „ვაგნერის“ მებრძოლებმა 6-შვეულმფრენი და ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. შემდეგ ისე გაიარეს ამხელა ტერიტორია დედაქალაქამდე, რომ წინაღობა არაფერი შეხვდათ. ნუ, „ვაგნერი“ უძლიერესი სამხედრო დანაყოფია, რომლის მოგერიება უკრაინელებს ვნახეთ ბახმუტში როგორ გაუჭირდათ. უკრაინელებიც ამბობენ, რომ უძლიერესი და კარგად გაწვრთნილი, ბრძოლებში გამოცდილი სამხედრო ვეტერანები არიან. მერე კი პატიმრები დაიმატეს, მაგრამ აქ ძირითადად ყოფილი სპეცრაზმელები და სხვადასხვა დანაყოფებიდან წამოსული პროფესიონალი სამხედროები არიან“, - ამბობს ალადაშვილი.

მისივე თქმით, თუკი პრიგოჟინი მოსკოვში შევიდოდა, ნაკლებად მოსალოდნელი იყო, რომ ის ელიტა, რომელიც მის ზურგს უკან იდგა, მას პრეზიდენტობის უფლებას მისცემდა. ალადაშვილი ამბობს, რომ მათ თუკი გეგმაში პუტინის ჩამოშორება ჰქონდათ, კანდიდატი უკვე შერჩეული ეყოლებოდათ. პრიგოჟინი შესაძლოა მხოლოდ თავდაცვის მინისტრად ან მსგავს ფიგურად დანიშნულიყო.

„რაც შეეხება იმას, როგორ განვითრადებოდა მოვლენები კრემლის აღების შემდეგ, სიტუაცია მარტივი არ იქნებოდა. შესაძლოა, საერთოდ, ქვეყანა ორად გაყოფილიყო და მოვლენები უმართავი გამხადრიყო. ასევე, პრიგოჟინს შეეძლო როსტოვში გამაგრებულიყო და სამხრეთ რუსეთზე კონტროლი გამოეცხადებინა. დაეწყო დასავლეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკება. თუმცა, როგორც ჩანს, გეგმა სხვა იყო, რაც ან გამოვიდა ან არა. ბოლომდე ჯერ კიდევ დასრულებული არაფერია. პუტინის სიცოცხლე და ძალაუფლება სასწორზე დევს“, - ამბობს ალადაშვილი.