„დღესაც არიან ჩვენს პოლიტიკაში ის ადამიანები, რომლებიც იგორ გიორგაძის ინფორმატორები იყვნენ და მას პირად ინფორმაციას უგზავნიდნენ“

„დღესაც არიან ჩვენს პოლიტიკაში ის ადამიანები, რომლებიც იგორ გიორგაძის ინფორმატორები იყვნენ და მას პირად ინფორმაციას უგზავნიდნენ“

„პრორუსი მოღალატე“, „რუსეთუმე არაევროპელი“, „რუსული ნარატივის გამტარებელი“, „რუსეთის აგენტი“, - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ტერმინებისა, რომლითაც ოპოზიცია და პოზიცია ერთმანეთს ამკობს. განსაკუთრებით, ამ იარლიყების მიწებება უყვარს „რუსეთთან მებრძოლ“ პრორუს ოპოზიციას.

ტრადიცია 90-იანი წლებიდან იღებს სათავეს, როცა „სუკის და კგბ“-ს აგენტებს უწოდებდნენ ცალკეულ ადამიანებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ზვიად გამსახურდიას სიტყვები ახდა და სწორედ სუკის და კგბ-ს აგენტებმა მოუწყვეს მას გადატრიალება.

ანალიტიკოს თორნიკე შარაშენიძის აზრით, თუკი „რუსეთის აგენტის“ იარლიყის მიწებებას არ მოვეშვებით, თანაც ყოვლად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად, მენტალურად მართლაც რუსეთის პროვინციად დავრჩებით, ან უბრალო პროვინციად.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე რუსეთის აგენტის იარლიყის მიწებებას გაუმართლებლად და პროვინციულად მიიჩნევს. მისი აზრით, ასეთი იარლიყების მიწებების გამო საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკაზე ლაპარაკი სირცხვილია.

„ასეთ იარლიყებს ერთმანეთს იოლად ვაწებებთ, რაც შემთხვევითი არ არის. იარლიყების მეთოდი ზვიად გამსახურდიას პერიოდიდან დაიწყო, როცა კგბ-ს აგენტს ეძახდნენ მოწინააღმდეგეს, ახლა რუსეთის აგენტებს ეძახიან. დაახლოებით იგივე მოვლენაა. ზვიადის რიტორიკას 30 წელზე მეტი ტრადიცია აქვს, ზვიადის სახელი დღეს პატივსაცემია და მას ბაძავენ, თვლიან, რომ დღესაც შეიძლება რუსეთის აგენტობაზე საუბარი. ამავდროულად, ვაკვირდებით რუსეთ- უკრაინის ომს, უკრაინა ომამდე რუსეთთან თითქმის გაერთიანებული იყო, ენობრივი სხვაობითაც კი თვითონ ვერ ხვდებოდნენ, რომ სხვადასხვა ხალხია, დღეს ისინი დაპირისპირებულნი არიან ერთმანეთთან, თუმცა თვითონ ზელენსკიც კი ძალიან იშვიათად იყენებს აგენტების იარლიყს, რადგან აგენტების იარლიყი წამგებიანია. ეს ნიშნავს, რომ არ ხარ არც სახელმწიფო, არც პოლიტიკური ლიდერი, თუკი აგენტები ასე გჭამენ“, - აცხადებს for.ge- სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

მისივე განმარტებით, ხშირად გვესმის, ერეკლე მეფეს მოღალატეები ჰყავდაო. რეალურად, მოღალატეს თუ ვერ უმკლავდება მეფე, ეს მისი ხარვეზია და დაღუპა კიდეც ერეკლე ამან. განსხვავებული იყო დავით აღმაშენებელი.

ამდენად, ანალიტიკოსის განმარტებით, პოლიტიკის ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ასეთი იარლიყებით მოგებისკენ სიარული შეუძლებელია. იარლიყი იმისთვისაა, რომ სხვა გააშავო, მაგრამ შენ ამით უფრო თეთრი ვერ ხდები, სხვისი მარცხი გინდა, მაგრამ შენც მარცხიანი ხდები. ასეთია შავი პიარის კანონები. ვინც შავ პიარს იყენებს, ცხადია, ეს შავი პიარი გამოადგება სხვისი გაშავებისთვის, მაგრამ თავისი რეიტინგიც დაეცემა.

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე იხსენებს, რომ ასეთი ტერმინების მიკერება ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაიწყო, „პერესტროიკის“ პერიოდში. ნებისმიერ მომენტში ერთმანეთს „სუკის აგენტს“ ეძახდნენ, ბავშვი რომ ბრუნდებოდა სკოლიდან, ამბობდა, სუკის აგენტმა მასწავლებელმა ორიანი დამიწერაო. თუმცა ასეთ ბრალდებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა მტკიცებულებას წარმოადგენ, სხვანაირად ეს ცილისწამებაა.

პეტრე მამრაძის აზრით, არის შემთხვევები, როცა ამა თუ იმ ადამიანის მოქმედება სასარგებლოა რუსეთის სპეცსამსახურებისთვის და საზიანოა საქართველოსთვის. მისი მოსაზრებით, სააკაშვილის მოქმედება თავიდან ბოლომდე ასეთი იყო და ლინკოლნ მიტჩელმაც ამიტომ დაწერა სტატია „ვინ აკეთებს რუსულ საქმეს საქართველოში“ სააკაშვილთან დაკავშირებით. ამ სტატიაში მიტჩელი წერს, რომ „სააკაშვილმა თავისი ხელით გაუკეთა პუტინს ყველაფერი ის, რასაც პუტინს მისი პირადი აგენტი ვერ გაუკეთებდა ამ დროის განმავლობაში“.

პეტრე მამრაძის შეფასებით, 20-იანი წლებიდან დაწყებული, ჩეკისტების ილეთი ყოველთვის იყო, რომ როცა ადამიანების გასვრა უნდოდათ, თავიანთი აგენტურის მეშვეობით ავრცელებდნენ ჭორს, რომ ეს ადამიანი ჩეკას ან კგბ-ს აგენტი იყო, თვითმკვლელობამდეც მიჰყავდათ ადამიანები. ამ დროს ნამდვილ აგენტზე არასდროს არ იტყოდნენ სიტყვა „აგენტს“.

„მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც მოუწია დოკუმენტების გაცნობა, რომლებიც, ცხადია, არ დავიტოვე, ამის უფლება არ მქონდა, სადაც პირდაპირ ვხედავდი მაშინდელი ოპოზიციონრების პირად ინფორმაციას იგორ გიორგაძის სახელზე რომ გზავნიდნენ, რადგან მისი აგენტურა და მისი ინფორმატორები იყვნენ შევარდნაძის დროს, ზოგიერთი მათგანი ახლაც აქტიურია. ასეთები ჩვენს დღევანდელ პოლიტიკაშიც ბევრნი არიან, სპეცსამსახურების გავლენა მათზე დღესაც არის. „რუსეთის აგენტი“ ეს მაღალი სტატუსია, ასეთი ადამიანი ხელფასსაც იღებს და მაღალი რანგის ოფიცერიცაა. ამას გარდა, არსებობს ინფორმატორი, კავშირზე მყოფი. ასე რომ, აგენტების ნუსხაში გრადაცია ბევრია და ასეთები ჩვენს პოლიტიკაშიც ბევრნი არიან“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ ჩვენთან საუბრისას.

ცუგო- ეხლა პორტირებული აგენტები აქტიურობენ, ახალ პატრონს თავს აჩვენებენ, რომ მათი ერთგულები უფრო არიან, ვიდრე ძველის (სუკ-ის) იყვნენ...
1 წლის უკან