პრეზიდენტმა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება ბრიუსელში მიიღო

პრეზიდენტმა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება ბრიუსელში მიიღო

ნიკა გვარამიას შეწყალება ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, - ასე ფიქრობს რადიკალური ოპოზიცია. ის ოპოზიცია, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ ამტკიცებდა, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი მიხეილ სააკაშვილზე გადიოდა. თუმცა, მას შემდეგ რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოზიციები გაიმაგრა ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, პარტიამ სააკაშვილის შესაძლო გარდაცვალების შესახებ წინმსწრებად კომენტარების გაკეთება შეწყვიტა და მეტიც, „მომაკვდავი“, „დაუძლურებული“ და „ავადმყოფობისგან აყროლებული“ სააკაშვილი ყველას დაავიწყდა.

ოპოზიციის გადარჩენის მთავარი მაშველი თავისუფლებაზეა. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობისთვის ემზადება და როგორც ირკვევა, სწორედ გვარამიაზე დებს დასავლეთი ფსონს. ის, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი დასავლეთის რეკომენდაციით შეიწყალა ზურაბიშვილმა, ამას ადასტურებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომლის განცხადებით, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ წინასწარ იცოდნენ და ამას საიდუმლოდ ინახავდნენ. კრამონის განცხადება კი ადასტურებს, რომ გვარმიას შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება ბრიუსელში მიიღო, სადაც შეხვედრები გამართა ევროპარლამენტარებთან და სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა გვარმიას შეწყალება, რაზეც ინფორმირებული იყო გვარამია და მისი დაცვა.

როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, იგივე დასავლეთის ინტერესში არ არის სააკაშვილის შეწყალება. მაგალითად, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ გვარამიას შეწყალება დეპოლარიზიაციას შეუწყობს ხელს. იგივე ელჩი არაფერს ამბობს სააკაშვილზე, რომლის შეწყალებას ზურაბიშვილისგან არც არავინ ითხოვს. შეუწყობს თუ არა გვარმიას შეწყალება დეპოლარიზაციას ხელს და მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს, ამას დეკემბერში ვნახავთ, როდესაც ქვეყნის მიმართ უნდა იქნას გადაწვეტილება მიღებული. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთი ქმედებებით და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ევროპული მომავლის მტრები არიან. მისი თქმით, ქვეყანა 12-პუნქტიან გეგმას ზედმიწევნით ასრულებს, რომ სალაპარაკო არაფერი დარჩეს. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნი იხსენებს, რომ ეს არის ოპოზიცია, რომელიც ყველაფერს აკეთებდა ვიზალიბერალიზაციის პროცესი როდესაც მიდიოდა. „ისინი კაბინეტებში დარბოდნენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ მომხდარიყო. იგივე იყო ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების დროს და დღეს იგივე ხდება.

საქართველო აღნიშნულ სტატუსს მართლა იმსახურებდა. თუ რომელიმე ქვეყანას კარგი მაჩვენებლები აქვს და წინ გადადგმული ნაბიჯები ჰქონდა, ეს ჩვენი ქვეყანა იყო. საუკეთესო იყო და ეს თავადვე აღნიშნეს, რომ საქართველოსთან მიმართებით უსამართლო გადაწყვეტილება იყო მიღებული. გასაგებია, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული იყო და მოგვცეს, ეს 12-პუნქტიანი გეგმა, მზად ვართ და ამ 12-პუნქტიან გეგმასაც ზედმიწევნით ვასრულებთ, რომ ვინმეს სალაპარაკო არაფერი დარჩეს. მინდა მჯეროდეს, რომ უსამართლო გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება და კიდევ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა არ დაიჩაგრება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც პრეზიდენტი იწყალებს პოლარიზაციის მთავარ წყაროს, ამით ღვივდება პოლარიზაცია, შესაბამისად, ქვეყნის ხელში არ არის დეპოლარიზაციის პუნქტის შესრულება.

„ოპოზიციისთვის არის არა მხოლოდ მიზანი, არამედ თვითმიზანი, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. ამისთვის აღვივებენ პოლარიზაციას, ამისთვის შეაწყალებინეს გარედან სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია და ა.შ.

გლობალური ომის პარტია არის ის, ვისაც აწყობს საქართველოში პოლარიზაციის შენარჩუნება, აწყობს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი - ეს არის სამწუხარო მოვლენა, თუმცა, ჩვენ მაინც გვაქვს იმედი, რომ დეკემბერში, განსხვავებით შარშანდელი გადაწყვეტილებისა, ამჯერად მაინც, იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული საქართველოსთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე არ არის დარწმუნებული, რომ გვარამიას შეწყალება იყო ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ. მისი თქმით, თუ ვინმე იტყვის, რომ მისი შეწყალებით საქართველოში პოლარიზაცია შემცირდა, ამის დამაჯერებელი არგუმენტები უნდა მოიყვანოს.

„გამოცდილება მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ადამიანის შეწყალებით პოლარიზაცია არ მცირდება. პოლარიზაცია არ არის მიზეზი იმის, რომ ვიღაც შეწყალებულია ან არა. სხვა მიზეზებია. არ მგონია, რომ შეწყალება შეუწყობს ხელს დეპოლარიზაციას ან ახლა, ან მომავალში, რადგან პოლარიზაციას სხვა მიზეზები და საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს. ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამაზე უნდა ვიმუშაოთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნიკოლოზ სამხარაძემ.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, არ არის გამორიცხული, საქმე გვქონდეს დანაშაულებრივი მოტივებით შეწყალებასთან. როგორც ზარდიაშვილი აცხადებს, სააკაშვილიც გასამართლდა გირგვლიანის საქმეზე და სამართლიანი მსჯავრიც დაედო, არა თავად შეწყალების აქტისთვის, რაც პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა, არამედ დანაშაულისთვის, რაც დამნაშავეებისათვის წინასწარი შეცნობით, დანაშაულებრივი პირობის მიცემა-შესრულებაში მდგომარეობდა.

„სრულიად შესაძლებელია, გვარამიას გათავისუფლება წარმოადგენდეს ასევე დანაშაულებრივი პირობის შესრულებას, რაღაცის რაიმე უკანონო მატერიალური ან არამატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, რაც კანონით დანაშაულია. ბევრად უარესიც, ასევე, არსებობს საკმაოდ მაღალი ალბათობა, რომ ეს შეწყალების აქტი - შეთქმულების ნაწილია, რაც არ არის გამორიცხული, საქართველოში ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის მიზნით უკვე აქტიურად ხორციელდება.

თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ პრეზიდენტიცა და მის მიერ შეწყალებულიც მონაწილეობენ ამგვარ შეთქმულებაში, მაშინ საქმე გვაქვს უმძიმეს დანაშაულთან სახელმწიფოს წინააღმდეგ, რისი ირიბი მინიშნებაცაა პრეზიდენტის სკანდალური, სენსაციური განცხადება ნიუ-იორკიდან, თავისუფლების ქანდაკების ფონზე, როცა მან 7-8 მარტის ამბების დროს, კანონის ფარგლებიდან გასულ მანიფესტანტებს, მასობრივ ძალადობაში მონაწილე ბოროტმოქმედებს, სოლიდარობა და ღია მხარდაჭერა გამოუცხადა“, - აცხადებს ზარდიაშვილი.

ანალიტიკოსის შეფასებით, თუკი ეს ასეა, ადრე თუ გვიან, შეთქმულების მონაწილეებს, მათ შორის სალომე ზურაბიშვილსაც, სამართალი მკაცრად მოსთხოვს პასუხს.

„პირადად მე სეროზული შეკითხვები მაქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან - არის თუ არა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს შეწყალება შეთქმულების ნაწილია? ცხადია, სუს-ის პრეროგატივაა გასცეს ან არც გასცეს ამ კითხვას პასუხი, რადგან გამოძიების ინტერესში შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი საჯაროდ ინფორმირება, მაგრამ მე, იმის მიუხედავად, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციას პატივს ვცემ, ასეთი ეჭვი ნამდვილად მაქვს და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მე. ჩემს თავს კი ვეკითხები: თუ არა უკანონო, დანაშაულებრივი მოტივი, სხვა რა შეიძლება ყოფილიყო ამ ნაბიჯის საფუძველი? პასუხი არა მაქვს“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

Maverick კახელო! არღუთაშვილების საგვარეულოს წევრი, კახურად გეტყვი...

ყ.ექალასგან რა სიკეთეს ელოდებოდა ქართული ოცნება, რომ ეს საწმერთულ ჩახდილი რეზიდენტი შემოგვტენა?!
1 წლის უკან