„თითქმის ყველა პუნქტზე რაღაცა დადებითი სიგნალი იყო, გარდა მედია პრულარიზმისა და პრეზიდენტმა მიიჩნია, რომ გვარამიას ციხეში ყოფნამ ხელი არ უნდა შეგვიშალოს“

„თითქმის ყველა პუნქტზე რაღაცა დადებითი სიგნალი იყო, გარდა მედია პრულარიზმისა და პრეზიდენტმა მიიჩნია, რომ გვარამიას ციხეში ყოფნამ ხელი არ უნდა შეგვიშალოს“

როგორ აისახება პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე და ექნება თუ არა მას გავლენა დე-პოლარიზაციაზე? - მმართველ პარტიაში ეს რთულად წარმოუდგენიათ. „ქართულ ოცნებაში“ პოლარიზაციის ერთ-ერთ ხელშემწყობად სწორედ ნიკა გვარამიას ასახელებენ, ამიტომ პირიქით, ფიქრობენ, რომ ამით პრეზიდენტმა დეპოლარიზაციის გაღრამვებას ხელი შეუწყო. ხელისუფლებას ეჭვი აქვს, რომ მან დასავლეთიდან წამოსულ ზეწოლას ვერ გაუძლო. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილმა სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ევროინტეგრაციის გზაზე გვარამიას პატიმრობა ერთ-ერთი ხელის შემშლელი გარემოება იყო.

როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტილებამ ზურაბიშვილი პოლიტიკურად დააზიანოს და რამდენად უღირდა მას გვარამიას შეწყალება? აპირებს თუ არა თავად გვარამია პოლიტიკაში ჩართვას და ვის ბანაკში მოხვდება ის „ნაციოანლურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირების ფონზე?

გვარამიას შეწყალება საპარლამენტო უმრავლესობისთვის სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლაა. მათ საზოგადოებას და პრეზიდენტს ის ბრალდება შეახსენეს, რის გამოც ნიკა გვარამიას პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გამოძიება მას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორობის დროს არხის კუთვნილი 6 მილიონ 700 ათასი ლარის გაფლანგვას და ე.წ პორშეს მარკის ავტომობილის პირადი სარგებლობისთვის გამოყენებას ედავებოდა. არხის ხელმძღვანელმა ძვირადღირებული მანქანა „რუსთავი 2“-ის ეთერში რეკლამის განთავსების სანაცვლოდ გამოიყვანა „პორშეს“ ცენტრიდან.

ნიკა გვარამიას შეწყალების რეალური მოტივი მმართველი პარტიისთვის პასუხგაუცემელი რჩება. პარლამენტის თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად მიიჩნევს. შალვა პაპუაშვილი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტს სულ სხვა მიზანი ჰქონდეს.

პირველივე კომენტარში სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა სალომე ზურაბიშვილს წარსულში გაკეთებული არაეთიკური განცხადებების გამო ბოდიშიც მოუხადა. გვარამიას სამიზნე ზურაბიშვილი არაერთხელ გამხდარა. ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეო მასალების მიხედვით, ის პრეზიდენტს ხან „რეზიდენტს“ უწოდებდა, ხან კი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

3 წლისა და 6 თვის ნაცვლად 1 წელი და ერთი თვე - პრეზიდენტის შეწყალებით სწორედ ამ ვადაში დატოვა ნიკა გვარამიამ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულება.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება სალომე ზურაბიშვილისგან მოსალოდნელი იყო და ბევრისთვის ეს სიუპრიზი არ ყოფილა. აბაშიძე ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე წელია ზურაბიშვილი არათანმიმდევრული და არაადეკვატური გადაწყვეტილებებით გამოირჩევა.

„რაც შეეხება ხელისუფლების და საზოგადოების დიდი ნაწილის მოსაზრებას, რომ ზურაბიშვილმა გვარამიას შეწყალება სწორედ დასავლეთიდან წამოსული ზეწოლის გამო მიიღო, ეს დამალული არ ყოფილა, დასავლელი ჩვენი პარტნიორები ამაზე ღია განცხადებებსაც კი აკეთებდნენ. გასაგებია, რომ გამოხმაურებები იყო ევროპიდან, ამერიკიდან და ეს ლოგიკურიც არის, რადგან ზურაბიშვილს ამაზე პირდაპირ მიუთითებდნენ, მაგრამ აქ ერთი საინტერესო დეტალია, - წინა შეწყალებებისგან განსხვავებით, როცა ზურაბიშვილმა რურუა, ოქრუაშვილი და უგულავა შეიწყალა, მაშინ ეს ახსნა რატომაც გააკეთა და თქვა, რომ ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტა. გასაგებია, მას ამის დისკრეციული უფლება აქვს, მაგრამ წინა შემთხვევაში თქვა, რომ ეს გააკეთა შარლ მიშელის შეთანხმების გამო და ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის. ახლა კი არაფერი თქვა. ამიტომ ბავშვიც კი ვერ დაიჯერებს იმას, რომ გვარამია მხოლოდ ტელეკომპანიის დირეტქორი იყო და ის პოლიტიკოსი არ არის. ის „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური აქტორია, რომელიც ამ პარტიის მთავარი იდეოლოგი იყო. ადამიანი შეწყალებას არ ითხოვდა და ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო. როცა საკუთარ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ვერ ხსნის და ხელს პოლარიზაციის გაღრმავებას ქვეყანაში თავად უწყობს, რჩება ერთადერთი ვერსია, რომ მან ეს გადაწყვეტილება გარე ზეწოლის შედეგად მიიღო“, - ამბობს აბაშიძე.

რაც შეეხება კითხვას, - რამდენად მძიმე იქნება ზურაბიშვილისთვის პოლიტიკურად ეს გადაწყვეტილება და რას მოუტანს თავად პრეზიდენტს მსგავსი არაპოპულარული ნაბიჯი, აბაშიძე ამბობს, რომ პრეზიდენტი ქვეყნის შიგნით არანაირი პოლიტიკური ავტორიტეტის მატარებელი არ არის. ანალიტიკოსი ამბობს, რომ როდესაც ის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წავიდა, ხალხში გარკვეული მხარდაჭერა ნამდვილად ჰქონდა, თუმაც მან ეს მალევე გაფლანგა. ამის შემდეგ კი, თუკი რაიმე პოლიტიკური დივიდენდი გააჩნია, ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამსახურებით აქვს მიღებული.

„რომ არა „ოცნების“ მხარდაჭერა, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება შეუძლებელი იქნებოდა. მას არანაირი ავტორიტეტი არა აქვს, არც წინა შეწყალების შემდეგ და, მით უმეტეს ახლა. არა თუ პოლიტიკური მომავალი, არამედ პრეზიდენტობის ამოწურვამდე მშვიდი ცხოვრება არ ექნება. მის შემდეგაც დამღასავით ექნება ის, რომ ამ ეტაპზე დასაბუთების გარეშე „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ გამორჩეული კრიმინალი შეიწყალა. მე ვიცი, რომ ზურაბიშვილი მგრძნობიარეა საზოგადოების აზრის მიმართ. ამიტომ დაინახავს, რომ ის ხალხი, რომლებმაც ორბელიანის სასახლეში მიიყვანეს, მას ზურგი აქციეს და საზოგადოებრივ ლეგიტიმაცია აღარ აქვს“, - ამბობს აბაშიძე.

რას იზამს თავად ნიკა გვარამია და შესაძლოა თუ არა ის პოლიტკაში მოგვევლინოს, - აბაშიძე არაფერს გამორიცხავს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ გვარამია ამ ერთი წლის განმავლობაში ციხეში ისე ვერ დაღვინდებოდა, რომ კონსტრუქციული პოლიტიკური ლიდერის ამპლუაში მოგვევლინოს.

„გვარამია იყო და იქნება რადიკალური ოპოზიცის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი. ვთქვათ ასე, რომ სხვა პოლიტიკოსებთან შედარებით, რომლებიც წინა ფლანგზე არიან, საკმაოდ გავლენიანი, ერუდირებული და განათლებულია. გვარამიას პოლიტიკურად სწორი და გააზრებულ ნაბიჯების გადადგმა შეუძლია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის დადებითი პიროვნებაა, თუმცა იმ უარყოფით და ტოქსიკურ გარემოში, რომელშიც ის იმყოფება, გაცილებით წინ დგას.

გვარამია ვერაფრით შეიძლება ლევან ხაბეიშვილს და მის თანაგუნდელებს შევადაროთ. ეს ადამიანები მხოლოდ ქუჩის პარაზიტი აქტივისტები არიან, გამფუჭებლები. თუმცა გვარამიას მათგან განსხვავებით მეტი ინტელექტი აქვს. ამიტომ მას პროცესების უფრო გამწვავება შეუძლია და ამის გონება შესწევს. მე არ მგონია, რომ ის ლევან ხაბეიშვილთან, მერაბიშვილთან და კეზერაშვილთან ერთად იქნება. უფრო ვვარაუდობ, რომ ის ნიკა მელიასთან და ხატია დეკანოიძესთან უფრო იქნება. გვარამიას ინტელექტთან, ხაბეიშვილი და მერაბიშვილი რომ გავაერთიანოთ, მაინც ვერ მოვლენ. ამიტომ მაინც ვფიქრობ რომ ის მელიას გუნდში იქნება“, - ამბობს აბაშიძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება სალომე ზურაბიშვილმა დასავლეთიდან წამოსული მითითების შედეგად აიღო. თუმცა საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, მან 12 პუნქტის შესრულების მოტივით მიიღო.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ევროსაბჭოში გამოსვლები და შემდეგ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ერთმანეთს დაემთხვა. თითქმის ყველა პუნქტზე რაღაცა დადებითი სიგნალი იყო, გარდა ერთისა, ეს იყო მედია პრულარიზმის საკითხი, რაც, რა თქმა უნდა, გვარამიას შეწყალებაზე პირდაპირი მითითების ტოლფასი იყო. პრეზიდენტმა მიიჩნია, რომ მისი ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივად სწორია და ევროინტეგრაციის გზაზე გვარამიას ციხეში ყოფნამ ხელი არ უნდა შეგვიშალოს, ან უფრო სწორად, ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი არ უნდა ყოფილიყო.

ოპოზიციისგან იმაზე საუბარი, რომ ვითომ ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან და მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებულად მიიღო, ძალიან დიდი აბსურდია. უბარლოდ, ჩვენს ოპოზიციას პრობლემები თავად აქვს და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად თვითონ ვერ იღებენ. ამიტომაც ჰგონიათ, რომ ყველა ასეა. რა თქმა უნდა, ზურაბიშვილის მხრიდან ეს მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ თუკი ის მოღვაწეობის გაგრძელებას დასავლეთში აპირებს, პოლიტიკურად მისთვისაც მისაღები გადაწყვეტილებაა. თუმცა ქვეყნის შიგნით ეს ძალიან არაპოპულარული გადაწყვეტილებაა. მე მაინც ვფიქრობ, რომ მან ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, თუმცა ამის ინსპირატორი დასავლეთიდან წამოსული განცხადებები იყო“,-ამბობს საყვარელიძე.

ლევკოთეა სხვათა შორის, სულ ტყუილად ფიქრობენ, რომ მერაბიშვილი უინტელექტოა.
ხაბეიშვილთან შედარება კი უბრალოდ სასაცილოა.
მერაბიშვილის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბოღმა ადამიანია, რაც ხელს უშლის, რომ ობიექტურად იაზროვნოს.
1 წლის უკან