მოასწავებს გვარამიას შეწყალება სააკაშვილის შეწყალებას?!

მოასწავებს გვარამიას შეწყალება სააკაშვილის შეწყალებას?!

ვინ იქნება შემდეგი შეწყალებული და რატომ ურჩევენ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ნახევარი ნაბიჯებით არ შემოიფარგლოს და სააკაშვილიც გაათავისუფლოს?! ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებიდან წამიც არ იყო გასული, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე ალაპარაკდნენ შიდა და გარე ძალები. თავად ნიკა გვარამიამაც ციხის დატოვების შემდეგ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის და ბოდიში მოიხადა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ არაპოლიტკორექტულობისთვის, რომლითაც ასაკოვან ქალს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა.

კელი დეგნანი მიესალმა ნიკა გვარამიას გათავისუფლებას და დეპოლარიზაციისთვის გადადგმულ ნაბიჯად მოიხსენია. „ქართულ ოცნებაში“ კი არავის სჯერა, რომ გვარამია დეპოლარიზაციას შეუწყობს ხელს, რადგან მის გათავისუფლებას ოპოზიციის მხრიდან ახალი პრეტენზიები მოჰყვა სააკაშვილის შეწყალების შესახებ.

ლიზა იასკო, გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი, მაიკლ მაკფოლი (აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში) და სხვები გვარამიას გათავისუფლებას არასაკმარისად მიიჩნევენ და პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან სააკაშვილის შეწყალებასაც ითხოვენ.

თავად სააკაშვილი კი ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ევროპის, ამერიკის და ჩვენი საზოგადოების აქტიურობას უკავშირებს და აფასებს იმ ფაქტს, რომ სულიერად გაუტეხავმა გვარამიამ პირველსავე წუთებში იგი არ დაივიწყა და მისი გათავისუფლებაც მოითხოვა.

მოსალოდნელია თუ არა, პრეზიდენტმა თავისი პირველი ნათქვამი გადათქვას სააკაშვილის „არა და არასდროს“ შეწყალებასთან დაკავშირებით და უცხოეთის მითითებით სააკაშვილიც შეიწყალოს?

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გვარამიას გათავისუფლების ფაქტიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სააკაშვილიც შეიწყალოს. თუმცა, კი, ადრე ქალბატონი პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალების პრინციპული წინააღმდეგი იყო, გვარამიასთან შედარებით.

„გამორიცხული არ არის უცხოეთიდან ზეწოლა გაჩნდეს თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოში უკვე გაჩნდა ასეთი ფონი ზურაბიშვილის მიმართ და მისგან მეორე ნაბიჯის გადადგმას ითხოვენ. ვატყობ, უცხოეთი გვარამიას საკითხში ჩვენს ოპოზიციას მოჰყვება. შეიძლება, უცხოეთი სააკაშვილთან მიმართებითაც გაჰყვეს ჩვენს ოპოზიციას და უცბად ჩამოყალიბდეს შემდეგი პოზიცია, რომ „პოლიტიკური ნიშნით“ დაკავებულ ადამიანს თუ არ გაათავისუფლებთ, ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე სირთულეები გელით. ადგებიან ფართხა- ფურთხით ჩვენებიც და სააკაშვილსაც გაათავისუფლებენ“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე for.ge-  სთან საუბრისას.

პოლიტოლოგის განმარტებით, გია ვოლსკიმ ახსენა პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოლიტიკური კარიერის შელახვა ასეთი შეწყალებების გამო, მაგრამ რომელ პოლიტიკურ კარიერაზეა საუბარი, როცა ერთ წელიწადში ახლანდელ პრეზიდენტს ვადა ეწურება. ხელმეორედ პრეზიდენტობისთვის ბრძოლას, ქალბატონი ზურაბიშვილი, ალბათ, არ აპირებს, უცხოეთში პოლიტიკური კარიერისთვის კი ეს ნაბიჯები გამოადგება.

რაც შეეხება დეპოლარიზაციას, რამაზ საყვარელიძეს აინტერესებს, რომელ დეპოლარიზაციაზეა საუბარი, როცა გვარამიას გამოშვებისთანავე სააკაშვილის გაშვებას ითხოვენ.

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოქმედების პროგნოზირება შეუძლებელია. თუმცა პრეზიდენტს აქვს დისკრეციული უფლება, შეიწყალოს პატიმარი მხოლოდ იმ საქმეებზე, რაზედაც სასამართლოს უკვე გამოტანილი აქვს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. სააკაშვილთან დაკავშირებით კი მიმდინარეობს გამოძიება რამდენიმე საქმეზე, რომელიც დასრულებული არ არის.

„სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია საქმეები, რომელთა განაჩენიც ჯერ დამდგარი არ არის, ამდენად, პრეზიდენტი ვერ შეიწყალებს ექსპრეზიდენტს. ზურაბიშვილმა რომც შეიწყალოს სააკაშვილი, ხელისუფლებას შეუძლია მაშინვე დააპატიმროს სააკაშვილი იმის გამო, რომ მის წინააღმდეგ საქმე ძიებაშია. ვფიქრობ, ჩვენს ხელისუფლებას საკმაოდ მტკიცე ნება ექნება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტყოფილი არ გაუშვან, რასაც მთლიანად ვიზიარებ, რადგან სააკაშვილი ძალიან სახიფათო ადამიანად რჩება, მე მას ვუწოდებ „მაოხრებელ პოლიტიკურ გვამს“, - აცხადებს პეტრე მამრაძე და, შეკითხვის საპასუხოდ, რა როლი აქვს ბიძინა ივანიშვილს გვარამიას შეწყალების საქმეში, აღნიშნავს, რომ გამორიცხულია, ივანიშვილი ჩართული იყოს ამ პროცესში, რადგან ივანიშვილი უაღრესად გულახდილი და გულწრფელი ადამიანია.

თავის დროზე ჭორიც გავრცელდა, თითქოს გახარია ივანიშვილისაა, ასეთი შეთქმულების თეორია ვრცელდება დღესაც გვარამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ასე არ არის. პეტრე მამრაძის აზრით, გვარამიას შეწყალება ეს არის ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის პოლარიზაციას საქართველოში.

პეტრე მამრაძე წუხს, რომ დასავლეთში არ ესმით, რომ გვარამია სააკაშვილის სადისტური რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი, ამაზრზენი ფიგურა იყო.

„არა მგონია, ევროკავშირის სტატუსი გვარამიასთან იყოს დაკავშირებული, რადგან ვარჰეიმ თქვა, მხოლოდ სამი რეკომენდაციაა შესრულებული, დანარჩენი არ შესრულებულაო. სინამდვილეში, ევროკავშირის წევრობა არის ფიქცია, მირაჟი, კანდიდატის სტატუსის უკან არაფერი არ დგას. გაიხსენეთ ის აჟიოტაჟი, რაც შექმნილი იყო და რაც არ ეკადრება კულტურულ ერს, რომ აგერ, მოგვცეს ასპირანტის სტატუსი ნატოში, ერთი ამბავი ატყდა, ასპირანტი ქვეყანა გავხდითო, მაგრამ სადაა ხელშესახები შედეგი?!“, - აინტერესებს პეტრე მამრაძეს.

ამასთან, არ ელის, რომ „მოდელირებული ქრონიკის“ და სხვა საქმეების გამო ისევ შეაბრუნონ გვარამია ციხეში, მით უმეტეს, „მოდელირებულ ქრონიკაში“ გვარამია არ იყო პირდაპირ ჩართული, მაშინ არველაძე იყო ტელევიზიის უფროსი და სააკაშვილი იწონებდა ამ სცენარებს. თუმცა პეტრე მამრაძე ადასტურებს, რომ უსაუბრია ევროპაში მომუშავე იურისტებთან, რომლებმაც შეისწავლეს გვარამიას საქმე და დაასკვნეს, რომ არავითარი გამოგონილი დანაშაული არ არსებობს, რომ თურმე გვარამიამ სამსახურის მანქანა გამოიყენა და ამის გამო ჩასვეს. აქ გაფლანგვაზეა საუბარი და გვარამიას საქმეც ზუსტად ჰგავს იმ ფაქტს, რომ ამდენი თანხის გამფლანგავი სააკაშვილი თითქოს პიჯაკების საქმეზე ზის.

ნაცები ასეთი საინფორმაციო ომის ოსტატები არიან“, - ასკვნის პეტრე მამრაძე.

 

 

trampi ხომ ვამბობდი შეიწყალებს მეთქი......ეგე, შეიწყალა

მოკლედ აქედან წასვლის წინ მიხოსაც აუცილებლად შეიწყალებს.......აუცილებლად!!!!!!
მერე უკვე ევროპაში ჩასავლელ გამოსაჩენი პირი მართლა ექნება ---დაჟე ევროპულ სტრუქტურებში შემდგომი კარიერული პერსპექტივებითაც კი
საქართველოოოო???.......................საქართველოს დედაც..............თუნდაც აქ ქვა-ქვაზე არ დარჩენილა !!!!!!!!!!!!
მთავრია ევროპაში ეგ მადმუაზელ--მადამად გამოჩნდეს
ასე რომ მარტო გვარამია მის საქმეეებს არ ეყოფა ----------- მიხოც საჭიროა., მიხოც მარტო გვარამია ვერააა დონე, ვერა
1 წლის უკან