უსამართლო და უპატივცემულობა საზოგადოების მიმართ - ასეთია უმრავლესობის შეფასება პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე. სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებასთან კონსულტაციის გარეშე მორიგი შეწყალების აქტი გამოსცა და დასძინა, რომ შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა და ახსნა-განმარტებების გაკეთებას არ აპირებს. სწორედ, ყოველგავრი ახსნა-განმარტების გარეშე დატოვა სალომე ზურაბიშვილმა კითხვა, რატომ შეიწყალა პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის და დავით ოთხმეზურის მკვლელები.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდის პრეზიდენტები გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი, როგორც ჩანს, შეწყალების აქტს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იყენებენ, რის ეჭვსაც ბადებს მათ მიერ გამოცემული შეყალების აქტები. მარგველაშვილმა შეყალების აქტი საკუთარი ნათესავებს მოარგო, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ ისეთ მძიმე დანაშაულზე, როგორიც არის ნარკოდანაშაული. გარდა ამისა, მარგველაშვილის მიერ შეწყალებულთა სიაში არიან მკვლეობაში ბრალდებულებიც. ტრადიციას არ უღალატა სალომე ზურაბიშვილმაც.
თუმცა, როგორც ჩანს, ორივე პრეზიდენტს „დაავიწყდა“ რისთვის იხდის სასჯელს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მარგველაშვილი-ზურაბიშვილის მსგავსად შეიწყალა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულები. საინტერესოა, დაიწყება თუ არა მოკვლევა პრეზიდნეტების მიერ განხორციელებულ შეწყალების საქმეზე.
როგორც ჩანს, პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არის და ამას ადასტურებს მოსამართლე გვრიტიშვილის ცნობილი განცხადება, რომელიც მან ერთ-ერთი ტელევიზიით გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ განხორციელებული შეწყალება კითხვებს ბადებს.
for.ge-ს ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის შეწყალების მოთხოვნით მიმართა ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა ლევან მამალაძემ, რაზეც მან უარი უთხრა, მოტივი კი არ განმარტა.
სალომე ზურაბიშვილი დუმს, თუმცა აშშ-ის ელჩის, კელი დეგანანი განმარტავს, რატომ მოხდა ნიკა გვარამიას შეწყალება - ეს დეპოლარიზაციისთვის მოხდა, მაგრამ რატომ მოხდა მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალება, ამაზე განმარტებას არც პრეზიდენტი იძლევა და არც ელჩი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ საფრანგეთში მისი ვიზიტის დროს სამშობლოში პატიმრების შეწყალების თემას განიხილავენ. ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა. მათ შორის აღმოჩნდა რამაზ დევაძე, რომელიც 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობის გამო იყო გასამართლებული.
22 წლის პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს 12 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა დაკავებიდან 1 წელიწადში საპატიმრო ზურაბიშვილის შეწყალების საფუძველზე დატოვა. გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე. ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილი და ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილი, დავით ოთხმეზური 2004 წლის 27 ოქტომბერს თბილისში, პეკინის გამზირზე მოკლეს. პროკურატურამ საქმე გახსნილად მხოლოდ 2015 წელს გამოაცხადა. ასლან ბეჟანიძე კი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2016 წლის 26 მარტს დააკავეს განზრახ მკვლელობის ბრალდებით.
ასლან ბეჟანიძე სასამართლოს პირველმა და მეორე ინსტანციებმა გაამართლეს, უზენაესმა სასამართლომ კი ის 2018 წლის 29 მარტს დამნაშავედ ცნო. ბეჟანიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გათვალისწინებით, ასლან ბეჟანიძეს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლის და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
როგორ უკვე აღვნიშნეთ, სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.
მაშინ ზურაბიშვილმა მისი გადაწყვეტილება ასე ახსნა: „რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით. ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება“.
სალომე ზურაბიშვილის მსგავსად კრიტიკის ობიექტი გახდა მისი წინამორბედი გიორგი მარგველაშვილი. კერძოდ, მის მიერ შეწყალებულმა პირმა გათავისუფლების შემდეგ ყოფილი ცოლის ქალიშვილი მოკლა.
დგას თუ არა სკანდალური და ამავე დროს დანაშაულებრივი შეწყალების უკან კორუფცია, ამ კითხვას პასუხი შესაბამისმა უწყებამ - პროკურატურამ უნდა გასცეს.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ეთანხმება მოსამართლე გვრიტიშვილის შეფასებას, რომ ზურაბიშვილის მიერ განხორციელებული შეწყალების საქმე შესწავლის საგანი უნდა გახდეს. ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ აუცილებლად მისხალ-მისხალ დაითვლება ყველა შეწყალებები, რომელიც განხორციელებულია მარგველაშვილისა და ზურაბიშვილის მიერ და აუცილებლად შესაბამისი რეაგირება ექნება, ოღონდ დაგვიანებით.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები საქართველოს ისტორიაში შევლენ როგორც სამარცხვინოები. გოგი ოთხმეზურის ოჯახი, ფაქტობრივად, სალომე ზურაბიშვილმა გაწირა და ამოწყვიტა თავიდან ბოლომდე. ორივე ცოლ-ქმარი გადაყვა ამ შეწყალებას. ამიტომ, სალომე ზურაბიშვილს არა მარტო კანონის უნდა ეშინოდეს, არამედ მომავალი ცხოვრების. ის უბედურება, რომელიც მან ჩაიდინა გიორგი ოთხმეზურის ოჯახის მიმართ, მას არ შერჩება. დიდი ეჭვია, რომ იკვეთება კორუფციის ნიშნები, - სხვანაირად როგორ შეიძლება?!
ხელისუფლების დანაშაულად თუ არა, ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია, რომ არ გამოიძია რატომ მოხდა იმ მკვლელის შეწყალება პრეზიდენტის მიერ. როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებული იყო და საინტერესოა, რატომ შეჩერდა ეს საქმე, რომელმაც გამოიწვია ოჯახის მთლიანად ამოწყვეტა? დრო მოვა და ეს გაირკვევა, მაგრამ ძალიან კარგი იქნებოდა საქართველოს შემორჩენოდა გოგი ოთხმეზურის ოჯახი.
ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ აქ ძალიან დიდი მამაძაღლობაა, ვერ გეტყვით კორუფიაა, ნათელ-მირონობაა, ზემოდან დარეკვებია, ქვემოდან, გაღმიდან, თუ გამოღმიდან, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ამ ქალს სინდის-ნამუსი და შუბლის ძარღვი საერთოდ რომ ჰქონოდა, გოგი ოთხმეზურის შვილის მკვლელის შეწყალების შემდეგ თანამდებობიდან უნდა წასულიყო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.
ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, შეწყალების სისტემა არის გასამართი, რადგან პრეზიდენტების მიერ განხორციელებული შეწყალების აქტი არანაირ კანონიერ ჩარჩოებში არ ჯდება. მისი თქმით, უკვე მეორე პრეზიდენტის პირობებში ძალიან ბევრ კითხვებს და აღშფოთებას აჩენს საზოგადოებაში ცალკეული ადამინების შეწყალება.
„რასაკვირველია, ეს დასანანია, მაგრამ სისტემურად უნდა შევხედოთ. ქვეყანა არ უნდა იყოს დამოკიდებული პრეზიდენტების ხასიათებზე და ხუშტურებზე. შეწყალების სისტემა არის გასამართი, რადგან ბოლო ორი პრეზიდენტის პირობებში ძალიან ბევრ კითხვებს და აღშფოთებას აჩენს საზოგადოებაში ცალკეული ადამინების შეწყალება.
მე აქ ვხედავ სალომე ზურაბიშვილის პიროვნულ პორტრეტს, - ქედმაღლობა, ჯიუტობა, თავხედობა და ის, რომ არ ისმენს სხვა ადამიანების, კერძოდ, შიდა გარემოცვის, მრჩევლების აზრს. ეს არა მხოლოდ შეწყალებების თემას ეხება, ეს ეხება სხვა მის გადაწყვეტილებებსაც.
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ინფორმაცია გამოდის მისი ასეთი სიხისტისა და სიჯიუტის შესახებ. რაც შეეხება კონკრეტულად შეწყალებებს, აქ კიდევ ერთხელ ფიქსირდება ის პრობლემა, რომელიც არსებობდა მისი წინამორბედის, გიორგი მარგველაშვილის დროს, რომ ხდება იდიოზური კრიმინალების შეყალება და აქ არ მუშაობს შეწყალების კომისიის მექანიზმი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძე.
ანალიტიკოს დემურ გიორხელიძის შეფასებით, პრეზიდენტი უბრალოდ აცილებულია თავის პოლიტიკურ დანიშნულებას. იგი აღმოჩნდა იაფფასიანი, ძალზედ პრიმიტიული და დაბალი ინტელექტის შემსრულებელი, რომელიც ასრულებს იმას, რასაც ავალებენ. გიორხელიძის შეფასებით, ზურაბიშვილი არ არის დამოუკიდებელი პოლიტიკოსი და მის მიმართ პრეტენზიები ნულოვანია.
„პრეტენზიები შეიძლება იყოს იმის მიმართ, ვინც იგი მოიყვანა. ზურაბიშვილი შემთხვევით არ მოიყვანეს და შემთხვევით არ მოხდა ის, რაც მოხდა. ამიტომ, ჩვენ ყველაფერს სწორედ შევხედოთ და დავინახოთ - ვინც მოიყვანა, ის არის დამნაშავე, ისევე როგორც სხვა უმაღლეს თანამდებობაზე მოყვანილი ადამიანები.
არ ვფიქრობ, რომ საქართველოს რეალობაში გვარამიაზე ღირს საუბარი. იგი არ წამოადგენს პოლიტიკურ ფიგურას, ის ასრულებს გარკვეულ ფუნქციას. ასე რომ, გვარამია ციხეში იქნება, თუ ციხის გარეთ, ეს საქართველოს მომავალზე არაფრით არ აისახება. საქართველოს მომავალზე აისახება ხელისუფლების შეცდომები. ყველა ხელისუფლების შეცდომა ძვირად დაუჯდა ქართველ ხალხს. თუ ასე გაგრძელდება, ისინი სულ მალე დაკარგავენ საქართველოს“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას დემურ გიორხელიძემ.