მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა, საკუთარი გადაწყვეტილების მოტივებზე ახსნა-განმარტება არ ისურვა, იმ არგუმენტით, რომ „სხვების აზრი არ აინტერესებს“, დასავლეთში ენით აუწერელმა ჟრიამულმა იხუვლა. აშშ-სა და ევროკავშირში ატეხილი ეს კოლექტიური ჟრიამული და მათი გავლენიანი ფიგურების, ლამის, ტყუპისცალივით მსგავსი დითირამბები სალომე ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილებაზე, ადასტურებს, რომ ზურაბიშვილი უბრალოდ ცრუობდა, როდესაც არწმუნებდა საზოგადოებას, რომ გადაწყვეტილება ზეწოლის გარეშე მიიღო. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილმა, რომლის გათავისუფლების მოთხოვნაც მყისიერად წამოვიდა დასავლეთიდან, განაცხადა, რომ ზურაბისვილის მიერ გვარამიას შეწყალება სწორედ ევროპისა და ამერიკის აქტიურობამ გამოიწვია. ეს რომ ნამდვილად ასეა, ამას მოწმობს თუნდაც აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის „იმედგაცრუება“ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც გვარამიასადმი განაჩენი ძალაში დატოვა. თუ როგორ ითარგმნება სინამდვილეში აშშ-ს „იმედგაცრუება“, ჩვენმა საზოგადოებამ და განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, უკვე კარგად იციან. ამის მაგალითია თუნდაც ჩვენი ოთხი მოსამართლის დასანქცირებაც და სხვა „დამსჯელი ზომები“.
სალომე ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში მხოლოდ მეხამრიდის ან გამტარის როლს ასრულებს. მას აწყობს ეს როლი, რადგანაც აქედან იღებს იმ პოლიტიკურ თუ რეპუტაციულ დივიდენდებს, რაც მას უნდა დაეხმაროს დასავლეთში სარფიანი პლაცდარმის მომზადებაში, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ. ვერსია, რომ ის ადგილობრივი ოპოზიციის ერთიან ლიდერად მოგვევლინოს, ჯერჯერობით არაფრით დასტურდება. ასაკოვანი ფაქტორის გარდა, ზურაბიშვილი მისი ბოლო ქმდებების გამო, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის, უპირველესად კი მისი ამომრჩევლისათვის, ლამის, კეთროვანი ფიგურა გახდა.
სამაგიეროდ, არ არის გამორიცხული, რომ ციხიდან გამოსული ნიკა გვარამია ვიხილოთ აქტიურ პოლიტიკაში. დღეს შესაძლოა ეს სცენარი ნაკლებსავარაუდოდ მოსჩანდეს, მაგრამ არჩევნების მოახლოების კვალობაზე, მისი ალბათობა შესაძლოა გაიზარდოს. „ნაცმოძრაობასა“ და ზოგადად, ოპოზიციის რიგებში, ძლიერი ქმედითი ლიდერის დეფიციტია, რაც სერიოზულად ამცირებს მათ შანსებს მომავალ არჩევნებზე და შეუძლებელია დასავლეთში ამას ვერ ხედავდნენ. „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევას დასავლეთში, რბილად რომ ვთქვათ, ენთუზიაზმით არ შეხვედრიან, ბევრი მიზეზის გამო. პარტიის ლიდერობის „ჩამოლაბორანტება“ სააკაშვილიდან ხაბეიშვილამდე დასავლეთის წრეებისთვის პარტიაში დაწყებული სერიოზული კრიზისის ნიშანია. თუმცა, რაკი „ნაცმოძრაობის“ გარდა ოპოზიციურ ფლანგზე სერიოზული რესურსების მქონე სხვა პარტია არ იძებნება, დასავლეთის მხრიდან ლოგიკურად უნდა ჩანდეს 2024 წლის არჩევნების წინ „ნაცმოძრაობის“ რაღაცნაირად გაძლიერება, უპირველეს ყოვლისა ინტელექტუალური რესურსით და დასავლეთისთვის მისაღები ფიგურებით.
თუ ამ ვერსიას გავყვებით, სრულიად ახსნადია სააკაშვილის მიერ ქართულ პოლიტიკაში მობრუნების უეცრად გაცხადებული განზრახვა, როდესაც ცოტა ხნის წინ ამას კატეგორიულად უარყოფდა. სააკაშვილი ამიტომაც მოსწონთ ზოგზოგებს დასავლეთში.
დასავლეთისთვის მისაღები ლიდერის კანდიდატობაზე ასევე „ქაჩავს“ ნიკა გვარამია, პრინციპით - „ის ნაძირალაა, მაგრამ ჩვენიანი ნაძირალა“. მართალია, ის ვერასოდეს გაექცევა საკუთარ მძიმე წარსულს და ბიოგრაფიას, მაგრამ ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომელზედაც დასავლეთი დებს ფსონს, ამას არაფრად მიიჩნევს და პირიქით დამსახურებად უთვლის.
საზოგადოებას არც ის გამორჩებოდა მხედველობიდან, რომ სააკაშვილისგან განსხვავებით, გვარამია არ სიმულირებდა სხვადასხვა დაავადებებს, არ იგონებდა, რომ მოწამლეს, აწამეს და არ ხარჯავდა მილიონებს ციხიდან თავის დასაღწევად. ამ დივიდენდს ის ბოლომდე გამოწურავს. ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილს წარმოუდგენელი ამნეზია და „სტოკჰოლმის სინდრომი“ სჭირს და ნაწილი, ალბათ, გვარამიასადმი ემპათიასაც კი განიცდის.
დასავლეთის სტრატეგიული მიზანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა. ამიტომაც მას სურს, რომ მისთვის მისაღები ე.წ. „პროდასავლური“, უფრო სწორად „მათიანი“ პოლიტიკური ძალები 2024 წლის არჩევნებს მაქსიმალურად კარგ ფორმაში შეხვდნენ და გვარამიას გათავისუფლებაც ამ გეგმის ერთი ნაწილია.
როგორ და რითი ხვდება ამ ყველაფერს „ქართული ოცნება“, არის ჯერჯერობით ის პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც სავარაუდოდ, აქვს საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს, რომლებმაც 2012 წელს „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებას ჩამოაშორეს იმ იმედით, რომ არასოდეს იხილავდნენ მათ დაბრუნებას. დღეს კი ისინი ამის მცდელობას უყურებენ.