„ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრი და ყოფილი ომბუდსმენი გიორგი ტუღუში მოქმედ სახალხო დამცველს უნდა დაეხმაროს. ამას ითვალისწინებს ევროკავშირის პროექტი „სახალხო დამცველის მხარდაჭერა“.
ევროკავშირის ამ ინიციატივას უკვე გამოუჩნდნენ კრიტიკოსები. კითხვა გაჩნდა, რატომ ნიშნავს ევროკავშირი სახალხო დამცველის მრჩევლად გიორგი ტუღუშს მაშინ, როცა ნინო ლომჯარიას ამგვარი მრჩეველი არ დაუნიშნეს?! რამდენად სწორია ამ კანდიდატურის შერჩევა, რადგან გიორგი ტუღუში სწორედ მაშინ გახდა „ნაცმოძრაობის“ წევრი, როცა „ნაცმოძრაობის“ მთელი დანაშაულები ყველასთვის ცხადი იყო.
გიორგი ტუღუშის თაობაზე არაერთი კითხვა იმთავითვე ისმოდა, „ნაცმოძრაობის“ განუკითხაობის პერიოდში სახალხო დამცველის პოსტზე ყოფნისას (2009-2012 წლები) რატომ არ იყო ისეთი აქტიური, როგორც იმ პერიოდის საჭიროება მოითხოვდა?! რატომ შეარჩია გიორგი ტუღუში სახალხო დამცველობის შემდეგ სააკაშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრად მაშინ, როცა ყოფილმა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ თანამდებობა დატოვა საპატიმროებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი მასალების გავრცელების შემდეგ? რატომ დათანხმდა ყოფილი ომბუდსმენი ასეთ წინადადებას მწამებელი რეჟიმისგან? გიორგი ტუღუშის აპოთეოზად კი იქცა მისი გაწევრიანება „ნაცმოძრაობაში“, 2016-20 წლებში ის იყო საქართველოს პარლამენტის წევრი პარტიული სიით საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს გიორგი ტუღუშთან დაკავშირებით ახსენდება, რომ ტუღუშს მოუწია სახალხო დამცველობა მაშინ, როცა ციხის კადრები გავრცელდა, თუმცა სახალხო დამცველის ანგარიშში ეს მანამდე არ ასახულა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილს კი აინტერესებს, რას აკეთებდა ტუღუში მაშინ, როცა ხალხი იხოცებოდა, ქუჩაში არბევდნენ მიტინგებს, ოპონენტებს დევნიდნენ, არჩევნებს ტოტალურად აყალბებდნენ. ამდენად, ცაგარეიშვილის აზრით, ტუღუში მაშინდელი რეჟიმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო.
პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის მრჩევლად გიორგი ტუღუშის დანიშვნა საქართველოს სუვერენიტეტის კიდევ ერთი შელახვაა. თამარ კიკნაძე არ მალავს, რომ უშუალოდ გიორგი ტუღუშის მიმართ ძალიან უარყოფითად არ არის განწყობილი, რადგან ის არ ყოფილა „ნაცმოძრაობის“ ისეთი აგრესიული წევრი, როგორც სხვები იყვნენ, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ წევრობა საერთოდ ნორმალური არ არის. უბრალოდ, გიორგი ტუღუში შედარებით უფრო პოზიტიურად გამოიყურებოდა, პიროვნულადაც არ იყო აგრესიული, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ იმ სიტუაციაში შემთხვევით იყო მოხვედრილი.
„ამის მიუხედავად, ევროკავშირის ახლანდელი პროექტი ეს არის საქართველოს სუვერენიტეტში კიდევ ერთხელ ჩარევის მცდელობა. ევროკავშირის მხრიდან არც სასამართლო რეფორმის შესახებ ლაპარაკი მგონია სწორი. სასამართლო რეფორმა რომ განახორციელო, პოლიტიკური სისტემა ძალიან სტაბილური უნდა იყოს, ამას მთელი თავისი კანონზომიერებები აქვს. როდესაც თავისი ქმედებით დასავლელი პოლიტიკოსები არ უწყობენ ხელს სტაბილური პოლიტიკური სიტუაციის შექმნას საქართველოში, აქ რეფორმებზე ლაპარაკი ზედმეტია. შეიძლება, ვიღაცამ იკითხოს, გიორგი ტუღუში „ნაცმოძრაობის“ დროს ჩადენილ დანაშაულებზე ხმას ვერ იღებდა, მაგრამ ხომ შეეძლო, გადამდგარიყო?! სამოქალაქო გმირობას ყველას ვერ მოვთხოვთ. მაგალითად, მე გამათავისუფლეს სამსახურიდან, რადგან დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო „ნაციონალებთან“ თანამშრომლობა“, - აღნიშნა თამარ კიკნაძემ for.ge-სთან საუბრისას.
მანვე განმარტა, რომ მნიშვნელოვანი იქნება, გიორგი ტუღუში ახლა მაინც რა პოზიციას დაიკავებს.
„რატომ მის წინამორბედ ნინო ლომჯარიას არ დაუნიშნეს სახალხო დამცველის მრჩეველი? რადგან ის საერთოდ არ იცავდა ადამიანის უფლებებს და ვის უფლებებს იცავდა, კაცმა არ იცის. ლომჯარია „ნაცმოძრაობის“ უფლებებს უფრო იცავდა, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანების“, - აცხადებს თამარ კიკნაძე და ელის, როდის გამოიკვეთება, ტუღუში რა ხაზს გაატარებს.
პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ევროკავშირში უკვე აღარ იციან, გავლენები როგორ გაავრცელონ. მაშინაც კი, როცა უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანაზე იყო საუბარი, ესეც არასწორი იყო, რადგან საქართველოშივე უნდა გაზარდო ადგილობრივი კადრები და შესაბამისი სისტემა შექმნა, რათა სამართლებრივი პრინციპების დაცვა უზრუნველყო.
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ გიორგი ტუღუშის დანიშვნა სახალხო დამცველის მრჩევლად სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ევროკავშირში უკვე აღარ ერიდებიან თავიანთი აგენტურის გამოყენებას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.
„ეს ნიშნავს, რომ ახლანდელ ომბუდსმენს ჩაუსვეს თავიანთი აგენტი. გიორგი ტუღუში არანაირი სახალხო დამცველი არ ყოფილა, „ნაციონალების“ დროს სად იყო სახალხო დამცველი, ტუღუში იცავდა მხოლოდ თავის ინტერესებს“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე ჩვენთან საუბრისას.