„დაბალი პოლიტიკური კულტურის მქონე“  სამოქალაქო საზოგადოების ანატომია

„დაბალი პოლიტიკური კულტურის მქონე“ სამოქალაქო საზოგადოების ანატომია

საოცარი ხალხი ვართ ქართველები, ყველაფერს უცხოურს ისე მივუდგებით,  რომ ბოლოს ჩოხა-ახალუხივით მოვირგებთ. “დემოკრატობანა“ გნებავთ? - ა, ბატონო! გაიხედეთ ირგვლივ, კონკურსებია გამოცხადებული. უკონკურსოდ ვინ აგიყვანს სამსახურში? მაგრამ, აბა სცადე და ჩაიხედე მათ სამზარეულოებში, რასაც, როგორც წესი, არცერთი სამთავრობო სტრუქტურა არ აკეთებს, რაც, რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი. როგორ, რა კრიტერიუმებით ხდება კონკურსანტთა შერჩევა, რამდენად დაცულნი არიან ისინი ვოლუნტარიზმისაგან, ვქმნით კი ქვეყანაში რეალურად  კონკურენტურანიან გარემოს? რამდენად დაინტერესებულები ვართ ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში მოვიდეს ძლიერი, გონიერი, საქმის მკეთებელი ხალხი. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ვის ვუტოვებთ ასპარეზს, ვისი, ან რისი იმედი უნდა გვქონდეს?

დღეს არავისთვის გაუმხელელ საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ამბავი, რომ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, თითქმის ყველა სფეროში კვლავ წინასწარი დაწერილი სცენარით წყდება თანამშრომლების მიღება-არმიღების საკითხი. ამიტომ არის, რომ კარგა ხანია, რაც ნეპოტიზმით, ფავორიტიზმით შუა საუკუნეებში დავბრუნდით. თუ მას წინა წლებში იდეოლოგიური საფუძველი მაინც გააჩნდა და ე.წ. “მენტალური რევოლუციის“ შემოქმედნი, “სატრაპების” მეშვეობით კადრების შერჩევის საკითხს თავად წყვეტდნენ საკუთარი შეხედულებისამებრ, ამჟამად მას განსაზღვრავს ე.წ. კომპლიმენტარული პრინციპი, რომელიც, რა თქმა უნდა, არც ადრე იყო უცხო ჩვენთვის.

რას ნიშნავს ეს? ვისაც ოდესმე სახლში ძაღლი ჰყოლია, შეამჩნევდა ერთ საინტერესო ეფექტს - ძაღლი არჩევანს აკეთებს თქვენთან სტუმრად მოსულ უცხო პირებს შორის. რატომღაც ზოგიერთების მიმართ დადებით ემოციებს ამჟღავნებს და მისი კომპლიმენტი სტუმრის მიმართ კუდის ქნევით გამოიხატება, ზოგიერთის მიმართ კი აშკარა აგრესია იწყება, ხანდახან იმდენად შემაწუხებელი, რომ აუცილებელია მისი იზოლაცია. ეს კიდევ უფრო უკეთ ადამიანებში შეინიშნება.

ნებისმიერი “ერთობის“ შექმნას სწორედ კომპლიმენტარული პრინციპი უდევს საფუძვლად, სიმპათია ვიღაცის მიმართ და ანტიპათია ვიღაც სხვის მიმართ. ასეთ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ თუ რა აერთიანებს ასეთ ადამიანებს, რა არის მათი მისწრაფებები, აზროვნების ფორმა. მათი ინტელექტი, განათლება, ერთი შეხედვით, ისეთი დონის არაა, ფანატიზმიც უცხოა მათთვის, იმ ამოცანის ისე მარტივად გადასაწყვეტად, რასაც ისინი ახერხებენ - დაიმონონ უბრძოლველად ყველა დანარჩენნი, უარეს შემთხვევაში შეინარჩუნონ მათზე კონტროლი. არ არის აუცილებელი ეს ხალხი კორუმპირებულები იყვნენ, მათ შეზღუდული აზროვნება კარნახობთ, რომ განსხვავებული ნიჭისა და შეხედულებების ადამიანები ახლოსაც არ გაიკარონ.

ასეთი ადამიანები კი ჩვენს გვერდით არიან, რომლებიც  ყოველდღე გვეკონტაქტებიან: გვესალმებიან ზრდილობიანად, გვთხოვენ ასანთს, გვიყვებიან ანეგდოტს. შეუძლიათ სუფრასთან თვითეული ჩვენგანის სადღეგრძელო კეთილი სიტყვებით გამოთქვან, მაგრამ თქვენ მათ კომპლიმენტარულ ინსტიქტს ვერ დაიმსახურებთ, თუ მათი მსგავსი არა ხართ. მისთვის თქვენი ზრდილობა - სიბრიყვეა. პატიოსნება - უსუსურობა. თქვენ ძარცვა არ შეგიძლიათ? ე.ი. თქვენ მისთვის უბრალოდ იდიოტი ხართ. მასში თქვენი ზნეობრივი ნორმები გაუცნობიერებელ ზიზღს იწვევს, ანუ მათი გაგებით, თქვენ განვითარების უმდაბლეს საფეხურზე იმყოფებით.

“რაში მჭირდება ეს მათხოვარი“?- ასეთია მათი შეფასება. მათ შეუძლიათ ტყვიის გარეშეც მოგკლან, წაგართვან ყველაფერი, მათ შორის სამსახური, ულუკმაპუროდ დაგტოვონ ქუჩაში და არავითარი დისკომფორტი არ გაუჩნდეთ. გაუკვირდეთ კიდეც, თუ მათ მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამ. ამიტომ ტყუილად ელოდებით, რომ ისინი “საქმეში მიგიღებენ,“ ან დაგინათესავდებიან. ხოლო მათ, ვისაც დასდებენ პატივს, ასეთ “მსხვერპლთმიმღებთა“ მიერ შერჩეული ინდივიდი, როგორც გურჯიევი იტყოდა, ქმნილება ხდება. მარიონეტად გადაქცეული კი ვერ იაზრებს თავის უსუსურობას, თუნდაც თავზე გვირგვინი ედგას და ხელში კვერთხი ეჭიროს. ის შეიძლება კმაყოფილი იყოს (კმაყოფილი და არა ბედნიერი) თუნდაც იმიტომ, რომ დღეს ერთი ბანანით, ან ერთი კარტოფილით მეტის შოვნა შეძლო, ვიდრე გუშინ, ან იმით, რომ თანამოძმეებმა დღეს მარტო პერანგი წაართვეს, ქუდი კი სამათხოვროდ შეინარჩუნა. ასეთ სუბიექტს, რაგინდ განათლებულიც იყოს დაკარგული აქვს ღირსების გრძნობა, ძირითად ფასეულობათა აღქმის უნარი. ასეთ შემთხვევაში, ასეთი ქმნილებებისგან შექმნილი კრებულები სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბებისგან ყოველთვის შორს იქნებიან, ხოლო თუ რა უბედურება მოუტანა ასეთმა ყოფამ  ჩვენს ქვეყანას - შედეგი სახეზე გვაქვს.              

საქართველოს იმიჯისთვის არ არის საკმარისი, გვყავდა თუ არა რუსთაველი და ვაშენებდით ბაგრატს და სვეტიცხოველს, თუ ხელგაწვდილ მათხოვრებად  დავრჩებით და ჩვენი უსაშველო ეკონომიკური სიდუხჭირით პერმანენტულად ხელს შევუწყობთ ევროპასა და რუსეთში კრიმინალური ბანდების ექსპორტს, ხოლო მათ, ვისაც არ შეუძლია საკუთარი სამშობლოთი იამაყონ, ვისაც საკუთარი ქვეყნის ჰიმნის მოსმენაზე თვალზე ცრემლი არ ეკარება ღირსებადაკარგული, უბედური ადამიანია.

აი, რატომ არის გათითოკაცებული და დაუცველი ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრი, განურჩევლად პროფესიისა. ის უსამართლობისგან  ყოველთვის იყო და იქნება არა მარტო დაუცველი, მიტოვებულიც თავისივე კოლეგების მიერ და ეს გაგრძელდება მანამდე, სანამ სამოქალაქო საზოგადოების ანატომიაში არ გავერკვევით და ამ მოჯადოებული წრიდან ადამიანებს არ დავიხსნით.

გსურთ გავაგრძელოთ ასეთი ცხოვრება? მაშინ თუ არ გნებავთ გამოსავალზე ყველამ ერთად ვიფიქროთ?

მავანთათვის გამოსავალია, თუ ივანიშვილი გადაინაცვლებს სამოქალაქო სექტორში, განახორციელებს ინვესტიციას და ამით დაბალი კულტურის მქონე საზოგადოებას გუნება-განწყობას გამოუსწორებს. ვისაც გჯერათ ამ ზღაპრების, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ! მაგრამ ვისაც არ გვჯერა, დანარჩენებმა იმის საშუალება მაინც მოგვეცით, რომ ემოციებით ნაკარნახებ  გაწყვეტილებამდე, გონებას მოვუხმოთ. 

ერთი შეხედვით დღევანდელ სიტუაციას მკვდარი წერტილიდან ვერ დაძრავ, რადგან იქაურობა 21-ე საუკუნის ფეოდალებს ციხესიმაგრეებად აქვთ გადაქცეული, თვითონ კი შიგ თავს კარგად გრძნობენ. არადა, უნდა ვიჩქაროთ, რადგან ისედაც მათი წყალობით საზოგადოების დიდი ნაწილია დამონებული. ჩვენი დუმილით, გულგრილობით მონების არმიას ნუ გავზრდით! ჩვენ თავისუფალი მოქალაქეები უნდა შევქმნათ. ერთად დგომით, ერთმანეთის გატანით! ნუ დაგვავიწყდება, რომ ძალა ერთობაშია, ერთობა კი მაშინ მიიღწევა თუ ყველა ერთისთვის ვიქნებით და ერთი - ყველასათვის!

ამას კი ნამდვილად არ სჭირდება არც გრანტები და არც ინვესტიციები. ეს მხოლოდ თავისუფალი ადამიანების ნებაზეა დამოკიდებული. შევქმნათ მონიტორინგისთვის სხვადასხვა სპეციალობების მიხედვით ჯგუფები და მკაცრად გავაკონტროლოთ ჩატარებული თუ ჩასატარებელი კონკურსები; მოვითხოვოთ, თუ რა კრიტერიუმებით ხდება კადრების შერჩევა და რამდენად თავისუფალია იგი ვოლუნტარიზმისაგან. ნებისმიერი დარღვევა უნდა გასაჯაროვდეს და დამრღვევი ჩაყენებულ იქნას ისეთ გარემოში, რომ საზოგადოებაში თავი კეთროვნად იგრძნოს.

მხოლოდ ამ გზით თუ მივაღწევთ თავისუფალი მოქალაქეებისგან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ჩამოვაყალიბოთ, რომელიც ზვიადს, ედოს, მიშას და ბიძინას კი არ იძახებს,  გონების კარნახით ამოიყვანს ჭაობიდან საქართველოს.

P.S. ჩემი ნათქვამი, რომ არ დამრჩეს “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა,“ საკონტაქტოდ ვტოვებ:  ტელ.: 555392867 / ელ ფოსტა: mchedo@yahoo.com

დავუკავშირდეთ ერთმანეთს!