ტომი ბოლინი - მოკლე და შთამბეჭდავი მუსიკალური კარიერა

ტომი ბოლინი - მოკლე და შთამბეჭდავი მუსიკალური კარიერა

ძალიან იშვიათია მუსიკოსის ისეთი მეტამორფოზა და ფარული გავლენიანობა, რითაც აღსანიშნავია გიტარისტ ტომი ბოლინის სულ რაღაც ექვსწლიანი მუსიკალური კარიერა.

მან ამ ხნის განმავლობაში სამ ჯგუფში შეცვალა გიტარისტი და აქედან გამომდინარე სხვადასხვა დოზით ითავა კიდეც ამ კოლექტივების ლიდერობა.

ყველაფერი 1969 წელს დაიწყო, როცა 18 წლის ტომი ბოლინი ჯგუფ Zephyr-ში აღმოჩნდა და მეორე ალბომის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა. საინტერესო ბლუზ როკ პროექტი ჯენის ჯოპლინის ტიპის ვოკალს ეფუძნებოდა, მაგრამ მისგან განსხვავებით, მეტ ინსტრუმენტულ მახვილგონივრულობას ავლენდა და საკმაოდ საინტერესოდ ისმინებოდა. აშკარად იგრძნობოდა ახალგაზრდა გიტარისტის ფიუჟენ განსწავლულობა, რაც სულ მალე გამოვლინდებოდა ერთ მეტად საინტერესო პროექტში, რომელიც სახელგანთქმულ დრამერ ბილ კობემს ეკუთვნოდა.

1972 წელს ჯონ მაკლაფლინის Mahavishnu Orchestra-ს დრამერმა სოლო ალბომი Spectrum ჩაწერა. 21 წლის ტომი ბოლინი აქ ისეთ დიდ მუსიკოსებთან ერთად აღმოჩნდა სტუდიაში, როგორიცაა ზემოთხსენებული დრამერი, Mahavishnu Orchestra-ს კიდევ ერთი წარმომადგენელი - პიანისტი იან ჰამერი და ბას გიტარის დიდოსტატი ლელანდ სკლერი.

მუსიკის ზოგიერთი გურმანი მომავალში აღნიშნავდა, რომ ვირტუოზი ინსტრუმენტალისტების ასეთ შემადგენლობაში, ტომი ბოლინის გიტარა თითქოს ოდნავ იკარგებოდა, მაგრამ ერთის მხრივ ამის მიზეზს დრამერისა და პიანისტის კარგა ხნის პარტნიორობაში უნდა ვეძიოთ, რაც შეგნებულად კლავიშების დომინირებაში გადაიზარდა, მეორეს მხრივ კი დაუჩვეველ ყურში, რომელიც ამგვარ ჟღერადობაში, ჯონ მაკლაფლინის გიტარის ბგერას ელოდა.

ფაქტი ერთია, რომ ამ ალბომის შემდეგ ტომი ბოლინი ოჰაიოს შტატის უმთავრეს ჰარდ როკ კოლექტივ James Gang-ში მიიწვიეს, სადაც მან შესანიშნავი გიტარისტი დომინიკ ტროიანო შეცვალა, თავის მხრივ მომავალში თვით Eagles-ის ლიდერ ჯო უოლშის ადგილი რომ ეკავა ჯგუფში.

ალბომებმა Bang! და Miami ჯგუფის რეპერტუარი ჰარდ როკიდან უფრო ფანკის მიმართულებით მიმართა, რისი მაღალ დონეზე შესრულება ტომი ბოლინის დიდი დამსახურება იყო, მაგრამ ჯერ სად ვართ. მალე მას თურმე თვით რიჩი ბლექმორი უნდა შეეცვალა ლეგენდარულ Deep Purple-ში, რასაც ერთი ძალიან საინტერესო არშემდგარი პროექტი უძღოდა წინ.

ბილ კობემთან ჩაწერილმა ალბომმა ტომი ბოლინს საყოველთაო აღიარება მოუტანა. მეტიც, მან გადაწყვიტა სუპერ ალბომის ჩაწერა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ დევიდ ფოსტერი, დევიდ სანბორნი, ფილ კოლინზი, გლენ ჰიუზი, იან ჰამერი, სტენლი შელდონი. ჩანაფიქრს შესრულება კი ზემოთქმული მიზეზის გამო არ ეწერა. Deep Purple-ს ლოდინის დრო წინასწარ გაწერილი დაძაბული საკონცერტო გრაფიკის გამო მაინცდამაინც არ ჰქონია. გამოწვევა კი მეტად სერიოზული იყო!

ტომი ბოლინს კურთხევა ლეგენდარულ ჯგუფში დაკვრისა ხომ თვით დიდმა მაესტრომ მისცა, რომელმაც უჟმური ხასიათის მიუხედავად, გიტარა საკუთარი ხელით (!) გაუწმინდა უმცროს კოლეგას, თან დაარიგა, რომ ასეთ ბინძურ ინსტრუმენტზე დაკვრა, მუსიკოსს არ შეშვენოდა და დაულოცა გზა Deep Purple-სკენ! ცოტა უცნაურად არ ჟღერს ასეთი საქციელი ბლექმორისაგან? ეტყობა Rainbow-ს დაარსებამ საოცრად ამაღლებული განწყობა შეუქმნა რიჩის, რომელიც გულგრილი სულაც არ ყოფილა თავისი აწ უკვე ყოფილი ჯგუფის მიმართ...

Deep Purple-ს 1975 წლის ალბომი Come Taste The Band უჩვეულო რომ გამოდგა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ ერთი ამბავი მინდა გავიხსენო ადრეული წარსულიდან, როდესაც ხელთ ჩამივარდა ალბომის ჩეხური ფირმა Supraphon-ის ვერსია. საკმაოდ შელახული დისკი 1978 წლით იყო დათარიღებული და მისი ასეთი მდგომარეობა კიდევ უფრო ართულებდა ნამუშევრის Deep Purple-ს ადრეულ შედევრებთან დაკავშირებას. პატარა „ექსპერტებმა“ ისიც კი ვიფიქრეთ, დისკს Whitesnake -ს ნაცვლად უკეთ გაყიდვის მიზნით, შეგნებულად ხომ არ დააწერეს Deep Purple-ო (!). საქმე ისაა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გადაბეჭდილ დისკებზე შეცდომები გამორიცხული სულაც არ ყოფილა.

ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ მსგავსი მეტამორფოზის პოვნა ერთი ჯგუფის შემოქმედებაში, აშკარად იშვიათობაა. თუკი პარალელს გავავლებთ თუნდაც ერთი წლის წინანდელ ალბომ Burn-თან, რომ აღარაფერი ვთქვათ უფრო ძველ In Rock-სა და  Machine Head-ზე, მივხვდებით, რომ ტომი ბოლინის სახით ერთმა მუსიკოსმა, ძირეულად შეცვალა ჯგუფის ხელწერა, სულისკვეთება, მუხტი, ენერგეტიკა...

როგორ შეგვიძლია დავახასიათოთ მისი მოღვაწეობა Deep Purple-ში? აქ აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ერთიმეორისაგან სტუდიური და საკონცერტო დაკვრა.

ტომი ბოლინმა კიდევ უფრო შემატა ფიუჟენ ელემენტები Deep Purple -ს რეპერტუარს,  რაც ჯერ კიდევ წინამორბედ ალბომ Stormbringer-შიც იგრძნობოდა და საუკეთესო ტანდემი შექმნა ბას გიტარისტ და მომღერალ გლენ ჰიუზთან. საერთოდ Come Taste The Band-ის ფილოსოფია მათ მიერაა შექმნილი, დევიდ ქოვრდეილი ალბათ მესამე ადგილზე უნდა დავაყენოთ, ჯონ ლორდისთვის Stormbringer-თან ერთად, ცალკეული გამონათებების მიღმა, ეს ალბომი ყველაზე უსახური გამოდგა, ხოლო  იან პეისი კი... პეისი აქ ხმის ინჟინრობას თვით ცნობილ მარტინ ბირჩთან ერთად ეწევა.

ალბომს ენერგიული Coming Home ხსნის, რომელიც დასაწყისიდანვე გრანდიოზულობის შექმნის ილუზიის მიუხედავად, ყველაზე მეტად ტომი ბოლინის გააზრებული სოლოთია დასამახსოვრებელი. სხვა მხრივ კი... Deep Purple-ს ასეთი უღიმღამო გახსნა, 1968-1974 წლების არცერთ სტუდიურ ჩანაწერს არ ახსოვს. ალბომი თანდათანობით ეშხში უკვე მეორე სიმღერიდან Lady Luck შედის; მომდევნო Getting Tighter -ში კი ქოვერდეილი საერთოდ ისვენებს და ვოკალის პარტიას გლენ ჰიუზი ასრულებს.

საინტერესოა მომდევნო Dealer, სადაც ბოლინის ხანგრძლივ სოლოსთან ერთად, მის შესანიშნავ მისამღერსაც ვხვდებით. ალბომის პირველი გვერდის დამაგვირგვინებელი კი ქოვერდეილის ეშხიანად ნამღერი I Need Love გახლავთ, რომელიც გლენ ჰიუზის ფანკური ბას გიტარის ფონზე ბოლინის ეფექტური, მაგრამ გარკვეული ხარვეზებით დაკრული სოლოთი მთავრდება.

ალბომის პირველ გვერდზე ჯონ ლორდის სოლოს საერთოდ ვერ ვხვდებით, მეორე ნაწილი კი ამ მხრივ შედარებით საინტერესოა და დამაბოლოვებელი You Keep On Moving ერთადერთია, სადაც როგორც ბოლინი, ასევე ლორდი სოლოებს უკრავენ.

რაც შეეხება ტომი ბოლინის საკონცერტო მოღვაწეობას Deep Purple-ში, ალბათ ეს ყველაზე უკეთ Led Zeppelin-ის ლეგენდარულმა დრამერმა ჯონ ბონემმა შეაფასა. იგი  ამერიკაში  ერთ-ერთ კონცერტზე ნასვამი აიჭრა სცენაზე. დაცვამ იგი იცნო და ვერ (არ) დააკავა. Deep Purple-ს გარკვეული პერიოდით კონცერტის გაჩერება მოუწია. ბონემი კი მივიდა მიკროფონთან და განაცხადა, რომ არასასურველია Deep Purple-ში ისეთი მუსიკოსის ყოფნა, როგორც მისი ამჟამინდელი გიტარისტია, რადგან იგი არცხვენდა დიდებულ ინგლისურ ჯგუფს ამერიკელი პუბლიკის წინაშე!

ბონემი ნამდვილად არ ტყუოდა, რადგან ტომი ბოლინი ზოგჯერ ისეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა სცენაზე, რომ Smoke On The Water-ის ტრადიციული მოტივის შესრულებაც კი არ შეეძლო.

იგი Deep Purple -ს დაშლიდან  სულ მალე, 1976 წლის 4 დეკემბერს ჰეროინის ჭარბი დოზით მიღებისაგან გარდაიცვალა და ზემოთხსენებული ნამუშევრების გარდა, როკ ისტორიას ორი სოლო ალბომიც შემოუნახა.