თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მძღოლები ხელფასის შემცირებას უჩივიან და საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. მათი საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის, დავით სებუას ინფორმაციით, მძღოლებიც ისეთივე საპასუხისმგებლო სამუშაოს ასრულებენ, როგორც ექიმები, ვინაიდან სწორედ მძღოლია პასუხისმგებელი პაციენტისა და ექიმების ოპერატიულად და უსაფრთხოდ გადაყვანაზე.
აქამდე სასწრაფო დახმარების მძღოლებს სამ დღეში ერთხელ უწევდათ მორიგეობა და ყოველთვიური მინიმალური ანაზღაურება 850 ლარს შეადგენდა. ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მძღოლები ოთხ დღეში ერთხელ მორიგეობენ და მათი ხელფასი 480 ლარი გახდა.
ამის გამო, სასწრაფო დახმარების 220-მა მძღოლმა საინიციატივო ჯგუფი შექმნა, რომლებიც საკუთარ მოთხოვნებს წერილობითი ფორმით სასწრაფო დახმარების უფროსს შალვა ბრაჭულს წარუდგენენ. როგორც მძღოლები აცხადებენ, ერთ სამუშაო საათში უფროს ექიმს 6 ლარი და 40 თეთრი, უმცროს ექიმს 5 ლარი და 40 თეთრი და მძღოლს კი 4 ლარი და 40 თეთრი ერიცხება.
სასწრაფოს მძღოლების პრობლემებს გამოეხმაურა ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანია. მისი ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელობა მძღოლებს ცრუ დაპირებებს აძლევს და რეალურად სასიკეთო არაფერი კეთდება. თუ მძღოლების ხელფასები არ გაიზრდება, მომავალი კვირიდან ისინი საპროტესტო აქციებს დაიწყებენ, რასაც სოლიდარობას პირველივე დღეს მათივე ოჯახის წევრები გამოუცხადებენ.
ტრანსპორტის მუშაკთა პროფკავშირებში აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციების გამო, გამოძახებაზე გაუსვლელობის შემთხვევაში, გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელი შალვა ბრაჭული იქნება.
ლავრენტი ალანიას ინფორმაციით, ბრაჭულმა მოადგილედ გორის პოლიციის ყოფილი უფროსი, გიორგი ბუთხუზი დანიშნა, რომელსაც სხვა საქმესთან ერთად, სადამსჯელო ფუნქციაც აკისრია. ამის სამაგალითოდ ლავრენტი ალანიამ სასწრაფო დახმარების მანქანებზე დამაგრებული 29-ლარიანი ანტენის დაზიანება დაასახელა, რომლის ანაზღაურება იმ სამ მძღოლს დააკისრა, რომელიც აღნიშნულ მანქანას ემსახურება. თითოეულ მძღოლს კი დაზიანებული 29-ლარიანი ანტენის სანაცვლოდ, ხელფასიდან 105 ლარი, ანუ საერთო ჯამში 315 ლარი დაექვითა. მძღოლები იმასაც აცხადებენ, რომ მათ ვიწრო ქუჩებსა და ჩიხებში შესვლა ეკრძალებათ, ვინაიდან, შესაძლოა, მანქანა დაიკაწროს და ზიანის ანაზღაურება ისევ მათ მოუხდეთ.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა შალვა ბრაჭულმა მძღოლების პროტესტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცენტრში განხორციელებული ცვლილებები განპირობებულია “შრომის კოდექსში” შეტანილი ცვლილებებით.
“დღევანდელი მდგომარეობით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მძღოლებს ანაზღაურების სახით დაერიცხებათ 844 ლარი, ხოლო მათი მორიგეობების რაოდენობა შეადგენს თვეში 8 მორიგეობას. ისინი იმორიგევებენ ყოველი მესამე დღის ნაცვლად, ყოველ მეოთხე დღეს. საათობრივი ანაზღაურება არ შეცვლილა და შეადგენს 4.40 ლარს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მორიგეობების რაოდენობა ყველა მძღოლს თანაბრად გადაუნაწილდა. ამ დრომდე მძღოლების მორიგეობების გრაფიკი საკმაოდ არათანაბრად იყო განაწილებული, ზოგიერთ მათგანს თვეში 12-15 მორიგეობა, ზოგს კი 5 მორიგეობა უწევდა”, - განაცხადა ბრაჭულმა.
მისივე თქმით, ოქტომბრიდან ქალაქს მოემსახურება დამატებით კიდევ 20-25 ბრიგადა, შესაბამისად, გაიზრდება მძღოლების მორიგეობების რაოდენობაც.
“მიმდინარობს კონსულტაციები შესაბამის უწყებებთან, ახალი წლიდან სასწრაფოს ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებითაც, რაც ანაზღაურების გაზრდას ითვალისწინებს. უნდა გვესმოდეს ისიც, რომ ჩვენ მიერ დასაქმდა 40 ადამიანი და ამდენივე ოჯახს გაუჩნდება შემოსავლის წყარო. სამსახური ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და შექმნილი გარემოება არ იქონიებს გავლენას მომსახურებაზე”, - აღნიშნულია ბრაჭულის განხადებაში.