შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერი“ ისევ რუსეთის თავდაცვის უწყებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ შოიგუსთან კონტრაქტს არ გააფორმებს. დაჯგუფების ლიდერმა ევგენი პროგოჟინმა აღნიშნა, რომ შოიგუ სამხედრო ფორმირებას ვერ მართავს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი პანკოვმა შაბათს თქვა, რომ „მოხალისე ფორმირებებს“ მოეთხოვებათ კონტრაქტების გაფორმება უშუალოდ თავდაცვის სამინისტროსთან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს უკრაინაში მებრძოლი რუსული ქვედანაყოფების „ეფექტიანობის გაზრდას“.
დასავლური მედიის ვარაუდით, თავდაცვის ჩინოვნიკებსა და კერძო სამხედრო ჯგუფს შორის რამდენიმეთვიანი შიდა დაპირისპირების შემდეგ, რუსეთის ოფიციოზი ცდილობს „ვაგნერი“ თავად გააკონტროლოს.