ბრიტანულ ჟურნალ "ეკონომისტში" (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "როგორ უნდა დამარცხდეს პუტინი სტრატეგიულად", რომელშიც გაანალიზებულია უკრაინის აწმყო და პერსპექტივა, რუსეთთან ომის შეწყვეტის შესაძლებლობები და კიევის უსაფრთხოების გარანტიების პირობები, ასევე, განხილულია დასავლელი ექსპერტების მიერ შემუშავებული სცენარები და მათი რეალიზების შუქ-ჩრდილები.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
უკრაინის არმიის მიერ დაგეგმილი კონტრშეტევა, რომელიც, ზოგიერთი ცნობით, უკვე დაიწყო ან მალე დაიწყება, უეჭველია, ევროპაში უსაფრთხოების წესრიგს შეცვლის - ისევე, როგორც თითქმის 80 წლის წინათ, 1944 წელს, ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების მიერ განხორციელებულმა შეტევამ (მეორე ფრონტის გახსნამ) შეცვალა და, საბოლოო ჯამში, დააჩქარა ფაშისტური გერმანიის განადგურება.
რა თქმა უნდა, დღეს სიტუაცია შეცვლილია - ნაცისტური გერმანიისაგან განსხვავებით, რუსეთი ბირთვულ სახელმწიფოს წარმოადგენს და ძნელია იმის წარმოდგენა, რომ კრემლი სრულ კაპიტულაციაზე დათანხმდება. უკრაინის განცხადებით, კიევის მიზანია იმ მიწა-წყლისა და ტერიტორიების დაბრუნება, რომლებიც რუსეთმა 2014 წლის შემდეგ ჩაიგდო ხელში - მიიტაცა და დაიპყრო ანუ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იმ საზღვრებში, რომლებიც 1991 წლისათვის არსებობდა, სსრ კავშირის დაშლის შემდეგ. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინის არმია მიზნის მიღწევას შეძლებს (რაც ძალიან საეჭვოა), მაინც არსებობს შიში, რომ კრემლი ასეთ დამამცირებელ მარცხს ვერ შეურიგდება და კრახის თავიდან ასაცილებლად ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
სამხედრო ექსპერტები და სტრატეგოსები უკრაინის არმიის კონტრშეტევის რამდენიმე სავარაუდო სცენარს განიხილავენ, მათ შორის ისეთსაც, რომელიც რუსეთისათვის ყველაზე დამაზიანებელი და უკრაინისათვის ყველაზე მომგებიანი იქნება. ერთ-ერთ ასეთ სცენარს წარმოადგენს უკრაინის არმიის მიერ ზაპოროჟიედან შეტევის დაწყება, ყირიმისა და დონბასის ერთმანეთთან დამაკავშირებელი "სახმელეთო დერეფნის" გადაჭრა და აზოვის ზღვის ნაპირზე გასვლა, შემდეგ კი ცალ-ცალკე ყირიმისა და დონბასის გათავისუფლება. მაგრამ დასავლელი ექსპერტები სიტუაციას რეალურად აფასებენ და უკრაინის არმიის მხრიდან ასეთი წარმატებული შეტევის მოლოდინი არ აქვთ, თუმცა დარწმუნებულნი არიან, რომ უკრაინის არმია უკან აღარ დაიხევს და რუსეთს მეტ ტერიტორიას აღარ დაუთმობს. კაცმა რომ თქვას, არც რუსეთს აქვს დიდი შეტევის წამოწყების შესაძლებლობა, რადგან მისი რესურსი უსასრულო არ არის. გარდა ამისა, კრემლმა იცის - როგორც კი თვითონ შეუტევს, დასავლეთი კიევისადმი დახმარებას გააძლიერებს. ასე რომ, სიტუაცია პატურია და თითქმის ჩიხში შესული.
მართალია, უკრაინა უარყოფს, რომ კონტრშეტევა არ დაუწყია, მაგრამ იმის მიხედვით, რასაც ახლა ვხედავთ, ვთქვათ, კახოვკის კაშხლის განადგურების ფონზე, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია უკრაინის შეიარაღებული ძალების გადამწყვეტი გააქტიურება, რომლის შედეგზეც საგარეო ფაქტორი მნიშვნელოვნად იმოქმედებს.
ამერიკელი და ევროპელი ჩინოვნიკებისა და ექსპერტების აზრით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამოქმედო გეგმად ორი მიზნის მიღწევა გამოაცხადა: პირველი - უზრუნველყოს, რომ უკრაინა არ დამარცხდეს და მეორე - უზრუნველყოს, რომ რუსეთთან პირდაპირ ომში ნატო არ იქნას ჩათრეული, რასაც ბირთვული კატასტროფა შეიძლება მოჰყვეს.
თავის მხრივ, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმაც თავისი სამოქმედო გეგმის საზღვრები წარმოაჩინა: "ცისქვეშეთს" არ სურს რუსეთის სრული დამარცხება, რადგან მოსკოვი მისი ახლო პარტნიორია. პეკინი ცდილობს, რომ რუსეთი არ იქნას მიყვანილი იმ ზღვრამდე, როცა კრემლი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე იფიქრებს. ჩინეთს, ასევე, არ უნდა ევროპასთან და რუსეთთან კავშირების გაწყვეტაც, მაგრამ რუსეთან ურთიერთობისას გარკვეულ დისტანციას იკავებს - ყიდულობს რუსულ ნავთობს და გაზს, მაგრამ არ აკმაყოფილებს მოსკოვის თხოვნას იარაღის მიწოდებაზე. თუმცა დასავლელი ჩინოვნიკები შიშობენ, რომ თუ ცისქვეშეთი დაინახავს, რომ რუსეთი მარცხდება, პეკინი თავის "სამხედრო ნეიტრალიტეტის" პოზიციას შეცვლის და კრემლს იარაღით დაეხმარება.
სხვათა შორის, ამერიკელი გენერლები, რომლებიც, პრინციპში, მხარს უჭერენ ჯო ბაიდენის სტრატეგიას, დაინტერესებულნი არიან იმითაც, რომ რუსეთი ისეთი სახით დამარცხდეს, რომ კრემლმა სამხედრო პოტენციალი დაკარგოს და ახალი აგრესიული ომის დაწყების შესაძლებლობა აღარ ჰქონდეს. ეს მიზანი საკმაოდ მიმზიდველია ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნებისთვის, რადგან მათ ორი ომის ერთდროულად წარმოების პერსპექტივა დიდი ხნის განმავლობაში აშინებდათ - რუსეთთან ევროპაში და ჩინეთთან - აზიაში და წყნარი ოკეანის რეგიონში. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან ომის საფრთხე (რისკი) არსებითად შემცირდება (ვთქვათ, რამდენიმე წლის განმავლობაში მაინც), ეს მათ შესაძლებლობას მისცემს, მეტი რესურსი მიმართონ ჩინეთის შესაკავებლად, რომელიც ბოლო დროს აშშ-ის ყველაზე დიდ სამხედრო პრობლემად გადაიქცა.
ამას წინათ, უკრაინის არმიის კონტრშეტევის სავარაუდო დაწყებამდე, ლონდონის ახლოს, დიჩლი-პარკში მდებარე დიდებულ სასახლეში, დასავლელი მაღალჩინოსნებისა და ექსპერტების ჯგუფი შეიკრიბა, რომლებმაც არაფორმალურ გარემოში ომის სავარაუდო განვითარების პერსპექტივაზე იმსჯელეს. დისკუსიის დროს სამი სცენარი გამოიკვეთა:
პირველი - უკრაინის არმია რუსეთის პოზიციებს არღვევს და ყირიმის გათავისუფლებასაც დააპირებს. ასეთმა სცენარმა შეიძლება ვლადიმერ პუტინის კრახი გამოიწვიოს და იგი ხელისუფლებას ჩამოაშორონ. ზოგიერთები თვლიან, რომ ეს ევროპაში მშვიდობის აღდგენის საუკეთესო შანსს წარმოადგენს, მაგრამ არავინ იცის, შენარჩუნდება თუ არა ასეთ სიტუაციაში დისციპლინა რუსეთის არმიაში და რამდენად მყიფეა თვითონ ვლადიმერ პუტინის მიერ შექმნილი ვერტიკალი. გარდა ამისა, ბირთვული ომის საფრთხეც სრულად არ გამქრალა. სხვათა შორის, ზოგიერთ ამერიკელ ოფიციალურ პირს უფრო მეტად აღელვებს თვითონ ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა და არა იმდენად რუსეთის ქაოსის მორევში ჩაძირვა, როცა არავინ უწყის, რა მოხდება, თუ ხელისუფლება ქვეყნის ბირთვულ არსენალზე კონტროლს დაკარგავს.
მეორე სცენარი რუსეთის შეზღუდულ დანაკარგებს გულისხმობს მისი დამარცხების პერსპექტივით: ვთქვათ, კრემლი კარგავს დონბასს, მაგრამ ყირიმს ინარჩუნებს. დონბასის დაკარგვა პუტინისათვის დამამცირებელი იქნებოდა - მან ხომ თავის დროზე დონეცკ-ლუგანსკის ოლქების მოსახლეობას მტკიცედ აღუთქვა უსაფრთხოების უზრუნველყოფა!
მესამე სცენარი უკრაინისათვის ყველაზე უფრო ბნელ და უღიმღამო პერსპექტივას, პატურ სიტუაციას გულისხმობს: რუსეთი ინარჩუნებს მიტაცებულ-დაპყრობილი ტერიტორიების დიდ ნაწილს. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, უკრაინელების ნდობა და იმედი დასავლეთის მიმართ ძალზე შესუსტდებოდა, ვლადიმერ პუტინს კი გამბედაობა შეემატებოდა - იგი მოისურვებდა თავდაპირველი გეგმის განხორციელებას, რომელიც უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილის გაკონტროლებას და ქვეყანაში მარიონეტული მთავრობის შექმნას ითვალისწინებს.
ვლადიმერ პუტინი, ალბათ, ფიქრობს, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია უკრაინის საბოლოო დამორჩილება: რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები და საზღვაო ფლოტი, ძირითადად, არ დაზარალებულა, მას კიდევ აქვს ცოცხალი ძალის მობილიზების რესურსები. გარდა ამისა, კრემლი, ალბათ, დაელოდება დასავლეთში მოვლენების განვითარებასაც, ვთქვათ, აშშ-ში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, კერძოდ, ვლადიმერ პუტინს იმედი აქვს, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდება. ჩვენ ვიცით, რომ ექს-პრეზიდენტი ნეგატიურად უყურებს უკრაინის ომში მილიარდობით დოლარის ხარჯვას, საკუთარი სამხედრო არსენალის შემცირებას და სისხლისმღვრელი ომის გაგრძელება არ სურს (ხომ გახსოვთ დონალდ ტრამპის ნათქვამი, "პრეზიდენტი რომ ვიყო, ომს 24 საათში დავამთავრებდიო"). არსებობს, აგრეთვე, მნიშვნელოვანი ალბათობა იმისა, რომ 2027 წლისათვის საფრანგეთის პრეზიდენტი ულტრამემარჯვენე და, იმავდროულად, რუსოფილი მარინ ლე პენი გახდეს, რომელსაც თავისი ქვეყნის გაყვანა სურს ნატოს გაერთიანებული სარდლობის დაქვემდებარებიდან.
როგორ უნდა იქნეს თავიდან აცილებული ომის გაჭიანურება? რჩება იმის იმედი, რომ უკრაინა რუსეთს ისეთ გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს, რომელიც აიძულებს ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როცა ბრძოლის ველზე განცდილი მარცხის ჯაჭვი გაგრძელდება.
ზოგიერთ დასავლელ ოფიციალურ პირს, განსაკუთრებით - გერმანელებს, იმედი აქვთ, რომ უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევას სამშვიდობო მოლაპარაკებები მოჰყვება, მაგრამ ამერიკელები გერმანელების თვალსაზრისს ფრთხილად უყურებენ და ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებაზე არასოდეს წავა, თუ იგი არ დამარცხდება. და თუნდაც მოლაპარაკება დაიწყოს, მასში რუსეთის მონაწილეობა დასავლეთისთვის და უკრაინისათვის არასასურველი იქნება - კრემლი შეეცდება, რაც შეიძლება მეტად გააჭიანუროს საკითხების გადაწყვეტის პროცესი და დრო ტაქტიკურად მოიგოს.
არიან ექსპერტები, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ დასავლეთი და, კერძოდ, აშშ ერთგული იქნება დაპირების, გაუწიოს უკრაინას "იმდენი დახმარება, რამდენიც საჭირო იქნება". როგორც ვაშინგტონში არსებული კარნეგის ფონდის ექსპერტი - ერიკ ჩიარამელა ამტკიცებს, დასავლელმა ლიდერებმა უკრაინის რეკონსტრუქციისა და დასავლეთთან ინტეგრაციის გეგმა უნდა შეიმუშაონ, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, რომელიც დე-იურედ იქნებბა განმტკიცებული. ზოგიერთ დასავლელ ლიდერს დღემდე მიაჩნია, რომ მსგავსი საკითხები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უნდა იქნეს განხილული, მაგრამ ერიკ ჩიარამელას აზრით, გეგმა ხელს შეუწყობს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას, რითაც ვლადიმერ პუტინს გამარჯვებისა და კონფლიქტის გაჭიანურების შესაძლებლობა აღარ ექნება.
უკრაინისათვის "უსაფრთხოების გარანტიები" 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავსი არ უნდა იყოს, რომელმაც არ გაამართლა. კიევის და მისი აღმოსავლეთევროპელი მოკავშირეების თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიას მხოლოდ ნატოს სრულუფლებიანი წევრობა წარმოადგენს, როცა კიევისათვის წესდების მე-5 მუხლი ამოქმედდება. ნიშანდობლივია, რომ რუსეთი, როცა უკრაინის ინფრასტრუქტურას ანადგურებს, კიევის მეზობელი ნატოს წევრი ქვეყნების მიმართ დიდ სიფრთხილეს ინარჩუნებს.
უკრაინის ნატოში მიღების საკითხთან დაკავშირებით დასავლელი მოკავშირეები ერთსულოვანნი არ არიან. კერძოდ, გერმანია ამტკიცებს, რომ ქვეყანა, რომელსაც მეზობელთან ტერიტორიული დავები აქვს და განსაკუთრებით იმ დროს, თუ ის საომარ მდგომარეობაში იმყოფება, დაუშვებელია ნატოს წევრი იყოს (თუმცა თავის დროზე გერმანია ისე გახდა ნატოს წევრი, რომ მისი ტერიტორია ორად იყო გაყოფილი). ნებისმიერ შემთხვევაში აშკარაა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინის დასაცავად ამერიკის ჯარს არ გაგზავნის ანუ გამოდის, რომ უკრაინა ისეთ "ეკლიან ზღარბად" უნდა იქცეს, რომელიც რუსეთს შეაკავებს და თუ მოსკოვი თავს დაესხმება, მას ეს ძვირად დაუჯდება.
ერიკ ჩირამელას აქვს ხუთპუნქტიანი წინადადება უკრაინისათვის პრინციპით - "ნატოს წესდების მე-5 პუნქტზე ნაკლები, მაგრამ უფრო მეტი, ვიდრე ბუდაპეშტის მემორანდუმი":
პირველი - უკრაინის მიმართ უსაფრთხოების დაცვის ვალდებულების იურიდიული განმტკიცება - ისეთი, როგორიც ამერიკას აქვს ისრაელის ან ტაივანის მიმართ (რაც კიევს დაცვის გარანტიას მისცემს, იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება აშშ-ის ან ევროკავშირის ხელისუფლებაში);
მეორე - უკრაინის არმიის გაწრთვნა და შეიარაღება;
მესამე - უკრაინის სამხედრო მრეწველობის აღდგენა და განვითარება;
მეოთხე - პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის შემუშავება (ნატოს წესდების მე-4 პუნქტის შესაბამისად);
მეხუთე - მკაფიო გზა ევროკავშირის წევრობისაკენ.
ეს ყველაფერი ნატოს წევრობის ალტერნატივა კი არ იქნებოდა, არამედ - ჩრდილოატლანტიკური ალიანსისაკენ გადებული ხიდი. ამ წინადადების პრაქტიკული რეალიზება მოსკოვს აგრძნობინებს, რომ ომის გაჭიანურების მცდელობით ვერაფერს მიაღწევს.