საქართველოს ციკლონი მოუახლოვდა

საქართველოს ციკლონი მოუახლოვდა

სოჭის აეროპორტის დატბორვის შემდეგ ჩვენი მოსახლეობა შიშობს, რომ საქართველოშიც ციკლონთან დაკავშირებით რთული პროცესები განვითარდება. თუმცა ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის თანამშრომლრები ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ და ეს ჩვეულებრივ ბუნებრივ პროცესად მიაჩნიათ.

ერთი კია, შავი ზღვის მხრიდან გავრცელებას უკვე იწყებს ბალტიის ზღვიდან გადმონაცვლებული ციკლონი და მასთან დაკავშირებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. სხვათა შორის, აღნიშნულთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ყველა მუნიციპალიტეტს უსაფრთხოების მაქსიმალური ზომების მიღებისკენ მოუწოდეს, რადგან წინასწარი პროგნოზით, საქართველოში 4 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებდნენ. მოსალოდნელი ციკლონის გამო 112 საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის მეტეოროლოგიური პროგნოზების ბიუროს უფროსი სვეტლანა ნიორაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამ საღამოს დასავლეთ საქართველოში უკვე მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარის გაძლიერება. სავარაუდოდ, ამას დაემატება ზღვის შტორმი და ღელვა, მდინარეების დონე კი მოიმატებს. შესაძლოა, ამას ძლიერი წყალმოვარდნებიც დაერთოს, ორ-სამ დღეში კი ღვარცოფ თუ მეწყერსაშიში უბნები გააქტიურდება და ჰაერის ტემპერატურაც დაეცემა.

გარდა ამისა, სვეტლანა ნიორაძის პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. თუმცა დასავლეთ საქართველოში ამინდის თვალსაზრისით, უფრო რთული ვითარება იქნება. ამინდის გაუარესება კი ხვალ საღამოს დასრულდება.

„ძალიან ძლიერად წვიმს სოჭში, თვითონ ციკლონის ცენტრი ჩვენგან მოშორებითაა და ამჟამად მისი ცენტრი აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარეობს, მაგრამ ამ ციკლონის გავლენა და ცივი ჰაერის მასების სამხრეთისკენ გადმონაცვლება ძალაშია და მთელ საქართველოს მოიცავს. თუმცა ამაში განსაკუთრებული არაფერია. არაფერი არ ხდება ისეთი, რაც არ მომხდარა საქართველოში. უბრალოდ, აჭარაში მომხდარი სტიქიის შემდეგ საჭიროდ ჩავთვალეთ, გაგვეფრთხილებინა მოსახლეობა, რადგან სტიქიის მოვარდნისას სოფლის მოსახლეობამ ვერ მოასწრო თავისი პროდუქტების, ნივთების ატანა პირველიდან მეორე სართულზე“, - აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.

ამასთან, მოსახლეობას გარეთ გასვლისგან თავშეკავება ურჩია, რადგან, შესაძლოა, დაიტბოროს ქუჩები, ხოლო ზღვაზე გასვლის შანსი არ არსებობს. ამის მიუხედავად, სვეტლანა ნიორაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ეს პროგნოზი არც გამართლდეს, რისი გარკვეული პროცენტიც არსებობს.

უკვე ცნობილია, რომ საქართელოში ციკლონს 20.00-21.00 საათისთვის ელოდებიან. თუმცა ციკლონები ყოველთვის მოძრაობენ და ეს ჩვეულებრივი მეტეოროლოგიური პროცესია, რადგან დაბალი წნევის არე ამ ციკლონის ცენტრშია. ამდენად, სვეტალანა ნიორაძე ვარაუდობს, რომ ეს სიცოცხლისთვის საშიში არ იქნება.

უფრო მეტიც, სოჭში რაც მოხდა, სავარაუდოდ, ეს სტიქია ჩვენთან ცოტა უფრო შესუსტებული იქნება, რადგან ჩვენს რეგიონს იცავს ბუნებრივი დამცავი მექანიზმები - შავი ზღვა და კავკასიონის ქედი. განსაკუთრებით, კავკასიონის ქედი, რომელიც ოდნავ მაინც შეასუსტებს ამ ფრონტალური ხაზების გაცვლას, რაც გულისხმობს თბილი და ცივი ჰაერის მასებს შორის გამყოფ ზედაპირს.

„ასეთი რამ ხშირად ხდება, დასავლეთიდან ამინდის შემოჭრაც ჩვეულებრივი ამბავია“, - აცხადებს სინოპტიკოსი.