ევროკავშირის იმპერია იშლება, - ამის შესახებ ვრცელ სტატიას ამ სათაურით გამოცემა „ტელეგრაფი“ აქვეყნებს.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ თურქეთის პრეზიდენტის პოსტზე ერდოღანის კიდევ ერთი ვადით არჩევა ამსხვრევს მითს იმის შესახებ, თითქოსდა ბრიუსელს რაიმე სახის გეოპოლიტიკური გავლენა აქვს. გარდა ამისა, უკრაინის კრიზისზე არადამაჯერებელი რეაგირების გამო დღის წესრიგში ევროკავშირის სანდოობის საკითხი დგას, გაერთიანების წევრ ქვეყნებს შორის კი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით განხეთქილებამ იჩინა თავი.
როგორც სტატიის ავტორი წერს, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ევროკავშირს თურქეთთან ვეღარ ექნება ორმაგი სტანდარტების მიდგომა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ერთის მხრივ, ბრიუსელი თურქეთს ევროპაში არალეგალური მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად ფულს უხდიდა და მეორეს მხრივ, თურქეთს რუსეთთან მჭიდრო კავშირების გამო აკრიტიკებდა.