ივლისში თავისი ევროპული ტურის დასასრულს, საქართველოში ხანმოკლე ვიზიტისას, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეეცადა დაემშვიდებინა ქართველები და დაერწმუნებინა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომ მისი ქვეყანა კვლავინდებურად აშშ-ს პრიორიტეტთა ნუსხის სათავეშია.
მაგრამ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში მომხდარი ცვლილებები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობათა ”გადატვირთვის” ამერიკული პოლიტიკის გამო მოხდა და ქართველთა მცდელობები, დაიბრუნონ რუსეთთან ომისა და ეკონომიკური კრიზისის გამო დაკარგული ინვესტორები, იმის ნიშანია, რომ ქვეყნის, როგორც რეფორმების ბასტიონისა და ზრდის ვარსკვლავი ისე აღარ ანათებს, როგორც ეს 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის” დიდებული დღეების შემდეგ იყო.
”შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას”, – განაცხადა კლინტონმა მისი და სააკაშვილის ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მანამდე, ლიდერ ქალებთან შეხვედრაზე მან პირველად გააკეთა რამდენიმე დამადანაშაულებელი მინიშნება სეპარატისტული რეგიონის სამხრეთ ოსეთის გამო 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის მსვლელობისას რუსეთის ქმედებებზე. ”თქვენ შემოჭრისა და მიმდინარე ოკუპაციის რეალობაში ცხოვრობთ. თქვენ ცდილობთ ხელი შეუწყოთ საქართველოს ეკონომიკის აღდგენას”.
სააკაშვილი რუსეთთან მიმართებაში მკაცრ ფორმულირებებს მიესალმა და განაცხადა, რომ მიუხედავად თავდაპირველი შეშფოთებისა, გადატვირთვის პოლიტიკა ახლა რუსეთის მოდერნიზაციისკენ წაქეზებად გამოიყურება. პატარა გასეირნება კლინტონთან შამპანურითა და სადღეგრძელოთი დასრულდა და გარშემო ყველა იღიმოდა.
”საქართველო, როგოც მოწიფული, ოპტიმისტურად განწყობილი ქვეყანა, დაბრუნდა და ოკუპაციის მიუხედავად ჩვენ საღი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს” - განაცხადა სააკაშვილმა.
მაგრამ ამჯერად კლინტონს ათასობით მოზეიმე ქართველისთვის სიტყვით არ მიუმართავს ისე, როგორც ეს 2005 წელს საქართველოში ჩამოსულმა ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გააკეთა. მაშინ მან ქვეყანას ”თავისუფლების შუქურა” უწოდა და სააკაშვილს აეროპორტიდან თბილისის ცენტრისკენ მიმავალი გზატკეცილისთვის მისი სახელის დარქმევის სურვილი გაუჩინა.
ვაშინგტონში გაფრენამდე კლინტონი ორ საკვანძო ოპოზციურ ფიგურას შეხვდა და ქვეყნის დემოკრატიზაციის მხარდასაჭერად უფრო მეტი ფულის გამოყოფას დაპირდა.
ახალი სახეები
2005 წელს სააკაშვილი დემოკრატიული გზნების ტალღაზე ხელისუფლებაში მოსული, ძალიან პოპულარული იყო. საქართველოს მშპ-ს ზრდა სულ 10% იყო და რეგიონში, რომელიც ცნობილი იყო ნეპოტიზმითა და ჩრდილოვანი ბიზნეს-გარიგებებით, მტკიცე რეფორმებისა და ანტიკორუფციული სწრაფვის წყალობით $0.5 მილიარდის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) შემოვიდა. 2007 წლისთვის ყოველწლიური ეკონომიკური ზრდა 12.4 %–ს შეადგენდა, ხოლო FDI – $2 მილიარდზე მეტს.
მაგრამ მერე ომმა და გლობალურმა კრიზისმა ეკონომიკურ ზრდასა და FDI-ს ნაკადს დარტყმა მიაყენა და მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზის თანახმად, მშპ-ს ზრდა წელს 4.5 % უნდა იყოს, მას მერე, რაც გასულ წელს ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა, წელს, პირველ კვარტალში ეკონომიკურმა დაღმასვლამ 4.2%, ანუ $75 მილიონი შეადგინა. პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა იმის გამო, რომ ვერ შესძლო ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისათვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვა, ეკონომიკური განვითარების მეორე მინისტრი სამსახურიდან დაითხოვა. მისი განცხადების თანახმად, ის იმედოვნებს, რომ ახალი მინისტრი თანამდებობაზე ”ბევრ წელიწადს” დარჩება.
ახალი მინისტრი, 28 წლის ვერა ქობალია ბოლო 15 წელია კანადაში ცხოვრობს და საქართველოში ხუთი თვის წინ დაბრუნდა. ისევე, როგორც წინა მინისტრს, მას მოსთხოვეს ინვესტიციების შემოდინების ზრდა და პრივატიზაციის დაჩქრება. პირველ პრეს-კონფერენციაზე ივლისში, მან ტურიზმის განვიტარების გეგმის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. საქართველო დიდი ხანია ცდილობს მოიზიდოს ინვესტორები ამ პოტენციურად მომგებიანი სექტორისათვის, მაგრამ იმ დროს, როდესაც თბილისში რამდენიმე დასავლური ყაიდის სასტუმრო გაიხსნა, მთისა და საზღვაო კურორტები დანარჩენ საქართველოში დაბალი ხარისხისაა.
წელს უცხოური ინვესტიციების სამიზნე რიცხვი $800 მილიონია, ამბობს ვატო ლეჟავა, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი. გასულ წელს ის მთლიანად $759.1 მილიონს შეადგენდა, 2008 წლის მონაცემზე თითქმის 50%–ით ნაკლებს.
”ხელშემწყობი საინვესტიციო გარემო ისევ არსებობს: დაბალი კორუფცია და დაბალი გადასახადები. ჩვენ მხოლოდ ხმის მიწვდენა გვჭირდება” – ამბობს იგი.
პოლიტიკურმა არასტაბილურობამ ინვესტორთა რწმენის შერყევაში თავისი როლი ითამაშა. შარშან, სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით იმიტირებულ საკნებში პროტესტანტები გასულ ზაფხულს თვეების მანძილზე ისხდნენ. ლეჟავას თქმით, პირველ კვარტალში FDI იმიტომ იყო დაბალი, რომ მუნიციპალური არჩევნების შემდეგ, რომლებმაც მშვიდობიანად ჩაირა, საპროტესტო გამოსვლებს ელოდნენ.
კლინტონმა მთავრობას და ოპოზიციას მოუწოდა არ ჩავარდნენ ისეთ სიტუაციაში, როდესაც მთელ დროს ძალაუფლებისათვის ბრძოლას მოანდომებენ და განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდა და დემოკრატია მხარდამხარ მიდიან.
”როდესაც თქვენ უყურებთ საქართველოს დემოკრატიას, კონსოლიდირებულ დემოკრატიას, ეს ძალიან შთამბეჭდავია… მაგრამ აქ ჯერ კიდევაა ნაკლოვანებები. ჩვენ გვინდა საქართველოს მოვუწოდოთ განაგრძოს ”ვარდების რევოლუციის” საქმე” – განაცხადა მან.
[foreignpress.ge]