მე პუტინის ინტერპრეტატორად ვერ გამოვდგები და გამიჭირდება რას და რატომ გულისხმობდა, ვინმეს თუ გულისხმობდა და ა.შ. მაგრამ იმ მედიასაშუალებების ან პოლიტიკოსების, რომლებსაც პუტინის ნათქვამის უაპელაციოდ სჯერათ, გასაგონად ვიტყვი, რომ რუსეთთან ვაჭრობის გაჩაღების, გაღრმავების ინიციატივა რა თქმა უნდა ეკუთვნის ნაცმოძრაობას, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„იმ დროს იყო მიღებული გადაწყვეტილებები სავაჭრო ორგანიზაციასთან დაკავშირებით დაწყებული ლარსში სტუმრების დახვედრით დამთავრებული. ამასთან დაკავშირებით იყო აგრესიული კამპანია. დღეს ვინც კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა რუსეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით, ის ხალხი ღიად გამოდიოდა, რომ ამ ტიპის ურთიერთობების გაღრმავება უნდა მომხდარიყო. ოპოზიცია ახლა რასაც აკეთებს, წმინდა წყლის სპეკულაციაა. განსხვავებით ნაცმოძრაობისგან, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არასდროს არ გამოსულა ინიციატივით ამ მიმართულებით რომ გაეღრმავებინა და გაეუმჯობესებინა ურთიერთობები. ჩვენი ძალისხმევა ყოველთვის მიმართული იყო სხვა პარტნიორებისა და ახალი ეკონომიკური ბაზრების მოძიებისკენ“, - განაცხადა სარჯველაძემ.