ამერიკელს, რომელმაც კაპიტოლიუმის შტურმის დროს ნენსი პელოსის მაგიდაზე ფეხები შემოალაგა, 4,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ამერიკელს, რომელმაც კაპიტოლიუმის შტურმის დროს ნენსი პელოსის მაგიდაზე ფეხები შემოალაგა, 4,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

არკანზასის მკვიდრ რიჩარდ ბარნეტს, რომლის კაპიტოლიუმის შტურმის დროს გადაღებულმა ფოტომაც მსოფლიო მედია მოიარა, 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ Fox News-ი იტყობინება.

2023 წლის იანვარში ბარნეტი დამნაშავედ ცნეს ბრალდების 8 პუნქტის მიხედვით, მათ შორის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და ოფიციალური სამართალწარმოებისთვის ხელშეშლაში.

ფედერალური პროკურორები ბარნეტისთვის სულ მცირე 7-წლიან პატიმრობას და 3-წლიან პირობით სასჯელს ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ სასჯელის ზომად 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დაადგინა.

2021 წლის 6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ.

დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების გაკონტროლებას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც, კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა. აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი 950 ადამიანს წაუყენეს.