ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შემცვლელად დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიქსენის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.
ივნისში ფრედერიქსენი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩავა, რასაც უკვე მოჰყვა საუბრები იმასთან დაკავშირებით, დაუჭერს თუ არა მას მხარს აშშ ამ თანამდებობაზე, რომელსაც, ტრადიციულად, აშშ-ის მხრიდან არაოფიციალური დასტურის შემდეგ ევროპელი პოლიტიკოსი იკავებს.
მოქმედი გენმდივანი სტოლტენბერგი თანამდებობას სექტემბრის ბოლოს დატოვებს. მეტე ფრედერიქსენი რამდენიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებს: მოკავშირეები ეძებენ მთავრობის მეთაურს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ყველა წინა გენმდივანი კაცი იყო, არსებობს სერიოზული ზეწოლა ქალი კანდიდატის მოსაძებნად.
Politico-სთან საუბარში დასავლეთევროპელი დიპლომატი ფრედერიქსენს „სერიოზულ კანდიდატს“ უწოდებს, ხოლო ცენტრალური ევროპის წარმომადგენელი დიპლომატი ამბობს, რომ „ალიანსის წევრი დიდი ქვეყნები ფრედერიქსენის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავენ“. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ უახლოეს წარსულში ალიანსს უკვე ჰყავდა დანიელი ხელმძღვანელი - ანდერს ფოგ რასმუსენი (2009-2014 წწ).
ერთ-ერთი დასავლეთევროპელი დიპლომატი ამბობს, რომ ზოგიერთ მოკავშირეს არ მოეწონება ის, რომ ახალი გენმდივანი ისევ სკანდინავიიდან იყოს.
სხვა კანდიდატებს შორის სახელდება ნიდერლანდების პრემიერი მარკ რუტე, ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი, ესტონეთის პრემიერი კაია კალასი და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი.