NYT: ბელგოროდში განხორციელებულ ოპერაციაში უკრაინელი სამხედროები არ მონაწილეობდნენ

NYT: ბელგოროდში განხორციელებულ ოპერაციაში უკრაინელი სამხედროები არ მონაწილეობდნენ

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა“ და „ლეგიონ - რუსეთის თავისუფლების“ მებრძოლების მიერ რუსეთ-უკრაინის საზღვრის გარღვევის დროს უკრაინელი სამხედროები რუსეთის ტერიტორიაზე არ შესულან. ამის შესახებ The New York Times-ს ანონიმურობის დაცვის პირობით უკრაინელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.

მისი განცხადებით, ამ ოპერაციის დროს უკრაინელი სამხედროები მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ და რუსული კონტრიერიშის შემთხვევაში უკრაინული საზღვარი უნდა დაეცვათ.

უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, დანაკარგები ოპერაციაში მონაწილე სამხედრო ნაწილებში უმნიშვნელო იყო.

22 მაისს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა“ და „ლეგიონ - რუსეთის თავისუფლების“ მებრძოლებმა ბელგოროდის ოლქის გრაივორონის რაიონში რეიდი ჩაატარეს. უკრაინულ დაზვერვაში განაცხადეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები მოქმედებენ, რომელთა მიზანიც „უკრაინული მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად უსაფრთხოების ზოლის შექმნაა“. თავად მებრძოლებმა განაცხადეს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის დემილიტარიზებული ზონის შექმნა და პუტინის რეჟიმის სამსახურში მყოფი ძალოვნების განადგურება სურდათ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსმა სამხედროებმა 70 შეიარაღებული პირი მოკლეს და გაანადგურეს 4 ჯავშანმანქანა და 3 პიკაპი.