სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი: აშშ არ ახალისებს და მხარს არ უჭერს უკრაინას, მოაწყოს თავდასხმები საზღვრებს გარეთ ამერიკული იარაღით

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი: აშშ არ ახალისებს და მხარს არ უჭერს უკრაინას, მოაწყოს თავდასხმები საზღვრებს გარეთ ამერიკული იარაღით

ამერიკის შეერთებული შტატები არ ახალისებს და მხარს არ უჭერს უკრაინას, მოაწყოს თავდასხმები საზღვრებს გარეთ ამერიკული იარაღით, - ასე უპასუხა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს, რომლებიც უკრაინის მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების შესაძლებლობითა და F-16-ების საკითხით დაინტერესდნენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების მიწოდება შეერთებული შტატებისთვის პრიორიტეტული საკითხია. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ვერ დააკონკრეტებს, როდის მიაწვდიან კიევს F-16-ებს და რომელი ქვეყნები გადასცემენ მას ავიაგამანადგურებლებს.

„ჩვენ მკაფიოდ განვუცხადეთ უკრაინელებს, რომ არ ვუჭერთ მხარს და არ ვახალისებთ უკრაინის საზღვრებს გარეთ თავდასხმებს, თუმცა ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ყველას შევახსენოთ, რომ სწორედ რუსეთმა დაიწყო ეს ომი, რუსეთი განაგრძობს თავდასხმას უკრაინის მოსახლეობაზე. რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ სურს თავისი სამხედრო ოპერაციების ჩატარება. თუმცა ამ ომში აგრესორი რუსეთია. პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ დავიწყებთ F-16-ების სამართავად უკრაინელი სამხედროების მომზადებას და ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებაზე. ვერ გამოვაცხადებ, როდის ან როგორ მოხდება ეს, ან რომელი ქვეყნებიდან, თუმცა ეს საკითხი ჩვენი პრიორიტეტია და მის განხორციელებას უახლოეს თვეებში დავიწყებთ“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.