„სააკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ჩიხში და ფიქრობს, გამოსავალი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაა, რასაც პარტიის ახალი მენეჯმენტი სათავისოდ მოირგებს“

„სააკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ჩიხში და ფიქრობს, გამოსავალი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაა, რასაც პარტიის ახალი მენეჯმენტი სათავისოდ მოირგებს“

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციებს იწყებს და არ არის გამორიცხული ის 2024 წლის არჩევნებისთვის პრემიერის კანდიდატად დაასახელონ. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ყოფნის განმავლობაში მუდმივად აცხადებს, რომ ის ქართული პოლიტიკით აღარ არის დაინტერესებული, ბოლო ორი დღეა კვლავ გააქტიურდა.

მიხელ სააკაშვილი პარლამენტში 17 მაისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ფეისბუკზე წერს, რომ „ოცნებასთან“ ნებისმიერი თანამშრომლობა ანტიეროვნული აქტია.

პატიმორბაში მყოფი ექს-პრეზიდენტი, გამოქვეყნებული პოსტით, 5 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატებისთვის ხმის მიცემის გარდა, სავარაუდოდ, ლევან ბეჟაშვილის პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე წარდგენასაც ეხმაურება. თუმცა, ზოგიერთმა მისი ეს განცხადება პარლამენტის დატოვების მოწოდებად აღიქვა.

„ნებისმიერი თანამშრომლობა პარლამენტში თუ მის გარეთ უკვე ღიად პროოკუპაციურ რეჟიმთან არის ანტიეროვნული აქტი“, - წერს სააკაშვილი.

პარტიაში კი სრული ქაოსია. ვინ რა განცახდებას აკეთებს, ვინ ვის ემორჩილება ან არ ემორჩილება, გაუგებარია. ის, ვინც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „ოცნების“ კანდიდატებს 17 მაისს მხარი დაუჭირა, სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ. ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ნიკა მაჭუტაძე, ბაჩუკი ქარდავა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს, ფრაქციიდან უკვე გარიცხულები არიან.

ლევან ბეჟაშვილი კი მედიასთან ადასტურებს, რომ ჩაერთვება თუ არა აქტიურად პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილი, პარტია ამის პასუხს „ვივა მედის“ პალატიდან ელოდება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაუბრუნდა მიხეილ სააკაშვილს, ახალი არჩევნების შემდეგ და ბუნებრივია, ჩვენ გვექნება კონსულტაციები, მათ შორის ადვოკატის მეშვეობით, ასევე სხვა პირების მეშვეობით, რა გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ ჩვენ სამომავლოდ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში გააქტიურებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. მის იზოლირებას ახდენს გარე სამყაროსგან, არც დეპუტატებს არც ევროპარლამენტარების შეშვება არ ხდება, ამიტომ, ჩვენ, ბუნებრივია, გვექნება კონსულტაციები მასთან, რა ფორმით უნდა გავაგრძელოთ პოლიტიკური საქმიანობა ჩვენ ციხის გარეთ და მიხეილ სააკაშვილმა ციხეში“, - აცხადებს ბეჟაშვილი.

ოპოზიიცის დანარჩენი ნაწილი კი სააკაშვილის ისევ პოლიტიკაში შემობრუნებას გუშინდელ დღეს უწოდებს. მათი აზრით, მერაბიშვილი, კეზერაშვილი და ადეიშვილი სააკაშვილის სახელის 2024 წლის არჩევნებისთვის გამოყენებას ცდილობენ. შესაბამისად, ეს მისი ამომრჩევლის მობილიზებას კი მოახერხებს, მაგრამ ამის პარალელურად, პოლარიზაციას გაზრდის, რაც თავის მხრივ ხელსიუფლებას დაეხმარება, რომ საკუთარი ამომრჩევლის რიგები კიდევ უფრო გაზარდოს.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში ისევ გააქტიურდება და მისი განცხადებები გასაკვირი არ არის, რადგან ეს ადამიანი მრავალსტანდარტიანია და როცა, რაც უნდა იმას ამბობს. აბაშიძე აცხადებს, რომ მან არაერთხელ მოიტყუა, თითქოს უკრაინის მოქალაქეა და ქართულ პოლიტიკაში არ ერევა, მაგრამ მისი განცხადება სერიოზულად არავინ მიიღო.

„ფაქტი ისაა, რომ თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრძოლა გავლენებისთვის მიდის. სააკაშვილს ბუნებრივი მიზეზების გამო, ვერ ექნება ისეთი გავლენების ბერკეტები, როგორიც ადრე ჰქონდა. ეს უფრო ინერციული პროცესებია და სააკაშვილის სახელი, როგორც პოლიტიკური ბრენდის, თავად „ნაციონალურ მოძრაობას“ და დანარჩენ ოპოზიციასაც სჭირდება. თუმცა ამავე დროს, დავით კეზერაშვილს, მერაბიშვილთან და ადეიშვილთან ერთად, ენმ-ში პოზიციების გაძლიერება სურთ. ეს არის არა მხოლოდ ფულით, არამედ გავლენებით პოზიციების გამყარება.

ჩვენ ვნახეთ თუნდაც რეგიონალური ორგანიზაციების არჩევნებში მერაბიშვილმა ყოფილი შსს-ს თანამდებობის პირები როგორ ჩართო და ხელის გადაგრეხვის პოლიტიკით, მათთვის არასასურველი ხალხის მოშორება დაიწყო. ამიტომ სააკაშვილის ისევ ხელახლა თამაშში შემოყვანა მათ აწყობთ, თუმცა ისე, რომ მას პარტიაზე რაიმე გავლენა ნაკლებად ჰქონდეს. ისევ სახელისთვის, მისი ელექტორატის მობილიზებას დაიწყებენ, რათა 2024 წლისთვის აჩვენონ მის ამომრჩეველს, რომ სააკაშვილი მათ მხარეს არის. ესაა ჩვეულებრივი თამაში, რომელიც არჩევნების დროს ლევან ხაბეიშვილის სათავეში მოსაყვანად გამოიყენეს. სააკაშვილს სხვა რა გზა აქვს? რა სიტუაციაშიც ახლა ის იმყოფება, გამოსავალი არა აქვს“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, პარლამენტში განვითარებული მოვლენებიც ცხადყოფს, რომ ენმ-ში ნეობოლშევიზმია და ფრაქციის წევრებსაც, რომლებმაც მათი აზრი არ გაიზიარეს, ისე ექცევიან, როგორც მტრებს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კარგად ხვდებიან, რომ სერიოზული პოლიტიკურ ეროზიაში იმყოფებიან. ამიტომ ყველა თავის გადარჩენაზე ფიქრობს.

„ნიკა მელია და მისი თანამოაზრეები, დღე-დღეზე ახალ პარტიას შექმნიან. ამის პარალელურად, პარტიაში ვინ ვის ემორჩილება, ვინ რა ბრძანებებს გასცემს, თავადაც ვეღარ ერკვევიან. ხაბეიშვილი და მერაბიშვილი ამ პარტიის სათავეში თუ დარჩებიან, აქ მუდმივი დაპირისპირება და აჯაფსანდალი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რეალურად დაღმასვლაშია გადასული. პარტიაში რამდენიმე პოლიტიკური ფეოდალი გაჩნდა. სააკაშვილის მონოლითურ პარტიაში, რამდენიმე მმართველი გამოიკვეთა. ამიტომ ბრძოლა ახლა იმაზე მიდის, პარტიაში ვინ რა გავლენებს დაიკავებს. სააკაშვილს პოლიტიკური ალღო მოერყა და ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ საერთოდ ლოგიკას არის მოკლებული. ალბათ, რეალობას ვერ ხვდება, რადგან საპარლამენტო ტრიბუნა სტატუსია, რომ პოლიტიკოსს პოლიტიკის განხორციელების საშუალება ჰქონდეს. ხვდებოდნენ უცხოელ აქტორებს და პარტია პოლიტიკურ ცხოვრებაში იყოს ჩართული. ვინც, მეტ-ნაკლებად, გამოცდილი პოლიტიკოსია, იცის რა პროცესები ვითარდება პარლამენტში, ბუნებრივია, „ნაციოანლურ მოძრაობა“ პარლამენტს არ დატოვებს. ისევ კოლექტიურ ფოტიგებთან, კუბილიუსებთან ურთიერთობას გააგრძელებენ, მით უმეტეს 2024 წლის არჩევნები კარზეა მომდგარი და საარჩევნო მარათონი უნდა დაიწყოს“,-ამბობს აბაშიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“  ქაოსია და ვინ რას ამბობს, ვინ რას აკეთებს, ერთმანეთისას თავად ვერ იგებენ. ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ნაციონალების ან მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს, ძალიან რთულად პროგნოზირებადია.

„მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კაპიტალი თანდათან იწურება, თუ უკვე ამოწურული არა რის. ამასთანავე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ ხელმძღვანელობას თავისი ამოცანები და მიზნები აქვს. არავინ ენმ-ის ლიდერებიდან არ აპირებს სააკაშვილის გათავისუფლებას თავი შეაკლას. ამიტომ სრული განუკითხაობაა და პარლამენტში მისი სიით გასულმა დეპუტატებმა ფრაქცია დატოვეს. ნაცებში მეტ-ნაკლებად წონიანმა ფიგურამ თავისი თამაში დაიწყო. 2024 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ საარჩევნო სიაში მოხვედრის შანსი ვისაც არა აქვს, ისინი, რა თქმა უნდა, თავშესაფარსაც ეძებენ.

ზოგი ამას პარტიის შიგნით ეძებს, ზოგი გარეთ, ზოგიც პარტიის დატოვებით ან დაწინაურებით ცდილობს. მათ ერთიანი მიზანი არ ამოძრავებთ, მით უმეტეს სააკაშვილის ციხიდან დახსნა. პირიქით, თუ მას ისევ პოლიტიკაში შემოსვლას ურჩევენ და როგორც ჩანს, ასე იქნება, ისევ სათავისოდ გამოიყენებენ, რომ ამომრჩეველი არ დაკარგონ. არავის სააკაშვილი არ აინტერესებს, ყველას თავისი თავი ადარდებს. სააკაშვილი ან ისევ რეალობას არის აცდენილი, ან კვლავ ატყუებენ ისეთივე წარმატებით, როგორც ქვეყანაში ჩამოყვანის დროს მოატყუეს. სააკაშვილს პარტიაზე, ფაქტობრივად, კონტროლი დაკარგული აქვს, მაგრამ ამას ხმამაღლა ვინ იტყვის. მისი დროშით იბრძოლებენ იმისთვის, რომ საკუთარი პრობლემები მოაგვარონ. მისი სახელით, ზოგი პოლიტიკურ, ზოგი ფინანსურ და სტრატეგიულ ამბიციებს იკმაყოფილებს“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ახლა ჩიხშია, მით უმეტეს სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, მას ციხიდან გათავისუფლების ყველა რესურსი ეწურება. ამიტომ ახლა ფიქრობს, რომ მისთვის გამოსავალი კვალვ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაა. შესაბამისად, დაიწყო განცხადებების გაკეთება და პარტიის ახალი მენეჯმენტიც ამ ყველაფერს სათავისოდ მოირგებს.