რა მოხდება, თუკი პუტინი საქართველოში ჩამოვა?!

რა მოხდება, თუკი პუტინი საქართველოში ჩამოვა?!

მართალია, მედვედევი იხვეწება, ზედმეტად არ აახსნევინონ, სად უნდა გამოიყენონ „ეგ ქაღალდი“, ანუ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი, მაგრამ თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ პუტინი ავიდეს თვითმფრინავში და აღდგენილი ავიამიმოსვლის შემდეგ საქართველოში ჩამოფრინდეს. რა მოხდება მაშინ, მოგვთხოვს თუ არა მთელი მსოფლიო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების, ანუ რომის სტატუტის ამოქმედებას და პუტინის დაკავებას უკრაინაში ჩადენილი ანტისაკაცობრიო ქმედების გამო?

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრება შესაძლებელია იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებმაც რომის ქარტიის რატიფიცირება განახორციელეს. რომის წესდების მხარე 123 სახელმწიფოა, მათ შორის, საქართველო, რომელმაც რომის სტატუტის რატიფიცირება 2003 წლის 5 სექტემბერს მოახდინა. თუმცა რომის სტატუტის წევრ სახელმწიფოებში არ შედის უკრაინა და რუსეთი.

ისიც ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 2022 წლის 2 მარტს რომის სტატუტის 38-მა ხელმომწერმა სახელმწიფომ, მათ შორის, საქართველომ მოითხოვა უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის გამო გამოძიების დაწყება.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ფორმალურად ამ საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია, რადგან პუტინს თუ ვინმე დააკავებს საზღვარგარეთ, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ იქნება „კაზუს ბელი“, ანუ პირდაპირი ომის საბაბი.

„რას ჰქვია, მოგვთხოვონ პუტინის დაკავება?! ჯერ ერთი, პუტინს უნდა სურდეს ამ პროვოკაციის გამოწვევა, პუტინი რომ თვითმფრინავში დაჯდეს და თბილისში ჩამოფრინდეს, ე.ი. ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ ომზე წამოვიდეს. აბა, თუ მაგრები ხართ, დამიჭირეთო, გვეუბნება? თუმცა დავიჭერთ თუ არა, ომი დაიწყება“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

პროფესორი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში პუტინის ჩამოსვლის შემთხვევაში, ცხადია, რომის სტატუტს მიერთებული ქვეყნები მის დაკავებას მოგვთხოვენ, რადგან ჩვენც მიერთებული ვართ რომის სტატუსს, თუმცა პუტინი ასე ვერ ჩამოვა საქართველოში, მისი ჩამოსვლა თუ მოხდება, ეს მოხდება სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების დონეზე.

„პუტინი არ ჩამოფრინდება საქართველოს აეროპორტში და მის ჩამოსასვლელად მომზადება რამდენიმე თვით ადრე დაიწყება. სიტყვაზე, პუტინი რომ გადადგეს პრეზიდენტობიდან, ან არჩევნებში დამარცხდეს და სხვა პრეზიდენტი აირჩიონ რუსებმა, ხოლო შემდეგ უკვე, პუტინმა, როგორც ტურისტმა, ისე მოინდომოს საქართველოში ჩამოსვლა, მაშინ საქართველო ვალდებული იქნება, ის დააპატიმროს, რადგან ჰააგის სასამართლოს გამოტანილი აქვს მასზე პატიმრობის გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მიერთებული არ არის რომის სტატუტს“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

რომანი პროფ. ზაქარეიშვილი, შემდეგი ცენზი აკადემიკოსობაა, დიდი ვარაუდით. თუმცა, თავისუფლების ინსტიტუტის, იგივე ილიაუნის პსევდოპროფესურის ფონზე, შესანიშნავია.
1 წლის უკან