ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე კვალი გიორგი გახარიამდე მიდის. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ გახარიას შს მინისტრობის პერიოდში დაიწყო დავით კეზერაშვილმა საქართველოში ქოლცენტრების შექმნა და სწორედ მის თვალწინ ხდებოდა ამ დანაშაულის ჩადენა კეზერაშვილის მიერ.
„თუ გახარიას პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლების ცოდნის გარეშე ეს დანაშაული ვერ იქნებოდა ჩადენილი, მაშინ გახარია თვითონ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მერე გახდა პრემიერი და გამოდის, რომ მას სცოდნია ამ დანაშაულის შესახებ. ასეთ სისულელეს ამტკიცებენ საკუთარი ლიდერის და ბელადის წინააღმდეგ. წარმოიდგინეთ, გამოდიან დეპუტატები, გახარიას პარტიის წარმომადგენლები და ამტკიცებენ, რომ გახარიას უნდა სცოდნოდა აუცილებლად კეზერაშვილის მიერ „ქოლცენტრების“ შექმნის თაობაზე. ასეთ აბსურდში არიან შესული. საკუთარ თავს იზიანებენ და საკუთარ ბელადს აზიანებენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქოლცენტრების“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს პარტია „საქართველოსთვის“. ინიციატორების განცხადებით, ამ კომისიის მთავარი ამოცანა იქნება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გამოძიების დახმარება. ინიციატივას მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. „ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის შექმნას არ ეთანხმება და თვლის, რომ ოპოზიცია თვითაქტუალიზაციის შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საერთაშორისო გამოძიების პარალელურად, საგამოძიებო კომისიის შექმნა აზრს მოკლებულია.
„ქოლცენტრების“ საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ ამ საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ისკო დასენის ოჯახია დაკავშირებული. ვაშაძის თქმით, აღმაშენებლის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაცია „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ მისი და უკრაინელი პოლიტიკოსის, დავით არახამიას გასაშავებლად გამოიყენა და მათი „ქოლცენტრებთან“ დაკავშირება სცადა.
მისი განცხადებით, ხელთ აქვს მტკიცებულებები, თუ როგორ არის დაკავშირებული სწორედ „ქართულ ოცნებასთან“ ეს კონკრეტული შემთხვევა და „ქოლცენტრების“ თაღლითური სქემა, რომელიც არა მხოლოდ ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, არამედ, მისი თქმით, ძარცვავს საქართველოს მოქალაქეებსაც და ამის არაერთი ფაქტი არსებობს.
„13 აპრილს ვინმე მიხეილ არახამია არეგისტრირებს კომპანიას „ლაიონ 7“-ს, რომელიც იმ დღესვე ქირაობს ფართს აღმაშენებლის 75-ში, სადაც სხვა სართულზე ჩემი ძმა ფლობს 10 ნომრიან სასტუმროს და კითხვა ჩნდება - ვინ არის მიხეილ არახამია, რომელიც აორთქლდა და გაქრა საერთოდ საქართველოდან? მიხეილ არახამიას ცოლი, ქეთევან თედორაძე გახლავთ მალხაზ ამოიანის კომპანიის, შ.პ.ს „რუმსის“ დირექტორი. თავის მხრივ, მალხაზ ამოიანი დასენების კლანთან ერთად, „ჩაჩი“ დასენთან ერთად ფლობს „ბლექ სი როქს“ კომპანიას - „ქოლ-ცენტრს“, რომელიც ძარცვავს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, პირველ რიგში, ევროპელ პენსიონერებს. ვინ არის ჩაჩი დასენი? ჩაჩი დასენი გახლავთ კომპანია „ვიპ ტრეიდის“ დირექტორი, რომლის მეწილეები 2020 წლამდე იყვნენ ტიტალ დასენი და კნიალ დასენი, ასევე არტურ არაბიანი, ეს ადამიანები გახლავთ ისკო დასენის ოჯახის წევრები.
ჩაჩი დასენი აქაურმა პროკურატურამაც კი მისცა პასუხისგებაში ფულის გათეთრების გამო, ვეღარ დაიმალა იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ამ ადამიანს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისკო დასენი და დასენების ოჯახი უარყოფს კავშირს, თითქოსდა 2020 წლიდან კავშირი არ აქვს ჩაჩი დასენთან, არადა მათი სხვა კომპანიის, შ.პ.ს „მისო ლიდერის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ბატონი გიორგი გოგუაძე, ამ წლის 24 აპრილის ჩათვლით, გახლდათ „ვიპ ტრეიდის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ანუ აი, ამ დასენების კლანის მიერ შექმნილი თაღლითური სქემის, მთავარი, დედაკომპანიის წევრი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის ბრალდებას უარყოფს ისკო დასენი და აცხადებს, რომ არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს არანაირი ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ „ქოლცენტრებთან“. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, არ იცნობს ვაშაძის მიერ დასახელებულ პირებს - მიხეილ არახამიას, ზურაბ ლეშკაშელს, ქეთევან თევდორაძეს და მალხაზ ამოიანს.
„ვაშაძე ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ყველამ ვიცით, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ფარგლებს გარეთ. დრო ყველაფერს გვაჩვენებს და დადგინდება, ვის მიერაა ჩადენილი ეს დანაშაულები. ვაშაძეს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, არც აქვს და ვერც წარმოადგენს“, - განაცხადა ისკო დასენმა.
ოპოზიცია ე.წ. ქოლცენტრების უკან ხელისუფლების კვალს ხედავს, ხელისუფლება კი ოპოზიციის. ურთიერთბრალდებების პარალელურად საქმეზე გამოძიებას აწარმოებს ბავარიის პროკურატურა, რომლის დასრულების შემდეგ ხმაურიანი დაკავევების ეტაპი დაიწყება. ანალტიკოსების განცხადებით, მოსალოდნელი ხამურიანი დაკავებების თავიდან არიდებას ემსახურება ოპოზიციის მოთხოვნა შეიქმნას პარლამენტი საგამოძიებო კომისია. ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო კომისიის შექმნა და ამ გამოძიების თავისებურება არის ის, რომ ძირითადი საგამოძიებო ნაწილი იმყოფება ევროპაში, გერმანიაში და შესაძლოა, დიდ ბრიტანეთში. 2021 წლის ნოემბერში საქართველოში ბავარიიდან ჩამოვიდა საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც თანამშრომლობს საქართველოს გამოძიებასთან.
„დაინტერესებულ მხარეს ნაკლებად მიუწვდება ხელი იმ საგამოძიებო მასალებთან, რომლის ძირითადი ნაწილი ძიებაში არის საზღვარგარეთ. საქართველოს მხარე არის მხოლოდ კოლეგიალური დამხმარე ამ გამოძიებაში თავის ევროპელ პარტნიორებთან და თუკი გახარიას, როგორც ყოფილ შს მინისტრს და პრემიერ-მინისტრს ხელი მიუწვდებოდა „ქოლცენტრების“ ისტორიასთან, ან შესაძლო ხელის დაფარების, თუ სხვა თანამონაწილეობის კუთხით აქვს შემხებლობა,
რა თქმა უნდა, მას აინტერესებს, რა ტიპის მასალებია და შესაძლოა, ეს მოტივაცია ჰქონდა მის პარტიას, როდესაც მოითხოვეს საგამოძიებო კომისიის შექმნა - გამოვითხოვოთ ქართული საგამოძიებო ორგანოებიდან ამ საქმეზე მიმდინარე მასალები, შევისწავლოთ, ხომ არ იკვეთება გახარიას თანამონაწიელება, ან შემხებლობა და ხომ არ აქვს ამის შესახებ საერთაშორისო გამოძიებას რაიმე ტიპის მონაცემები.
სხვა, დანარჩენს და მათ შორის „ნაციონლურ მოძრაობას“, რომელმაც რამდენჯერმე აქეთ დაადანაშაულა მოქმედი ხელისუფლება და ძალოვანი სტრუქტურები „ქოლცენტრებთან“ კავშირში, ამ ბრალდების და ვარაუდის დასადასტურებლად არ მოუთხოვია საგამოძიებო კომისიის შექმნა, ეს გააკეთა გახარიას ფრაქციამ, რაც, რა თქმა უნდა, ბადებს ეჭვს, რომ სწორედ დაინტერესებულმა მხარემ მოითხოვა ამ კომისიის შექმნა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, გახარიას პარტიის მიერ დაყენებული საკითხი, რომ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, არასწორია. მიმდინარეობს გამოძიება და ორი გამოძიება ერთ საკითხზე, მით უმეტეს, როდესაც გამოძიებაში საქართველოს პროკურატურასთან ერთად ჩართული არიან მათი ევროპელი კოლეგები, პარალელურად პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა არის დაუშვებელი.
„ამიტომ, სანამ გამოძიება დამთავრებული არაა, აბსოლუტურად შეუძლებლად მიმაჩნია შეიქმნას საგამოძიებო კომისია პარლამენტში. კი მაგრამ, პარლამენტი პროკურატურაა, თუ საკანონმდებლო ორგანო? დამთავრდეს გამოძიება და ამის შემდეგ თუ იქნება რამე ხინჯები ამ გამოძიებაში, ამის შემდეგ შეიქმნას. ბატონ ირაკლი კობახიძეს, ეტყობა, აქვს მასალები ამის შესახებ და იცის, წინააღმდეგ შემთხვავში ამ განცხადების გაკეთება, რომ „ქოლცენტრების“ შექმნა დაწყებულია გახარიას პრემიერობის დროს, ინფორმაციის გარეშე არ გააკეთებდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე. პოლიტიკოსებმა მიხედონ პოლიტიკას და ამ საქმეს, რასაც ჰქვის „ქოლცენტრების“ საქმე უნდა მიხედოს შესაბამისმა ორგანოებმა.
იძახიან „ქოლცენტრებს“, მაგრამ რატომ არავინ ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას ქართული ჯარის ძარცვის საქმეზე? ეს ხომ ძალიან საინტერესოა. პროკურატურამ გამოიძია და ბრალი წაუყენა კეზერაშვილს, მაგრამ რატომ არც ერთი დეპუტატი არ ითხოვს ქართული ჯარის ძარცვის საქმეზე გამოძიებას? ვითომ ევროპელი პენსიონრები უფრო ახლობლად მიაჩნიათ, ვიდრე ქართული ჯარი? ამით ხომ ყველაფერია ნათქვამი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.