„პრეზიდენტმა ერთხელ უკვე ნახა როგორი რეაქცია ჰქონდა მოსახლეობის ნაწილს, როცა ეჭვი გაჩნდა, რომ სააკაშვილის და გვარამიას შეწყალებას აპირებდა და არ მგონია, ამ რისკზე წავიდეს“

„პრეზიდენტმა ერთხელ უკვე ნახა როგორი რეაქცია ჰქონდა მოსახლეობის ნაწილს, როცა ეჭვი გაჩნდა, რომ სააკაშვილის და გვარამიას შეწყალებას აპირებდა და არ მგონია, ამ რისკზე წავიდეს“

31 მაისს, სტრასბურგში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან, შესაძლოა, ნიკა გვარამიას შეწყალებაზე განცხადება მოვისმინოთ. როგორც ჩანს, თბილისში ამაზე გარკვეული მოლოდინი არსებობს, მით უმეტეს, რომ პრეზიდენტს გვარამიას მეგობრები მის შეწყალებას დიდი ხანია სთხოვენ. არსებობს თუ არა დასავლეთიდან ზურაბიშვილზე გვარამიას შეწყალებაზე ზეწოლა, უცნობია, თუმცა ზოგიერთი ევროპარლამენტარების განცხადებებს თუ გადავხედავთ, მსგავსი ზეწოლა პრეზიდენტზე დახურულ კარს მიღმა შესაძლოა, მიდიოდეს. რეალურად, რას იზამს ზურაბიშვილი და მიიღებს თუ არა ასეთ გადაწყვეტილებას, ჯერ უცნობია.

For.ge-სთან ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თუ ზურაბიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, მისთვის პოლიტიკურად წამგებიანი ნაბიჯი იქნება და ხელისუფლებასთან და მის მხარდამჭერებთან ურთიერთობა კიდევ უფრო დაეძაბება.

„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წევრები და მათი თანამოაზრეები გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით, 27 მაისს, 18:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქციას გამართავენ. როგორც მათ ბრიფინგზე განაცხადეს, პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ნიკა გვარამია არ გათავისუფლდება.

გედევან ფოფხაძის განცხადებით, ისინი 27 მაისს პრეზიდენტის სასახლესთან შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ გვარამიას უკანონო პატიმრობას. ფოფხაძემ სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში დაგეგმილ ვიზიტზეც ისაუბრა და თქვა, რომ პრეზიდენტი იქ უნდა წავიდეს არა ბიძინა ივანიშვილის გზავნილებით, არამედ ქართველი ხალხის გზავნილებით და პოლიტპატიმრების გარეშე.

„ჩვენ დღეს ვაანონსებთ ჩვენს მომავალ დიდ აქციას, კონსოლიდირებულ პროტესტს ხელისუფლების უკანონო პოლიტპატიმრების არსებობის წინააღმდეგ, ამას გავაკეთებთ 27 მაისს, 6 საათზე პრეზიდენტის სასახლესთან და ჩვენ ნამდვილად არ დავუშვებთ იმას, რომ პრეზიდენტი წავიდეს ევროპაში ბიძინა ივანიშვილის გზავნილებით. თუ ის ევროპარლამენტარებთან აპირებს გამოსვლას, ის უნდა წავიდეს ქართველი ხალხის გზავნილებით და პოლიტპატიმრების გარეშე. საქართველოში აღარ უნდა იყოს პოლიტპატიმრები, ეს გასაღები აქვს პრეზიდენტს ჯიბეში და მან უნდა გამოიყენოს.

ჩემთვის ძნელი სათქმელია, ვინ უფრო დამნაშავეა, ეს სასამართლო, რომელმაც არ შექმნა პალატა, დაარღვია ვადები - 22 ივნისს ბოლო თარიღი აქვს, რომ გამოიტანოს გადაწყვეტილება და ზუსტად ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, თუ პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია, ეს უკანონობა დაამთავროს და ამ გადაწყვეტილებას არ იღებს. ჩვენ გავაპროტესტებთ უკანონო პატიმრობასაც და იმასაც, რომ ამ უკანონო პატიმრობას ჰყავს ხელშემწყობები“, - განაცხადა მან.

„მერწმუნეთ, ევროინტეგრაციის გზა შეიძლება გადიოდეს მხოლოდ სამართლის უზენაესობაზე და არა კანონიერად დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებაზე“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

„ეს არის ევროინტეგრაციის ერთ-ერთი საკვანძო პრინციპი - სამართლის უზენაესობა, კანონის აღსრულება. თუ ეს საქართველოში არ გვექნება, ასეთ შემთხვევაში, ევროპული პერსპექტივა არასდროს გვექნება. თუ ვინმე ამტკიცებს, რომ ევროინტეგრაცია სამართლის უზენაესობაზე უარის თქმას ნიშნავს, ეს მათი არჩევანია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია კი, როგორც ჩანს თვლის, რომ ევროპული გზა გვარამიას თავისუფლებაზე გადის და თვლის: „თუ ამის გჯერა, მაშინ ყველაფერს უნდა აკეთებდე იმისთვის, რომ ევროპულ გზას მიაღწიო“ და იქვე დასძენს: „მე მგონია, რომ ევროპული გზა არ არის ისეთი პრიმიტიული, რომ მარტო გვარამიას გათავისუფლებაზე გადიოდეს, კიდევ ბევრი რამე გასაკეთებელი ამისთვის“.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ნიკა გვარამიას მეგობრების მხრიდან განცხადებები თითქოს საქართველოს ევროპული მომავალი მის გათავისუფლებაზე გადის, საზოგადოებაში არასერიოზულად არის აღქმული და გამაღიზიანებელიც კი არის. ძაბირაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი, თუკი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს და მით უმეტეს ამას ბრიუსელში ვიზიტის დროს გაახმოვანებს, პოლიტიკურად მისთვის ძალიან წამგებიანი გადაწყვეტილება იქნება.

„არ ვიცი ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება ახლა რატომ უნდა მიიღოს და მით უმეტეს, ეს სტრასბურგში ვიზიტის დროს განაცხადოს. ეს მისთვის ძალიან წამგებიანი სვლა იქნება. თუ ამის გაკეთება მაინც გადაწყვეტილი აქვს, ვურჩევ, ეს გააკეთოს არა სტრასბურგში, არამედ თბილისში. თუ ის ამას სტრასბურგში გააკეთებს, ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების მხრიდან ანტიპროპაგანდად იქნება გამოყენებული. იტყვიან, რომ ზურაბიშვილმა სტრასბურგში ვიღაცებს ანგარიში ჩააბარა. ის არ არის ჩვენი პრეზიდენტი, უმრავლესობის აზრს არ იზიარებს და დასავლეთის ეშინია. ეს მესიჯები იქნება მის წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით გამოყენებული“, - ამბობს ძაბირაძე და პრეზიდენტის მხრიდან გვარამიას შეწყალებისგან თავშეკავებას სხვადასხვა მიზეზით ხსნის.

„ნიკა გვარამიას მოსახლეობის დიდი ნაწილი დამნაშავედ მიიჩნევს. შეიძლება ითქვას, მოსახლეობის 2/3 ფიქრობს, რომ ის ციხეში დამსახურებულად ზის. რისთვის ზის, რა დანაშაულს ედავებიან, ეს უკვე მათთვის მნიშვნელოვანი აღარ არის. ფაქტია, რომ ზის და უმეტესობა ამას სამართლიანობის აღდგენად მიიჩნევს. არის კიდევ ერთი თემა, არავინ იცის მისი პოლიტიკური გეგმების შესახებ. თუ პრეზიდენტი 2024 წელს ოპოზიციასთან ერთად არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, მაშინ გვარამია არ უნდა შეიწყალოს. მას ის ამომრჩეველი სჭირდება, რომელსაც არც ნაციონალები და არც „ოცნება“ არ უნდა. ასეთ კატეგორიის ამომრჩეველი მიიჩნევს, რომ გვარამია ციხეში უნდა იჯდეს. ზურაბიშვილმა გათვლა ამ ხალხზე უნდა გააკეთოს. ამიტომ ვნახოთ, თუკი მას რეალურად რამე უკვე გადაწყვეტილი არა აქვს, საქმე აქამდეც კი შეიძლება მივიდეს, რომ თავის პოლიტიკურ მომავალზე გათვალოს“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის ხასიათიდან გამომიდნარე, გამორიცხული არაფერია. ამიტომ ის უშვებს ალბათობას, რომ მან სტრასბურგში ასეთი განაცხადი გააკეთოს. თუმცა საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ არსებობს ბევრი მიზეზი, რის გამოც ის ამ გადაწყვეტილებას ამუხრუჭებს.

„ერთია რას ამბობს ის დასავლეთში და მეორეა რას ამბობს ქვეყნის შიგნით. მას ამ თემასთან დაკავშირებით, რასაც გვარამიას და სააკაშვილის შეწყალება ჰქვია, ორი პოლიტიკური ტაქტიკა აქვს, ეს არის საგარეო და საშინაო. მისი საგარეო ტაქტიკა ემსახურება იმას, რომ იქ თავს იმართლებს და თავის გადაწყვეტილებას სხვადასხვა მიზეზებით ფუთავს, თუმცა აჩენს განცდას, რომ თუკი საჭირო იქნება ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. ქვეყნის შიგნით კი ამაზე არ საუბრობს და არც მსგავს აქცენტებს აკეთებს. ვფიქრობ, ზურაბიშვილი მაინც ცდილობს, რომ ხელისუფლებასთან ბოლომდე საქმე არ გაირთულოს. იტოვებს კიდევ რაღაცა გზებს, რომ კომუნიკაციისთვის საჭირო ხიდი ბოლომდე არ დაწვას.

მეორე მხრივ, გვარამიასთან დაკავშირებით საზოგადოების დიდი ნაწილის აზრი იცის. უმეტესობა მიიჩნევს, რომ ის ციხეში ყოფნას იმსახურებს და არ სურს უმრავლესობის გადაკიდება, რომელიც მას უპრინციპო და სიტყვის გამტეხ პოლიტიკოსად შერაცხავს. მან ნახა ერთხელ უკვე როგორი რეაქცია ჰქონდა მოსახლეობის ნაწილს, როცა ეჭვი გაჩნდა, რომ სააკაშვილის და გვარამიას შეწყალებას აპირებდა. ასევე ნახა 30 აპრილს ქუჩაში გამოსული ხელისუფლების მხარდამჭერები, რომლებიც ასევე გვარამიას გათავისუფლებას ძალიან უარყოფითად შეხვდება. შესაბამისად, არ მგონია, რომ ის ამ რისკზე წავიდეს“, - ამბობს საყვარელიძე.

 

Aburjga Tasmanieli სალომე ასე მთლად ხელიდან წასული ხეპრე თუ იქნებოდი ამას ვერ წარმოვიდგენდი!
1 წლის უკან
trampi ხეპრე კი არა ....... ესეც ამერიკის ელჩივით ზევიდან გვიყურებს........სუ ფუჩეჩზე ვკიდივართ ჩვენც და მთლიანი საქართველოც
ჩვენ მხოლოდ საშუალება ვიყავით მაგისთვის კარიერაში ..
.ეგაა და ეგ სულ, მეტი არაფერი
1 წლის უკან