ეპიტაფია

ეპიტაფია

“რა ჯობს კარგ მწვადს? საგულდაგულოდ შერჩეულ და დაჭრილ ხორცზე ხახვს და მარილ-პილპილს საგულდაგულოდ რომ მოაყრი! ძმარი გემოვნებით, დაყოვნება ზომიერად, შამფურზე აგება თან ფრთხილად და თან ენერგიულად... ნაკვერჩხალი ოდნავ რომ განელდება, მაშინ უნდა დაიწყო ბოლთადენა. ერთი მხარე რომ დაიბრაწება, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადააბრუნო და სულ მალე მწვადი მზად არის. მთავარია, არ გადაამლაშო, ხოლო ძმარი, აუცილებლად გემოვნებით.

თუმცა კი, მთელი ამ დროის განმავლობში არ გტოვებს განცდა, რომ... (აქ კი დოჩანაშვილს მოვიშველიებ) ისევ ის ბითური ხარ, რაც მანამდე იყავი...

ჭეშმარიტად: მწვადს და სტატიას აქვთ რაღაც საერთო. ერთისთვისაც და მეორისთვისაც აუცილებელია მარილი, პილპილი და ცეცხლი. ძმარიც, ოღონდ, გემოვნებით.

ისე, გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ მაინც.

…ერთი გაზეთი ტენდერებით სულდგმულობს, მეორე – ქირომანტიით, მესამე – ნიუსებით, მეოთხე – სათაურებით...

…ბითური მწერალი წარმოშობს ბითურ მკითხველს, მოჯადოებული წრეა – არ არის მწერალი, არ არის მკითხველი. რადგან არ არის მკითხველი, ვისთვის უნდა წერო? ასევეა ტელესივრცეშიც.

მაგრამ, ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ – ბეჭდური მედია დიდი ავიაციაა. ჩვენს სიმღერებს საინფორმაციო გამოშვებები მღერიან, ჩვენი დაწერილი ბიბლიოთეკებში ინახება. 10, 20, 30. 50 და 100 წლის შემდეგ ვინმე წაიკითხავს და არა მგონია თავმოყვარე კაცისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, როდის შეაგინებენ პატრონ-მყვარებელს, დღეს, ხვალ თუ 20 და 50 წლის შემდეგ.

…გაზეთის ფურცლებზე ცეცხლი უნდა ენთოს. ასეთი ცეცხლი შესაბამისი სავარძლების მფლობელებს აიძულებს უფრო სწრაფად ჩააქრონ ტყეში გაჩენილი ხანძრები და ის ხანძრები პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებს შორის არაფრის (ადამიანურად თუ შევხედავთ) გამო, სახელმწიფოსა და საზოგადოების ხარჯზე რომ მძვინვარებენ.

…იმის თქმა მინდა, რომ აუცილებელია მარილი, პილპილი, შამფური, ცეცხლი და ტრიალი, ტრიალი, ტრიალი. ალალად და უსაყვედუროდ. შესაწვავი უნდა შეიწვას, შესაჭმელი უნდა შეიჭამოს. ოღონდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ძმარი გემოვნებით”.

ეს ზუსტად შვიდი წლის წინ დავწერე და ახლაც ვაწერ ხელს, იქნებ - ორჯერაც, რადგან მწვადიც და ჩემი ხელობაც ორჯერ უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე მაშინ, როცა ნაცების დამარხვა ქარის წისქვილებთან ბრძოლად მიჩანდა. ახლა მიმაჩნია, რომ ჩვენმა ამქარმა თავისი საქმე ცუდად არ გააკეთა და შედეგიც სახეზეა - ორი თვეც, და მკვდარს მიწას მივაბარებთ. ერთი ნიჩაბი ჩვენია, მედიის, ვისაც მუშაობა არ ეზარება, ვინც შავ სამუშაოს არ თაკილობს. მიწის მიყრა ისედაც ჩვენი მოვალეობაა, მოქალაქეების, მაგრამ თუ მედია ვართ და კალამი გვიჭრის, ჩვენ თუ არა, მაშ ვინ უნდა შექმნას ეპიტაფია?

მას, ვისაც ორი თვის შემდეგ მიწას მივაყრით, ეპიტაფია არაფერში ჭირდება. თარიღები და თავთან ამოსული ეკალი - ძეგლიც ეგ იქნება და განსჯისთვის საჭირო ინფორმაციაც. ეპიტაფია იმისთვის უნდა დაიწეროს, ვინც ორადგილიანი სასაფლაოს მეორე ადგილს შეავსებს.

ხომ ითქვა, რომ კოაბიტაცია დასრულდებაო?! ეპილოგი იქნება ეპიტაფია - „შენ ვერ იხსენი ის, ვინც გვერდით გიწევს“. სხვა რამის მოფიქრებაც შეიძლება, ეგ ხომ ჩვენი ხელობაა, მაგრამ ჯერ ეპიტაფიამდე უნდა მივიდეს საქმე, ჩვენ ხომ მეოთხე ხელისუფლება ვართ!

როგორც საქმეში ჩახედული ძიები ამბობენ, სამი სახის ხელისუფლება არსებობს - სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი. ჩვენ ვართ მეოთხე და იმ სამს იმით ვგავართ, რომ მათ მსგავსად შეგვიძლია ვიყოთ მცოდნე და უვიცი, ნიჭიერი და უნიჭო, ქმედითი და უმოქმედო, ქმედითუნარიანი და ქმედითუუნარო, ღირსეული და უღირსი, წესიერი და უწესო, უწესო კი ერთდროულად გულისხმობს უნიჭობას, უვიცობას და ფულის გადამეტებულ სიყვარულს.

ჯერ ეპიტაფიამდე უნდა მივიდეს საქმე... ცუდად ვთქვი, საქმე არ მივა, საქმე უნდა მივიყვანოთ. საქართველო გაბრწყინდებაო? - ეს შეკითხვა ხუმრობად გადაიქცა და ღიმილს იწვევს, მით უმეტეს, ყაზახეთისა და „ტოტენჰემის“ შემდეგ მართლაც ღიმილისმომგვრელია, მაგრამ - მწარე ღიმილის მომგვრელი. თვითონ რა გაბრწყინებულა, ეს რომ გაბრწყინდეს? თვითონ როდის რა გაკეთებულა, ახლა რომ გაკეთდეს რამე, ან ეპიტაფიამდე როგორ მივალთ, თუ არ ვიარეთ? ეპიტაფიის დაწერასაც უნდა რაღაც, განსაკუთრებით კი, მარილი და ძმარი პეწით და გემოვნებით. სხვა მხრივ, ხორცი არის, შამფური ჩვენს ხელთაა. შამფურს ისე ვამბობ, თორემ შამფური ხან კალამია და ხან -კამერა და მიკროფონი.

წერა-კითხვის უცოდინარ მწერალ ჟურნალისტებს ვიცნობ, მიკროფონის დამტარებელ ჟურნალისტებს ვიცნობ, რედაქტორებს ვიცნობ, მრავალი წელია საკუთარ გაზეთში რომ არ ჩაუხედავთ, ისეთ მედია-მფლობელებს ვიცნობ, ტელევიზორში, ტიტრებში „გამომცემლად“ რომ მოიხსენიებენ და სინამდვილეში ბიზნესმენი რომ უნდა ეწეროს. ვიცნობ მედია-ექსპერტებს, რომლებსაც არ ვიცი, ვინ მიანიჭა ესოდენ საპატიო წოდება და რომელთა საქმიანობაც მხოლოდ იმით შემოფარგლება, ვის რა მიუთითონ, ვის რა ასწავლონ, ვინ როგორ დამოძღვრონ და შეახსენონ, რომ აიცილებელია ეთიკის დაცვა, ოღონდ იმ ეთიკის, რომელიც მათ მიერ არის პუნქტობრივად გაწერილი.

მეცხრე არხის თემა ტრიალებს ყველგან. მაყურებელს, უბრალოდ, გული წყდება და ენატრება. ბევრი ხვდება, და მათ შორის არხის ჟურნალისტებიც, რომ ეს იძულებით ნაბიჯი იყო და გაგებით ეკიდება, თუმცა არიან ისეთებიც, ლექსს რომ გაგახსენებს - „...ყვავ-ყორნებს ეომებოდა“.

არხის ყიდვა გადაწყვიტეს და „გადარჩენა“ დაარქვეს. ბევრ მათგანს არხებიც აქვს, ჟურნალ-გაზეთებიც და ვებ-გვერდებიც, მაგრამ ღირებული არასოდეს არაფერი შეუქმნია. თემა ვრცელია და ბევრიც შეიძლება გავიხსენოთ და ვილაპარაკოთ, მაგრამ მე იმას ვიტყვი, რაც მგონია - როგორ დამთავრდება ეს ამბავი. ამ ამბიდან არაფერი გამოვა, ყოველ შემთხვევაში მათთვის, ვისაც გულწრფელად სურს, რომ საზოგადოებას არხი შეუნარჩუნოს.

ახლა, თან ვწერ და თან სოციალურ ქსელს ვათვალიერებ. მრავალი წლის განმავლობაში მოყირჭებული ერთი და იგივე უფერულები და უსახურები ისევ იმ სიმღერას მღერიან: „მეგობრებო, ჩვენ შევხვდით... დავწერეთ წესდება... უნდა შევხვდეთ... ხვალ ჩემთან ვიკრიბებით... როგორც გვითხრეს... ჩვენ ვართ ინიციატორები...“

და, ყველაფერი ეს - დამპალი ხახვით, უხარისხო ძმრით და უმარილოდ. საერთოდ, ამ ადამიანებს მარილი ყოველთვის აკლდათ, განსაკუთრებით - იოდიზირებული მარილი.

თუმცა, რა - ექსპერტები მათ ქვიათ და როცა ვინმე ჩამოდის, მათ ახვედრებენ და იწერება, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენო. ალბათ, უფრო სწორი იქნებოდა, თუ იტყოდნენ, დამკვირვებლებს შეხვდნენო, რადგან ისინი აკვირდებიან, აკვირდებიან, აკვირდებიან და სხვას არც არაფერს აკეთებენ. აკვირდებიან და უკვირთ, რატომ ვერ ჩამოყალიბდა ქვეყანა სახელმწიფოდ. ეგ როგორ არის იცით? თბილისში ბევრჯერ მინახავს და ერთხელ ვაშინგტონშიც ვნახე, ჭაში ერთი მუშა რომ წვალობს და ზემოდან ათი უფროსი რომ დაყურებს.

მწვადზეც ეგრეა - ორნი აკეთებენ, დანარჩენები კამათელს აგორებენ და მუსაიფობენ. იმ დანარჩენებში ზოგი თავს უხერხულად გრძნობს, დახმარებას სთავაზობს და, შეძლებისდაგვარად, ეხმარება კიდეც, მაგრამ ერთი მაინც აღმოჩნდება ისეთი, სახელოებს რომ დაიკაპიწებს, თეფშს დააშტერდება, არასასურველ ნაჭრებს მიწევ-მოწევს, საუკეთესოს აარჩევს, მადიანად ჩაკბეჩს და ლუკმას რომ გადაყლაპავს, უკმაყოფილოდ იტყვის: „მეტი მარილი მოგსვლიათ“.

სტუმარი მოგვსვლია მეტი. რომც აღარ მიდიან?!

ამიტომაც არის საჭირო ძმარი გემოვნებით.