ერთ დროს ერთად შეყრილი ჩინეთი და რუსეთი გაიყარნენ. რუსეთში ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ ჩინეთის სახით კარგავენ პარტნიორს და იძენენ ბატონს. ჩინეთი რომ რუსეთს დაშორდებოდა და პეკინსა და მოსკოვს შორის არ იქნებოდა მტკიცე მოკავშირეობა, ეს იმთავითვე იგრძნობოდა. აზიის ეს დიდი ქვეყანა რუსეთის ხათრით ვერ დათმობდა დასავლეთის ბაზარს, რადგან ჩინეთის ეკონომიკა სწორედ დასავლეთზე იყო და არის დამოკიდებული.
უბრალოდ, გარკვეული დროის განმავლობაში ჩინეთი რუსეთის სიტუაციური მოკავშირე აღმოჩნდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ევროპელი ლიდერები ერთი-მეორის მიყოლებით სტუმრობდნენ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, ჩინეთმაც პოზიცია შეცვალა და ანტირუსი გახდა. შემთხვევითი არაა, რომ სულ ახლახანს ჩინეთმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო და რუსეთი აგრესორად მოიხსენია.
სუსტი რუსეთი ჩინეთისთვის საჩუქარია. აქ არა მარტო რუსეთის სამხრეთით მდებარე ტერიტორიების მცოცავი ანექსია იგულისხმება ჩინელების მიერ, არამედ რუსეთის ენერგეტიკული რესურსებიც, რომელზეც ევროპა უარს ამბობს, ჩინეთი კი გაცილებით იაფად იძენს რუსულ ენერგორესურსებს.
ჯერ კიდევ 2006 წელს გაცხადდა, რომ 200 მილიონამდე ჩინელი მზად იყო რუსეთში საცხოვრებლად გადასასვლელად. დღესაც ჩინური ექსპანსია რუსეთისთვის ახალ ურდოდ ითვლება, რომელიც რუსეთს შთანთქავს. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ჩინელების რაოდენობამ რუსეთში 2 მილიონს გადააჭარბა.
რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობისას ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩინეთი მოსკოვს ერთგულებას უმტკიცებდა. ჩინეთის უნივერსიტეტებში ეწყობოდა სპეციალური მეცადინეობები სტუდენტებისთვის რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ „სწორი გაგების“ ჩამოსაყალიბებლად. ლექციებზე სტუდენტებს უმარტავდნენ, თუ როგორ მიაყენა დასავლეთმა წყენა რუსეთს და როგორ გააჩინა შეერთებულმა შტატებმა ომის ხანძარი რუსეთსა და უკრაინას შორის. ჩინეთის ლიდერები უკრაინის ომის დროს იმეორებდნენ კრემლის ნარატივს, რომ ომის წამქეზებელი შეერთებული შტატები იყო. ჩინეთი არ მალავდა, რომ ეწინააღმდეგებოდა ნატოს გაფართოებას. მოგვიანებით გაჩნდა ცნობა, რომ ჩინეთი იარაღის მიწოდებას გეგმავდა რუსეთისთვის, თუმცა ეს არ განხორციელებულა.
რა გეგმები აქვს ჩინეთს რუსეთთან მიმართებით?!
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ჩინეთს თავისი ინტერესები და პრობლემები აქვს. „აუკუსი“ (ამერიკის, ინგლისის, ავსტრალიის ახალი კოალიცია) რომ შეიქმნა და გადაწყდა, რომ ავსტრალიისთვის ამერიკა ააშენებდა 5 წყალქვეშა ატომურ ნავს, ამაზე ჩინეთმა ერთი ამბავი ატეხა, რაში სჭირდება ავსტრალიას ატომური ნავიო.
„ჩინეთის ტრადიციული პოლიტიკაა, რომ საკუთარ ინტერესებს პირველ რიგში აყენებს. ციმბირის 11 რეგიონში ადგილობრივ მოსახლეობაში ჩინელები უფრო მეტნი არიან, ვიდრე რუსები. ურალის იქით, სადაც მთელი წიაღისეულია, რუსი მოსახლეობა არც არის, იქ ჩინელები ცხოვრობენ, რადგან რუსები არ მუშაობენ, მარტო ლოთობენ, ჩინელები კი მიდიან და ნელ-ნელა იმ ტერიტორიებს ითვისებენ. ამიტომ რუსეთის პერსპექტივა ამ მხრივ თითქმის უიმედოა“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი არ ფიქრობს, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაციების ხანა იწყება, მისი აზრით, ეს არის აღმოსავლური დიპლომატიური ვირეშმაკობა და ჩინეთი აჩვენებს თავის მნიშვნელობას, მარკას იწევს. ამავდროულად, ძალაში რჩება ჩინეთის ინიციატივა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების თაობაზე.
„ამას წინათ ჰენრი კისინჯერის საინტერესო განცხადება იყო ჩინეთთან დაკავშირებით. მართალია, კისინჯერი ასი წლისაა, მაგრამ სერიოზული ფიგურაა და მისი მოსაზრება ანგარიშგასაწევია. კისინჯერი იძახის, სწორედ ჩინეთის ჩართვა იქნება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულების ერთ-ერთი მთავარი ნიშანი. ეს ნიშნავს, რომ თუ ჩინეთი შუამავლის როლს იკისრებს, კონფლიქტი დასასრულისკენ წავა. კისინჯერი ვარაუდობს, რომ ეს წლის ბოლომდე მოხდება. რა თქმა უნდა, ჩინეთი გარკვეულ საერთაშორისო პოზას იჭერს, რომ ის რუსეთის მომხრე კი არ არის და დანაშაულის მხარდაჭერას კი არ აპირებს, არამედ მისი ინტერესი მშვიდობა და ამ ომის დასრულებაა. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ჩინეთის როლი და მნიშვნელობა იზრდება“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას.