საქართველოში ფრენების აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე ვლადიმერ პუტინის განკარგულებები ძალაში შევიდა. რუსეთის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა, ძალადაკარგულად გამოცხადდა. რუსეთ-საქართველოს შორის პირველი ფრენა 17 მაისს შესრულდება.
როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფროსი, გივი დავითაშვილი აცხადებს, საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიებით და ბორტებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში. დავითაშვილის განცხადებით, სააგენტოში ამ დროის მონაცემებით 5 ავიაკომპანიის განაცხადია შესული რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესრულების მოთხოვნით. მათ შორისაა ქართული ავიაკომპანია Georgian Airways.
„ჩვენ გავაანალიზეთ ყველა იმ ქვეყნის მაგალითი, რომელშიც რუსეთის ფედერაციის ავიაკომპანიები ახორციელებენ ფრენებს და შესაბამისად, პარალელურ რეჟიმში აღნიშნული ავიაკომპანიებიც ახდენენ რუსეთში ოპერირებას და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს იმას გულისხმობს, რომ არც ერთი ავიაკომპანია, რომელიც სანქცირებულია ევროპის ქვეყნების შავის სიის მიხედვით, არც ერთი საჰაერო ხომალდი, რომელსაც მწარმოებლის მიერ მხარდაჭერა შეწყვეტილი აქვს, არ იფრენს საქართველოს მიმართულებით“, - განაცხადა გივი დავითაშვილმა.
მიუხედავად საქართველოს პოზიციისა, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ საჰაერო ხომალდებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი, აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ფიქრობს, რომ მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, რატომ აძლევს პუტინი ამ საჩუქარს საქართველოს ახლა. ელჩის განცხადებით, ქართველების უმრავლესობა უფრო მეტად ბედნიერი იქნებოდა, პუტინს რომ რუსული ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან გაეყვანა.
„განსხვავება ამჟამინდელ სიტუაციასა და 2019 წელს შორის არის ის, რომ რუსეთი კვლავ შეიჭრა უკრაინაში და გააჩაღა სასტიკი, სისხლიანი ომი უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ, ბავშვების, სკოლების, საავადმყოფოების, კორპუსების წინააღმდეგ. ეს არის რუსეთის უპრეცედენტო შეჭრა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე, უკრაინის იდენტურობისა და სუვერენიტეტის აღმოსაფხვრელად. ეს არის მთავარი, რაც მოხდა 2019 წლის შემდეგ. არ ვიცი, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე ჟესტს, საჩუქარს ქვეყნიდან, რომელიც არის სასტიკი აგრესორი. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც უნდა დაისვას“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მისასალმებელი იქნება, რომ აშშ-თან პირდაპირი ფრენები არსებობდეს, მაგრამ ეს ნაუცბათევი განცხადებებით არ წყდება და არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის რუსეთი გარკვეულ პოლიტიკურ დატვირთვასაც აძლევს ამ გადაწყვეტილებას. ვოლსკის თქმით, პუტინის გადაწყვეტილებით არავინ უნდა იფიქროს, რომ ის ზრუნავს საქართველოს მოქალაქეებზე.
„ჩვენ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც მოქმედებს უკრაინა, როცა რუსული გაზის უშველებელ რაოდენობას ატარებს თავის ტერიტორიაზე. ისევე, როგორც თავისი ინტერესებით მოქმედებს მოლდოვა. ასევე, ისრაელი გაცილებით მეტ რეისს იღებს რუსეთიდან, ვიდრე მანამდე სხვა ქვეყნები. მოკავშირეებთან ჩვენი ურთიერთობა დიდი ფასით არის შენარჩუნებული. ყოველთვის ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა თუ რუსეთი ამ თემაში გარკვეული გადაწყვეტილებით შემოდის, რასაკვირველია, ეს მის ინტერესებშიც არის და არავინ დაუშვას, რომ დღე და ღამე იმაზე ფიქრობს, როგორმე საქართველოს მოქალაქეს პირობები შეუქმნას. ოკუპაცია აქვს, ამდენი სტრატეგიული ობიექტი ხელში აქვს ჩაგდებული, საოკუპაციო ხაზთან ადამიანების გატაცება ხდება, ამით ხასიათდება დღევანდელი პოლიტიკური პროცესი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ოპონენტებს პასუხობს დეპუტატი, „ხალხის ძალის“ წევრი, სოზარ სუბარი, რომლის განცხადებით, უკრაინელი მოქალაქეებისთვის რუსეთში დღესაც უვიზო მიმოსვლაა და გაცილებით მსუბუქი პირობებით, ვიდრე ახლა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესდა. მისი თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზას ვერაფერი დააზიანებს, მათ შორის ვერც ოპოზიციის მცდელობები, რომლებიც ასე ძალიან ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ ამ პროცესს.
„2008 წელს მოხდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, როდესაც 20% დაიპყრეს, გორში შემოვიდა რუსული ჯარი, ლამის თბილისთან მოვიდნენ, ზუგდიდში შემოვიდნენ, ფოთში ჩავიდნენ, სენაკის ბაზა აიღეს, ამის შემდეგ სააკაშვილმა გააუქმა ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის. ჩვეულებრივად დადიოდნენ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში, დაფრინავდნენ თვითმფრინავები და თითქოს მაშინ არანაირი პრობლემა არ იყო. არც ევროპელებს, არც უკრაინელებს არ უფიქრიათ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის გამო შეეწყვიტათ საავიაციო მიმოსვლა რუსეთთან, არც ვიზები შემოუღია უკრაინას, მეტიც, უკრაინამ რუსეთის მოქალაქეებს ვიზები დაუწესა შარშან, ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, ხოლო უკრაინელი მოქალაქეებისთვის რუსეთში დღესაც უვიზო მიმოსვლაა და გაცილებით მსუბუქი პირობებით, ვიდრე ახლა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესდა“, - აცხადებს სოზარ სუბარი.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ ფრენების აღდგენა და ვიზების მოხსნა, ეს არის რუსეთის პროვოკაცია, რომელსაც ან წინააღმდეგობა უნდა გაუწიო, ან აყვე დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითრებაში. როგორც არეშიძე აცხადებს, ასეთი რუსეთი ერთი წამით არ ტოვებს ყურადღების გარეშე პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს მისი საზღვრების გასწვრივ.
„სხვა საკითხია, რომ მაგალითად, ყარაბაღის კონფლიქტში პირწმინდად აგებს, მაგრამ მაინც აქტიურობს და ცდილობს, რომ სამშვიდობოების მეშვეობით მისთვის სასურველი პოლიტიკური სურათი დაალაგოს. ასევე ცდილობს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებში თავისი გავლენები არ შესუსტდეს, ყაზახისტანზეც შეიძლება ეს ითქვას და სხვა რესპუბლიკებზე, მათ შორის ყირგიზეთზე, რომლის პრეზიდენტი ძალით ჩაიყვანეს მოსკოვში 9 მაისს. მოლდოვა, რომ „არ მოეშვას“ ამიტომ გადაუზების (ავტონომიური წარმონაქმნი მოლდოვის ტერიტორაზე) პრობლემა გაუაქტიურეს. დნესტრისპირეთი არ კმარა და ახლა კიდევ გადაუზები დაემატა ამ ყველაფერს“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.
მისივე თქმით, საქართველოს შემთხვევაში პირიქით აგრსეიული ნაბიჯებიდან ვითომ დამთმობი ნაბიჯები გადადგეს, მაგრამ ისიც პროვოკაცია, ზუსტად იმიტომ, რომ მაქსიმალურად შეზღუდოს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ურთიერთობა დასავლეთთან.
„ის, რომ ასეთ რეაქციას გამოიწვევდა დასავლეთში ეს ნაბიჯი, მოსკოვში ძალიან კარგად იცოდნენ. მე ვიცოდი, რომ ამას აპირებდნენ და ამუშავდებოდა ეს სქემა იმისთვის, რომ მაქსიმალურად მომხდარიყო დღევანდელი ხელისუფლების და ზოგადად, საქართველოს დისკრედიტაცია. მგონია, რომ ბრიუსელში და ვაშინგტონშიც ეს კარგად უნდა ესმოდეთ, მაგრამ რაღაცა ტრენდი აქვთ ასეთი, რომ საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი გადაწყვეტილებაზე უნდა გამოცვივდნენ და კონტრსაწინააღმდეგო განცხადება გააკეთონ.
ადრე, როდესაც რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგა, თვითონ აკრიტიკებდნენ, მაგრამ დღეს იტყვიან, რომ გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვლა და დღეს სხვანაირი პოზიცია გვაქვსო. ასეა თუ ისე, გადაწყვეტილებას არ მივესამლები, მაგრამ მესმის საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯი, მაქსიმალურად ცდილობენ სიტუაციის ხელში დაჭერას და ვითრების არ გამწვავებას. მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთი იმ ტიპის ქვეყანაა, რომელიც ყოველთვის შეეცდება ბოლომდე გაიტანოს თავისი. ეს არის სუფთა პროვოკაციული ნაბიჯი მოსკოვის მხრიდან, რომლის ტემპი შენარჩუნდება და ქმედება გაგრძელდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.