თურქეთში გამართული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 19 მაისს გამოქვეყნდება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანს 49,24% აქვს. მან 26 მილიონზე მეტი ხმა მიიღო. თუმცა ერდოღანი მარცხდება სამ უდიდეს ქალაქში - ანკარაში, იზმირსა და სტამბოლში.
მეორე ადგილზეა ექვსი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ - 45,06%-ით. მან 23 მილიონზე მეტი ხმა მიიღო. მესამე ადგილზეა სინან ოღანი - 5,28%-ით. მას მხარი დაუჭირა ორ მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა. ვერც ერთმა კანდიდტმა ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთის მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს 28 მაისს, მეორე ტურში აირჩევს.
ერდოღანისს კონკურენტი ქემალ ქილიჩდაროღლუ ამტკიცებს, რომ რუსეთი ერევა თურქეთის საარჩევნო პროცესში, რასაც ერდოღანი იმით პასუხობს, რომ რუსეთი თურქეთის მოკავშირეა, მისი კონკურენტი კი დასავლეთისგან იღებს ინსტრუქციებს. ერდოღანის განცხადებით, ბაიდენმა გასცა განკარგულება, რომ ერდოღანი უნდა ჩამოაგდონ, თუმცა დარწმუნებულია, რომ თურქი ხალხი საარჩევნო ბიულეტენებით გასცემს პასუხს ბაიდენს.
„ჩვენს უახლოეს კონკურენტს არჩევნებში 2.6 მილიონი ხმით გავასწარით. ვფიქრობ, საბოლოო შედეგებით ეს მაჩვენებელი გაცილებით გაიზრდება. თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დეპუტატების არჩევნების შედეგად ჩვენმა სახალხო ალიანსმა მოიპოვა უმრავლესობა. ჩვენი ალიანსი დომინირებს თითქმის ყველა კომისიაში. ამიტომ, ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენი ერის არჩევანი, რომელმაც პარლამენტში უმრავლესობა ჩვენს ალიანსს მისცა, საპრეზიდენტო არჩევნებში ნდობისა და სტაბილურობის მომხრე იქნება“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
გამარჯვებაში დარწმუნებულია ქემალ ქილიჩდაროღლუ, რომლის განცხადებით, ერდოღანმა ხალხისგან ნდობის ხმა ვერ მიიღო, რადგან საზოგადოებაში ცვლილების სურვილი 50%-ზე მეტია. „აუცილებლად გავიმარჯვებთ და ამ ქვეყანაში დემოკრატიას მოვიტანთ“, - განაცხადა ქემალ ქილიჩდაროღლუმ.
ახლა მნიშვნელოვანია რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს სინან ოღანის ამომრჩეველი - 5,28%-ი. პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას განცხადებით, ოღანმა მოუწოდა თავის მომხრეებს, რომ მეორე ტურში კილიჩდაროღლუს მისცენ ხმა. როგოც პოლიტოლოგი აცხადებს, ერდოღანის კოალიციამ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. თავად ერდოღანს კი პირველივე ტურში გამარჯვებისთვის მხოლოდ 0,65% დააკლდა. მისი თქმით, საინტერესოა არჩევნების შედეგების გეოგრაფია, რადგან ამომრჩევლის არნახული აქტივობა დაფიქსირდა.
„64 მილიონი ამომრჩევლიდან 55 მილიონი ანუ თითქმის 86% არჩევნებზე მივიდა. მილიონზე მეტი ხმა საზღვარგარეთ მისცეს. 28 მაისს მეორე ტური გაიმართება. მესამე კანდიდატმა, აზერბაიჯანელმა ოღან სინანმა 5,21% (2,819,651 ხმა) მიიღო და თავის მომხრეებს უკვე მოუწოდა, რომ მეორე ტურში კილიჩდაროღლუს მისცენ ხმა. თუმცა, მას ნაციონალისტებმა დაუჭირეს მხარი და ძნელი წარმოსადგენია, ამ ხალხისგან ყველა ლიბერალებისკენ გადაიხაროს, მიუხედავად ლიდერის მოწოდებისა. გამოიკვეთა, რომ სინანმა, როგორც ტექნიკურმა კანდიდატმა, ეფექტურად იმუშავა ერდოღანის წინააღმდეგ და არ დაუშვა მისი პირველივე ტურში გამარჯვება.
გამოჩნდა, რომ სოციოლოგიური კვლევების 3/4 არჩევნებამდე არარეალისტურ სურათს აქვეყნებდა, სადაც კილიჩდაროღლუს ეძლეოდა 5-6%-იანი უპირატესობა. გამოდის, რომ კვლევების უმრავლესობამ 10% ცდომილება აჩვენა, რაც ან არაკომპეტენტურობით ან მიკერძოებით შეიძლება აიხსნას - არაფერი ახალი, ისევე როგორც ეს ჩვენთან ხდება. სერიოზული კვლევის ცდომილება 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს. არსებული სურათიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მეორე ტურში ერდოღანის წარმატების ალბათობა გაიზარდა და ჩემი შეფასებით, 55/45-ზე შეადგენს. თუმცა 14 დღეში ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავა.
შექმილი გეპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, თურქეთის არჩევნებს ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. დღეს, საქართველო-თურქეთს შორის არის პროგნოზირებადი სტარტეგიული ურთიერთობა, თუმცა რა იცვლება რეგიონში ერდოღანის 21-წლიანი მმართველობის დასრულების შემთხვევაში, ჯერ ნაადრევია საუბარი. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, თურქეთმა მოახერხა სტაბილურობა ერდოღანის ხელში, მოახერხებს თუ არა მისი მეტოქე ასეთ სტაბილურობას, რთული სათქმელია, თუმცა ფაქტია, თუქრეთის სტაბილურობაზე არის დამოკიდებული საქართველოს მდგომარეობა.
„მარტივად დასანახი ფაქტია - საქართველოდან ევროპისკენ მიმავალი გზები ორად იყოფა - ზღვა და თურეთქი. საეჭვოა, სატრანზიტო ტვირთების მარტო ზღვით გადატანა მოხერხდეს. თურქული ხაზი ძალიან მნიშვნელოვანია და თურქეშთი თუ რაიმე მოხდა, ანუ არასტაბილურობა თუ დაიწყო, ეს დააზიანებს სატრანზიტო ხაზებს. საქართველო დაინტერესებულია იმაში, რომ სატრანზიტო ხაზები შენარჩუნდეს უცვლელად და სტაბილურად. ჩვენ ვაკვირდებოდით საარჩევნო კამპანიას, სადაც ჩანდა ამერიკა-რუსეთის დაპირისპირების წერტილები. ერდოღანისთვის პოლიტიკურად მომგებიანი იყო ის, რომ ის არის ფიგურა, რომელიც წინააღმდეგობას უწევს აშშ-ს. რაც მეტ არგუმენტს და ფაქტს მოიყვანდა ასეთი წინააღმდეგობისა, ეს ერდოღანს აწყობდა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ამერიკასთან ჭიდაობის სურვილი და თავი ერდოღანს ჰქონდა, რაც ნაწილობრივ კავშირში იყო მის ისლამისტურ ტენდენციებთან და იმასთან, რომ მას სურდა თავის ხალხში ჰქონოდა უფრო მეტი გავლენა.
„მაშინ ამერიკაზე ორიენტაცია ნიშნავდა ჯარში გავლენას და ისლამისტურობა ნიშნავდა ხალხში გავლენას. ამ ალტერნატივაში ერდოღანმა გადაწყვიტა ხალხში გავლენის მოპოვება და ვიცით, რა რეპრესიები ჩაატარა ჯარში. ამ ფონზე, როცა შევდივართ საარჩევნო რაუნდში, ცხადი ხდება, რომ მისი ოპონენტი გაზრდის ამერიკულ გავლენას. ამ ამერიკული გავლენის გაზრდა არ გულისხმობს მაინცდამაინც, თურქეთის ომში ჩართვას. ძალიან დიდი ძალა არის თურქეთი საიმისოდ, რომ რუსეთთან თურქეთის დაჯახება სერიოზულად მოინდომოს ამერიკამ. ლამის, მსოფლიო ომს გაუთანაბრდება ასეთი შეჯახება. თანაც გაუგებარია რას მისცემს ეს ამერიკას, რადგან რუსეთის დასუსტების საკმაოდ ეფექტური გეგმა, ისედაც ხორციელდება უკრაინასთან ბრძოლის პროცესში და ამავე დროს, მართლაც იკვეთება ჩინეთი, როგორც ამერიკისთვის ძირითადი პრობლემა და არა რუსეთი. თუ შეიძლება ითქვას, რუსეთი უკვე მოთავებული პრობლემაა და ჩინეთი მზარდი პრობლემაა ამერიკული სინამდვილისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამერიკას მეტი გავლენა ექნება ერდოღანის კონკურენტზე, ალბათ, მაგრამ მე მაინც ვეჭვობ, ამერიკის პოლიტიკა იგივე დარჩეს, რა შთაბეჭდილებასაც საქართველოს მასშტაბით ტოვებს ხოლმე ამერიკული პოლიტიკა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ერდოღანი კავკასიის სტაბილურობის გარანტი ვერ იქნება, რადგან ერდოღანის ხელისუფლების იდეოლოგია ორიენტირებულია გარკვეული ტიპის სამოკავშირეო პლატფორმაზე. იგულისხმება თურქული ერების ერთიანობა და აზერბაჯანის სახით მას ჰყავს ფავორიტი რეგიონში.
„თურქეთი ვერ იქნება ობიექტური კავკასიურ პოლიტიკაში, ის არის სუბიექტი, რადგან არსებობს ეს პლატფორმა - თურქული ერების ერთიანობა, რაც გულისხმობს თურქეთის გავლენების გაძლიერებას პოსტაბჭოთა სივრცეში, როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე ცენტრალურ აზიაში. აქედან გამომდინარე, ჩანს კიდევაც, რომ თურქეთს აქვს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები და ამ ინტერესების კონტექსტში ის ვერ იქნება სამხრეთ კავკასიის სტაბილურობის გარანტი, რადგან აზერბაიჯანი არის მისი ფავორიტი.
რაც შეეხება საქართველოს, გარკვეული პარტნიორული თანამშრომლობა და სტაბილური პარტნიორობის რეჟიმში ვცხოვრობთ, მაგრამ თურქეთს აქვს თავისი ინტერსები და ამ ინტერსების სფეროში საქართველო როგორც ძლიერი სუბიექტი, არ მოიაზრება. თუ დასავლეთისთვის საქართველო უნდა იყოს მთავარი საყრდენი სამხრეთ კავკასიურ პოლიტიკაში, თურქეთისთვის ასეთად საქართველო არ არის მიჩნეული“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.
აქედან გამომდინარე, არეშიძის განცხადებით, თურქეთი სტაბილურობის გარანტორი ვერ იქნება, მით უმეტეს, რომ თურქეთის და რუსეთის თემატური პარტნიორობა იმდენად სერიოზულია და განსაკუთრებით დასავლეთთან კონფრონტაციის სფეროში, რომ გამორიცხულია თურქეთმა თავისი პოზიციები და მიდგომები სამხრეთ კავკასიაში შეცვალოს.
„რაც შეეხება თურქეთის მომავალ მმართველს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ვის დაუჭერს მხარს სინან ოღანის 2-მილიონი ამომრჩეველი. ასე რომ, ცასახად რამის თქმა რთულია, მაგრამ ჩემი აზრით, ერდოღანს უპირატესობა აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ ადმინისტრაციული რესურსი მის ხელშია. მართალია დიდი ქალაქები წააგო, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ედროღანის მომხრეა მთელი შიდა თურქეთი. ჩვენ არ ვიცით როგორი სურათი იქნება საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ თურქეთში, სადაც ქურთები ცხოვრობენ. მათი დამოკიდებულება არც ერთი კანდიდატის მიმართ არ არის გამოკვეთილი“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.