მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ციხიდან აქციების დაწყებას ითხოვს, თუმცა დაპირებული ხსნა არსაიდან ჩანს. იმის მიუხედავად, რომ ლევან ხაბეიშვილმა არჩევნებში სააკაშვილის ციხიდან ფიზიკური დახსნა დააანონსა, ის და მისი გარემოცვა ამ დრომდე დამატებით დროს ითხოვს. სააკაშვილისთვის კი, როგორც ჩანს, დრო ამოიწურა. ასე რომ, არ არის გამორიცხული, მან სტრასბურგის საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც დიდი ალბათობით უარყოფითი იქნება, ალაპარაკება დაიწყოს.
რას აპირებენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და რა გეგმა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ სტრასბუგის გადაწყვეტილების შემდეგ, კონკრეტულ ნაბიჯებზე ვერც ერთი საუბრობს. მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ამბობს, რომ საჩივარში არსებითი ცვლილებები არ იქნება. თუმცა ადვოკატი შოთა თუთბერიძე არც იმას გამორიცხავს, რომ მათ საჩივარი გამოიტანონ. აღმოჩნდა, რომ განსხვავებულია შოთა თუთბერიძისა და გიული ალასანიას პოზიციები. ალასანია ამბობს, რომ სააკაშვილი სტრასბურგში ბრძოლას ბოლომდე აპირებს. ადვოკატის და დედის პოზიცია ასევე აცდენილია სააკაშვილის სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებითაც. ექსპრეზიდენტის დედის მტკიცებით, მას თავად აქვს წაკითხული უცხოელი სპეციალისტების დასკვნა, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალებია. 300-გვერდიან დოკუმენტში მსგავსი ფორმულირების ჩანაწერი ვერ ნახეს პატიმრის უფლებადამცველებმა.
მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ სააკაშვილის გარემოცვა ჩიხში შევიდა. „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, ევროსასამართლოს უარმა ექსპრეზიდენტის გეგმა და რეალობა გამოააშკარავა.
სტრასბურგის სასამართლო წინასწარი გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის, არა თუ ვარშავის რომელიმე საავადმყოფოში, არამედ „ვივამედიდან“ საქართველოს სხვა საავადმყოფოში გადაყვანასაც კი არ ითხოვს. შესაბამისად, საბოლოოდ ესმება იმ სპეკულაციას წერტილი, რომ საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს სათანადოდ არ მკურნალობს და აწამებს“.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფიგურის აქტუალიზებას მისი ოჯახი და გარემოცვა რომ არ ცდილობდეს, რეალურად, ის არც ქვეყნის გარეთ და არც მის შიგნით არავის აღარ აინტერესებს. გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, ეს ადამიანი და მისი უკვე ე.წ. პარტია საკუთარი ინტერესების გამო ქვეყნის იმიჯს როგორ აზიანებს. ანალიტიკოსი სააკაშვილს ურჩევს ჭამა დაიწყოს და შეეგუოს, რომ 6 წელს ციხეში გაატარებს.
„სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებით ხომ კარგად გამოჩნდა, რომ ამხელა ფული და რესურსი მისმა ოჯახმა არაფერში გადაყარა. წყალშია გადაყრილი მილიონები, რომლითაც ზეგავლენა სტრასბურგის მოსამართლეებზე ვერ მოახდინეს. ხომ ცივი წყალი გადაესხა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის ვითომ წამებაში და არაადამიანურ მოპყრობაში სდებდნენ ბრალს! არაადამიანურად მას საკუთარი ოჯახი და გარემოცვა ექცევა. კაცს აჯერებენ, რომ თუ არ შეჭამს, თუ თვითდაზიანებას გააგრძელებს, მისი ციხიდან გამოყვანა გაადვილდება. სტრასბურგის სასამართლოს რომ წააგებენ კარგად იციან, ამიტომ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ბოლომდე თავის მოჭრას, საერთოდ, სარჩელი გამოიტანონ. ესე იგი აქ ხალხს რომ არწმუნებდნენ ეს ვაი-ექსპერტები და ექიმები კვდებაო, სტრასბურგის სასამართლომ უთხრა: კაცს აჭამეთ, სადაც არის მშვენივრად უვლიანო.
ლევან ხაბეიშვილი ვისი ციხიდან გამომხსნელია, საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებასაც კი არ აძლევენ. რასაც ლაპარაკობს, იმასაც ვფიქრობ, კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან და ადეიშვილთან ათანხმებს. სააკაშვილი კიდევ ილუზიაში იმყოფება, რომ მის გამო ხალხი ქუჩაში გამოვა. ეს კაცი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, უკვე ჩარეცხილია. ამიტომ, თუ თავის ფიზიკურად გადარჩენა უნდა, ჭამოს და ამ მოღალატეების მოსმენას თავი დაანებოს. რეალურად, მას პარტიის ხელში ჩაგდებისთვის იყენებენ და არც აქციებს აპირებს ვინმე და არც საავადმყოფოში შეჭრას მის დასახსნელად“, - ამბობს გვენეტაძე.
მისივე თქმით, როცა სტრასბურგის სასამართლოს არსებითი განხილვა დასრულდება და სააკაშვილი საბოლოოდ უარყოფით პასუხს მიიღებს, ელის, რომ ის ალაპარაკდება. გვენეტაძე ამბობს, რომ, დიდი ალბათობით, სააკაშვილი დიდი ხანი აღარ გაჩუმდება და უკვე მიხვდა, რომ კიდევ ერთხელ გააცურეს.
ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი კი ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო და ეს თავად სააკაშვილის გარემოცვამაც იცოდა, ამიტომაც იყო, რომ დიდ ხნის განმავლობაში საჩივრის შეტანაზე ფეხს ითრევდნენ. ნიკოლეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ეს არის ყველაზე კომპეტენტური ორგანო, როემლზეც პოლიტიკურ გავლენას ვერავინ მოახდენს.
„სააკაშვილის გარემოცვას კიდევ რაღაცა პატარა იმედი აქვს, რომ იქნებადა სიტუაცია სხვაგვარად განვითარდეს. ამ გადაწყვეტილებას აბათილებენ. ცოტა აკლიათ, რომ თქვან, ეს არის პუტინის და რუსების მიერ მართული სასამართლო. ძნელია, იძახო პროდასავლელი ვარ და თან სტრასბურგის სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადო, ამდენსაც ვერ ბედავენ. სააკაშვილი თავის დროზე საქართველოში როგორ შეამოაპარეს და რატომაც, ეს ქართველებმა კარგად იციან. ეს ოპერაცია, რაც ჩავარდა, უკვე დადგა გეგმა „ბ“-ს ჯერი, როგორ გაიყვანონ ეს ადამიანი, მანამ, სანამ რაღაცა ისეთს იტყვის, რაც ყველაფერს ნათელს მოჰფენს. მე დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი დიდხანს ვეღარ მოითმენს, მოთმინების ფიალა უკვე ევსება და დაასახელებს ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც მისი საქართველოში შემოყვანა დაგეგმეს. მოყვება ყველაფერს რა და როგორ უნდა ექნა. აქ კი საქართველოში ვინ როგორ ელოდებოდა და ა.შ.“, - ამბობს ნიკოლეიშვილი.
მისივე თქმით, ამის შემდეგ სააკაშვილის ქვეყნიდან და ციხიდან გაყვანის სპეცოპერაცია დაიგეგმა. პირველი მისი შიმშილობა იყო. „რაღაცა გაუგონარი რამ შემოგვთავაზეს, რომ კაცმა 50 დღე იშიმშილა და ისევ ცოცხალი იყო. ამის შემდეგ კი ახალი გეგმა წამოვიდა და მისი წინააღმდეგობის გაწევა ბადრაგთან წამებად უნდოდათ შეეფუთათ. ესეც რომ არ გამოვიდა, მერე მისი ნელ-ნელა მკვლელობის ოპერაცია დაიწყო. სააკაშვილის წონის კლება ისე უნდა ყოფილიყო, რომ სიკვდილთან ყოფილიყო მიახლოვებული. ადამიანურად ეს მართლა წარმოუდგენელია. რა დონის ზიანს აყენებენ და როგორ არ ადარდებთ. მგონია ამ ყველაფერს ვიღაც ჭკვიანი გეგმავს, ეს გიული ალასანიას და ნაციონალების დაგეგმილი არ არის, ამაში დიდ მუქთა ფულს იღებს და სააკაშვილის ჯანმრთელობა არაფრად უღირს“, - ამბობს ნიკოლეიშვილი.
დასაკარგი რომ არაფერი ჰქონდეს, შეიძლება დაეფქვა კიდეც ყველაფერი.
მაგრამ ტიპი მილიარდერია. გიჟია, მტრები გაიჩინოს? ნუ, გიჟი კია, მაგრამ არც ეგრე ძალიან თავზე ხელაღებულია. :)