„ამ სამეულის წინააღმდეგ მელიას გამარჯვება ძალიან საეჭვოა. თავმჯდომარე იყო და მაშინ აჯობეს და ახლა რას იზამს?“

„ამ სამეულის წინააღმდეგ მელიას გამარჯვება ძალიან საეჭვოა. თავმჯდომარე იყო და მაშინ აჯობეს და ახლა რას იზამს?“

ვინ არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ დროებითი - მოქმედი თუ ყოფილი თავმჯდომარის გუნდი? პარტიას ახალი მენეჯმენტი მართავს, თუმცა  ნიკა მელიას ფლანგი მათ შესაცვლელად იბრძვის და ფაქტობრივად, იგი პარტიაში „ტროას ცხენის“ როლს ასრულებს, თუმცა როდემდე გაგრძელდება ამ რეჟიმში დაპირისპირება, უცნობია.  ჯერჯერობით, ლევან ხაბეიშვილი არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას და ამ ეტაპზე, არც მელია აპირებს საკუთარი სურვილით პარტიის დატოვებას. უფრო მეტიც, ორ არაფორმალურ მმართველს მელიამ კიდევ ერთი დაამატა. მისი მტკიცებით, ენმ-ს ახლა არა ლევან ხაბეიშვილი, არამედ ვანო მერაბიშვილთან და დავით კეზერაშვილთან ერთად, ზურაბ ადეიშვილიც მართავს. ლევან ხაბეიშვილს ფლანგი ნიკა მელიას და მის გუნდს უკვე პრტიის წევრებად აღარ მიიჩნევს. მათი თქმით, მელიამ არაფორმალური მმართველები თავად გამოიგონა, რათა წაგება ამ ფორმით გაემართლებინა. ხოლო, ხაბეიშვილი ადეიშვილს არასდროს შეხვედრია და არც იცნობს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი კი ამბობს, რომ „ნაცმოძრაობაში“ერთმანეთს ორი ჯგუფი ებრძვის.

„ნაცმოძრაობა ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით, ფიქტიური თავმჯდომარეობით, მერაბიშვილის, კეზერაშვილის, ადეიშვილის მონაწილეობით ჩამოყალიბდა, როგორც გარკვეული რევოლუციური კომიტეტი, რომელიც ამავე დროს რევოლუციას ვერ ახდენს და ვერც ფიზიკურ შეტევას ახორციელებს ციხეზე, როგორც საზოგადოებას დაპირდა. „ქურქუმელ ვაითი“ ჩამოყალიბდა ორგანიზაციად, რომლის მიღმა მოიაზრება ადამიანი, ვინც ამას ფულადი რესურსებით ამარაგებს და ინტელექტუალური რესურსებით ხაბეიშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი უზრუნველყოფენ.

ფაქტია, რომ ეს ორი ფრთა ერთმანეთს ებრძვის და უმტკიცებს, რომ გაცილებით უფრო დიდი კუნთი გააჩნია იმისათვის, რათა ქვეყანა შეძრან და დესტაბილიაზაცია მოახდინონ“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ნიკა მელიას ტაქტიკა გასაგებია და ის დროის მოგებას ცდილობს. ანალიტიკოსის აზრით, მისი ვარაუდი გამართლდა, როცა ამბობდა, რომ ის პროცესების განვითარებას შემოდგომამდე დაელოდება, ამის შემდეგ თუკი არაფერი გამოვიდა, მელია პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს.

„მელიას ტაქტიკის სრულიად მესმის. ის ცდილობს, რომ პროცესები შიგნიდან შეცვალოს. არ ვიცი რაზე ამყარებს იმედს, მაგრამ ფაქტია, ფიქრობს, რომ შესაძლოა, კიდევ ხელახალი არჩევნების დანიშვნა გახდეს საჭირო. მიხეილ სააკაშვილის თემაა, რის გამოც მას შარი მოუდეს და როგორც თავად ამბობს, ფაქტობრივად, პარტიაში გადატრიალება მოხდა. ამიტომაც მას, როგორც ჩანს, აქვს გეგმა, რომ ჯერჯერობით, პროცესებს შიგნიდან დააკვირდეს. მას რომ არჩევნების წაგებისთანავე პარტია დაეტოვებინა, მხარდამჭერებს დაკარგავდა. ახლა კი პირიქით, ეცდება, რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი გაიყოლოს, მით უმეტეს ე.წ. მიშისტებს დაანახებს, რომ მას მხარი სულ ტყუილად არ დაუჭირეს და პირიქით, ეს ფლანგი სააკაშვილის სახელს იყენებს. რა გამოუვა და რა არა, არ ვიცი, მაგრამ ტატქიკურად მისი ქმედება სწორი მგონია.

ან, მელია ცდილობს, რომ პარტიიდან გარიცხონ - მით უკეთესი მისთვის. ეს პარტიის შიგნით კიდევ უფრო დიდ განხეთქილებას გამოიწვევს. ამიტომ მელია ყველანაირად ცდილობს, რომ ეს პროცესი სათავისოდ გამოყენოს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებას, ფაქტია, რომ ამას ახლა არც ერთი მხარისთვის არ სცალია. მას იმხელა პრობლემა აქვს, რომ დიდად არც მგონია აღელვებდეს ეს დაპირისპირება. თუმცა მის გარეშე რომ ეს ყველაფერი არ ხდება, ეს ფაქტია. მის ოჯახს იქ სიტყვა ეთქმის და მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ლევან ხაბეიშვილს უფრო გულშემატკივრობენ. თუმცა, რა იქნება მერე, ამას დრო გვიჩვენებს“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას ძალიან ბევრი მხარდამჭერი რომ ჰყოლოდა, ის „ნაცმოძრაობიდან“ წამოვიდოდა და ახალ პარტიას შექმნიდნენ. ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ რადგან ის პარტიაში ჯერჯერობით ისევ რჩება, ტროას ცხენის როლს ასრულებს.

„მელია ცდილობს პარტიას პრობლემები შიგნიდან შეუქმნას, თუნდაც იმ მხილებებით, რაც მან კეზერაშვილის, მერაბიშვილის და ადეიშვილის არაფორმალურ მმართველებად დასახელებისას გააკეთა. ვფიქრობ, ეს მდგომარეობა პარტიაში დიდ ხანს ვერ გაგრძელდება. ეს არის ორხელისუფლებიანობა და ფრაქციონალიზმი. ვერც ერთი პარტია ასეთ მდგომარეობას დიდი ხანი ვერ აიტანს. შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ თუ მელია ასე მოქმედებას გააგრძელებს, როგორც პარტიის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა მიანიშნა, დადგეს იმის დრო, როცა პოლიტსაბჭო მელიას და მის მომხრეებს პარტიიდან გარიცხავს. ყველა მკვეთრი მოძრაობის გაკეთებას ერიდება.

ვხედავთ, რომ ხაბეიშვილმა ამდენი ხანი მისი გარიცხვის გადაწყვეტილება არ მიიღო. ყველა ელოდება იმ მომენტს, რომ ნიკა მელია ბრძოლის რესურსს ამოწურავს და პარტიიდან თავად წავა. რომ გარიცხონ, ალბათ, არსებობს იმის რისკი, რომ პარტიაში დაპირისპირება გაღრმავდება. ზუსტად არ ვიცი მელიას მხარდამჭერების პროცენტი, თუმცა „ნაცმოძრაობის“ რიგგარეშე არჩევნებში ხმების გადანაწილების მიხედვით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არც თუ მცირე მხარდამჭერი ჰყავს. თუ მელიას გარიცხავენ, არ არის გამორიცხული ეს ხალხი ენმ-ს ჩამოშორდეს. ამიტომ ხისტი გადაწყვეტილებების მიღებას ერიდებიან“, - ამბობს ანჯაფარიძე.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პოზიციას ამ დაპირისპირებაში, ანჯაფარიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, ამ ეტაპზე სააკაშვილი პარტიულ საქმეებით ნაკლებად ინტერესდება. მით უმეტეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მის ოჯახს და გარემოცვას სრულიად სხვა საზრუნავი აქვთ. თუმცა, ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მელიას სააკაშვილი მხარს ნაკლებად უჭერს. ოჯახის პოზიციიდანაც ნათლად ჩანს, რომ ლევან ხაბეიშვილის მხარეს უფრო იხრებიან.

„როგორც მელია ამბობს, მის წინააღმდეგ, ადეიშვილი, კეზერაშვილი, მერაბიშვილი არიან. ეს ადამიანები საკმაოდ გავლენიანი ფიგურები არიან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ შექმნის სათავეებთან იდგნენ. ფაქტობრივად, ეს პარტია მათი შექმნილია. ამიტომ სააკაშვილი, მით უმეტეს ამ მდგომარეობაში, მათ რატომ დაუპირისპირდება? გამოვა, რომ სააკაშვილი უპირისპირდება ძველ გვარდიას და მის ყოფილ თანამებრძოლებს. ბოლოს და ბოლოს ნიკა მელია არ არის ისეთი გავლენიანი და მნიშვნელოვანი ფიგურა, რომ ენმ მის გარეშე დაზიანდეს. მელიამ თქვა თავად, რომ ფული დაიხარჯა და რესურსები, რათა ის პარტიიდან გადაეყენებინათ. ამ სამეულის წინააღმდეგ მელიას გამარჯვება ძალიან საეჭვოა. თავმჯდომარე იყო და მაშინ აჯობეს და ახლა რას იზამს? პარტიის მთავარ შენობაშიც კი აღარ უშვებენ“, - ამბობს ანჯაფარიძე.