„ხომ შეიძლება ამერიკა და რუსეთი შეეჯიბრონ ერთმანეთს საქართველოსთან მიმართებით? რატომ არ ცდილობს ამერიკა, სავიზო რეჟიმით დაგვიახლოვოს? მარტო სანქციებზე რომ ლაპარაკობენ, ეს საქართველოს ამოჩემებაა. სანქციების შემთხვევაში, შეიძლება დასავლეთთან პარტნიორობა გადაიხედოს, რადგან ზიანის მეტი არაფერი მოაქვს. რაც შეეხება რუსეთს, საქართველოსთან დაახლოების ნაბიჯი კრემლმა იმიტომ გადმოდგა, რომ რუსეთის მოწინააღმდეგეთა ბანაკში არეულობა შეიტანოს და დიფუზიურობა გამოიწვიოს,“-აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.
სახიფათო თამაში, მზაკვრული გეგმა, - ასეთნაირად აფასებენ საქართველოში რუსეთის მიერ ჩვენი მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას. ცხადია, პრაგმატული რუსეთი საქართველოსთვის ზრუნვით არ შეიწუხებდა თავს, რაიმე სარჩული რომ არ ედოს ამ მოვლენას. ხომ არ გახდება რუსეთის საჩუქარი ე.წ. დანაელთა ძღვენი, რომლის აღებაც საფრთხილოა? თქვენ თუ ხედავთ რაიმე პროვოკაციულს პუტინის გადაწყვეტილებაში?
- რა თქმა უნდა, პროვოკაციული მიზანი ამ გადაწყვეტილებაში არის. როცა ლაპარაკობენ მეოთხე თაობის თანამედროვე ომებზე, პოსტმოდერნულ დიფუზიურ ომებზე, დიფუზიური ომი არის ზუსტად ისეთი მოქმედება, როდესაც მოწინააღმდეგის ნების გასატეხად დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რაც არეულობას, ანუ დიფუზიას იწვევს ქვეყანაში. რუსეთის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმით ვითარება წარმოჩნდა ისე, თითქოს საქართველო არის რუსეთის მხარდამჭერი. გასაგებია, რომ რუსეთი ჩვენი მტერია, მას ოკუპირებული, ანექსირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. რაც მთავარია, 2008 წლის ომის შემდეგ ჩვენ საზავო ხელშეკრულება რუსეთთან არ დაგვიდია. კი ბატონო, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება არსებობს, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება არ ნიშნავს, რომ ჩვენ არსებითად ომის მდგომარეობაში არ ვართ რუსეთთან. უბრალოდ, ცეცხლის განახლების ინტერესი ჩვენ არ გვაქვს, იმდენად მძიმეა ძალთა დისბალანსი და სამხედრო თვალსაზრისით რუსეთს იმხელა უპირატესობა აქვს, რომ ახალი ომი საქართველოსთვის იქნება ეგზისტენციალური ყოფნა-არყოფნის საფრთხე. ჩვენ არ გვინდა კონფლიქტის განახლება და არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციებს. თუმცა ჩვენ დასაბრუნებელი გვაქვს ტერიტორიები და ამ დროს ასეთი ნაბიჯის გადადგმა და პოზიციონირება რუსეთის მხრიდან იწვევს არეულობას საქართველოში, იქმნება ყალბი მოსაზრებები, თითქოს საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია. ცხადია, ეს აზიანებს როგორც მოკავშირეების, ანუ რუსეთის მოწინააღმდეგე ბლოკის პოზიციებს, ასევე, აზიანებს საქართველოს.
საქართველოს მიმართ კრემლის ასეთი „დათბობა“ საჩუქარია არახამიებისათვის, „ნაცებისთვის“... შეუძლებელია, ეს რუსეთში არ გაეანალიზებინოთ.
- ცხადია, ეს გამოიწვევდა აჟიოტაჟს და კრემლის ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, შექმნას აჟიოტაჟი, კიდევ უფრო დაასუსტოს საქართველოს ხელისუფლების პოზიციები, ისეთი ვითარება შეიქმნას, შეუძლებელი გახდეს სუვერენული ქვეყნის ფორმირება საქართველოში. ეს ყველაფერი არეულობას ემსახურება. სინამდვილე ერთია, რუსეთს ჩვენი ტერიტორია აქვს მიტაცებული. როცა ეს ინიღბება და არასწორად ინტერპრეტირდება, ეჭვები და სკეპსისი ჩნდება ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს ასუსტებს ჩვენი ხელისუფლების პოზიციებს.
ფიქრობთ, რომ ესეც ჰიბრიდული ომის ნაწილია რუსეთის მხრიდან?
- ჰიბრიდული ომის დროს რეალობის ჩანაცვლება თითქოს ხდება ინტერსუბიექტური რეალობით. რუსეთის ახლანდელი პოზიცია კი დიფუზიას, არეულობას იწვევს, სად მტერია და სად მოყვარე, გაუგებარია. ასეთ დროს ვითარების ადეკვატური აღქმა შეუძლებელია. მოქალაქეების გარკვეული ნაწილიც კი საქართველოში ეჭვშია ჩავარდნილი, ხომ არ არის ეს ჩვენი მთავრობის კაპიტულანტობისგან გამოწვეული. ეს ძალიან დიდი ზიანია საქართველოს ხელისუფლებისთვის.
ჩვენმა ხელისუფლებამ უარი რომ თქვას რუსეთის ამგვარ შემოთავაზებაზე მანამ, სანამ ოკუპირებული ტერიტორიები არ დაგვიბრუნდება, ეს უკვე ომის რიტორიკა და იარაღის ჟღარუნის ენაზე საუბარი იქნება? მით უმეტეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკვე ქართული აეროპორტების დასანქცირებაზე ალაპარაკდა.
- უარი რომ ვთქვათ, მაშინ ჩვენი მოქალაქეები დაზარალდებიან. ეს როგორ უნდა გავაკეთოთ, როცა ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ისევ დამოკიდებულია რუსეთზე?! ახლა დავა მიდის იმაზე, მილიონამდე ქართველია რუსეთში, თუ 258 ათასი, რასაც რუსეთში ჩატარებული აღწერა ამტკიცებს? უკვე ეჭვქვეშ დადგა საკითხი, რომ რუსეთში მილიონამდე ქართველი ცხოვრობს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გაფრთხილება იყო, რომ შესაძლებელია საკითხი დააყენონ საქართველოს სანქცირების თაობაზე. რა სანქციები უნდა დაუწესონ საქართველოს ხელისუფლებას, ეს გაუგებარია, რადგან რუსეთს ფრენები აქვს რამდენიმე ქვეყანასთან-ისრაელთან, თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, პრაქტიკულად, დსთ-ს ყველა ქვეყანასთან. მოლდოვას მაგალითიც შეგვიძლია მოვიყვანოთ, მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, დსთ-ს წევრია და რუსეთთან ავიამიმოსვლა დღემდე აქვს, არავითარი შეზღუდვა მოლდოვას ამის გამო არ აქვს. სანქციები რომ დაგვიწესონ, ეს საქართველოს ამოჩემება იქნება. მაშინ შეიძლება მართლაც დადგეს ასეთი საკითხი, რომ დასავლეთთან პარტნიორობა გადაიხედოს, რადგან ზიანის მეტი ამას არაფერი მოაქვს. ჯერ ერთი, ეს პარტნიორობა ხელს გვიშლის რუსეთთან იმ თვალსაზრისით, რომ პრობლემა კიდევ უფრო მძიმდება, ნორმალიზებისკენ კი არ მივდივართ, რომ მოგვარდეს და დაიძრას ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე მწვავე პრობლემა, არამედ, პირიქით, გვაშორებს ამას. ამიტომ არა მგონია, დასავლეთმა სანქციები დაგვიწესოს, შესაძლოა, ეს რიტორიკის დონეზეა, გასაგებია, რომ რუსეთის ასეთი ქმედება იწვევს გარკვეულ რეაქციას, მაგრამ არა მგონია, საქმე ისე გამწვავდეს, საქართველო სანქცირებული გახდეს. ეს თუ გააკეთეს, მაშინ ჩვენი პარტნიორობა ეჭვქვეშ დადგება.
ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება გაუხარდა, რადგან მისი აზრით, ნიშნები გაჩნდა, რომ აფხაზეთი დ სამაჩაბლო შეიძლება მალე დაბრუნდეს. ეს მოლოდინი რეალისტურია?
- ზედმეტი არც ოპტიმიზმი ვარგა, არც პესიმიზმი. ის, რომ დაიწყოს ნორმალიზების პროცესი და დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები, ამის საფუძველი ჯერჯერობით არ არის. უფრო მოსალოდნელია, რომ კრემლმა საქართველოსთან დაახლოების ნაბიჯი იმიტომ გადმოდგა, რომ რუსეთის მოწინააღმდეგეთა ბანაკში არეულობა შეიტანოს და დიფუზიურობა გამოიწვიოს. დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა, არ ვიცით, ამას რა მოჰყვება, რა რეაქცია ექნება დასავლეთს. დასავლეთმა თუ ისევ სანქციებზე დაიწყო საუბარი, ეს ჩვენთვისაც ცუდად გაგრძელდება და მათთვისაც.
მეორე მხრივაც შევხედოთ ამ მოვლენას და დავიჯეროთ, რომ მართლაც ჰუმანიტარული მიზნით აღდგა ფრენა და სავიზო რეჟიმის მოხსნა, ეს შეიძლება იმითაც იყოს განპირობებული, რომ რუსეთი მძიმე გამოწვევის წინაშეა, ის მთელ მსოფლიოში მარტოა დარჩენილი და მოკავშირეებს, ან თუნდაც ფსევდომოკავშირეებს ეძებს. რუსეთი ხედავს, რომ ქართული სივრცე თანდათან შორდება, ქართველი ახალგაზრდები ევროპას ამჯობინებენ, გაცვლითი პროგრამებით უახლოვდებიან დასავლეთს. იქნებ, პუტინს სურს, დაიახლოვოს ქართველი ახალგაზრდობა, ისევ ინტეგრირებული გახადოს და მამების თაობის მსგავსად ვერ მოწყვიტოს რუსეთს?
- ეს გეგმაც, რა თქმა უნდა, არის, რომ დაგვაშორონ ევროპას და დაგვაახლოვონ რუსეთს, მაგრამ მთავარი მოტივი მაინც საქართველოში არეულობის გამოწვევა და ყალბი აღქმის შექმნა მგონია.
რუსეთის ამ შემოთავაზების საპასუხოდ საქართველოს რამდენად ხელეწიფება ევროკავშირთან ინტეგრაციის გაძლიერება, რათა გადაწონოს რუსული შემოთავაზება?
- ჩვენს სურვილზე ეს არ არის დამოკიდებული. არც ის არის ჩვენს სურვილზე დამოკიდებული, რუსეთს რაიმე მივუთითოთ და ავუკრძალოთ. შეერთებული შტატები ხომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია? რატომ არ აკეთებს იმას, რომ სავიზო რეჟიმით დაგვიახლოვოს? ამერიკას ძალიან მკაცრი სავიზო რეჟიმი აქვს საქართველოსთან მიმართებით და არც არავითარი პირდაპირი ფრენა აშშ-სთან არ გვაქვს. ხომ შეიძლება საპასუხო ნაბიჯი ეს იყოს, ამაში შეეჯიბრონ ამერიკა და რუსეთი ერთმანეთს? რუსეთი მტერია და ამ მიმართულებით ნაბიჯს დგამს, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის სასარგებლოა, ამერიკა კი სტრატეგიული პარტნიორია, თან იძახის, საქართველოსთან სიახლოვე მინდაო და ამ დროს ძალიან მკაცრი სავიზო რეჟიმი აქვს. ამ მხრივ კომიკური ვითარება იქმნება.
საქართველოს ავის მოსურნეები იმასაც ამბობენ, რომ შეიძლება სანქციები არ აგვცდეს, რადგან რუსეთის ნებისმიერი თვითმფრინავი აპრიორი სანქცირებულად ითვლება.
- ასე არ არის, იქ არის სანქცირებული ბორტები. რუსეთის ამ შემოთავაზებაზე საქართველო უარს ვერ იტყვის გასაგებ მიზეზთა გამო, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები არ დაზარალდნენ. ამით რუსეთს დიდი ზიანი არ მიადგება. მეორე მიზეზია დემარში, რუსეთი კეთილ ნებას გამოხატავს და საქართველო ამას ცეცხლითა და მახვილით ხვდება, ცხადია, ამას ესკალაცია მოჰყვება.