„ვისაც ჩვენი დაჩაგვრა უნდა, ათმაგად მივუზღავთ“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ დატოვებას. პრემიერმა აღნიშნა, რომ ჩვენ გვინდა კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური ფასეულობების დამცველი საქართველო და, თუ ამ ღირებულებების გამო ჩვენი არყოფნა უნდათ, კარგად იყვნენ.
რას მოუტანს „ქართულ ოცნებას“ ასეთი თამამი გადაწყვეტილება და იდეოლოგიური ტრანსფორმაციის გამო „ევროპელ სოციალისტებთან“ დაშორება, ვინ გახდება ჩვენი მომავალი პარტნიორი ევროპულ ოჯახში, ამის შესახებ for.ge-ს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ესაუბრა.
„ქართული ოცნების“ დემარშად შეფასდა, რომ პარტიამ „ევროპელი სოციალისტების“ გაერთიანება დატოვა და პარტნიორის გარეშე დარჩა ევროპარლამენტში. საინტერესოა, ხომ არ დავშორდებით ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს და ვინ იქნება „ოცნების“ სამომავლო პარტნიორი? საუბარია ევროპარლამენტში არსებულ 7 პოლიტიკურ ჯგუფზე, მათ შორის, ავადსახსენებელ IPP-ზე, ანუ „ევროპის სახალხო პარტიაზე“, რომლიც „ნაციონალების“ დასაყრდენს წარმოადგენს, ასევე, ევროპელ „მწვანეებზე“, კონსერვატორებზე, ლიბერალ-დემოკრატებზე, თქვენ ვისთან ხედავთ „ქართული ოცნების“ სამომავლო კავშირებს? იქნებ, აჯობებს, „ოცნება“ პარტნიორის გარეშე დარჩეს, ვიდრე გაერთიანდეს იმ პარტნიორებთან, სადაც არიან ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა და სხვები?
- „ევროპელ სოციალისტებთან“ „ქართული ოცნების“ თანამშრომლობა ბოლო წლებში ფიქტიური იყო, უფრო სწორად, „ევროპელი სოციალისტების“ მხრიდან დეკლარირებული პარტნიორის წინააღმდეგ ხორციელდებოდა არაერთ უმსგავსო განცხადებაზე ხელის მოწერა და არაერთი უსაფუძვლო ბრალდების ტირაჟირება. აქ ვგულისხმობ კრიმინალ სააკაშვილს, კრიმინალ კეზერაშვილს, კრიმინალ გვარამიას. ასევე, ხორციელდებოდა უსაფუძვლო ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. როდესაც არსებობს პოლიტიკური პარტნიორობა, ეს არის ორმხრივი მოძრაობა და არა ცალმხრივი. ამიტომ „ოცნებამ“ მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, რადგან ხედავდა, რომ ქაღალდზე არსებული მისი პარტნიორი რეალობაში არაფერს წარმოადგენდა. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით თქვა, რომ დააკვირდებიან და ყველასთან თანასწორ პარტნიორობას გააგრძელებენ. პრაგმატულად რომ შევხედოთ, მომავალი წლის გაზაფხულზე ევროპარლამენტში იქნება ახალი არჩევნები, შესაბამისად, იქნება პოლიტიკურ ძალთა ახალი გადანაწილება ევროპის საკანონმდებლო ორგანოში. საჩქარო არაფერი არ არის, მოლოდინისა და დაკვირვების რეჟიმი ახლა საუკეთესო იქნება „ქართული ოცნებისთვის“. ის, რომ არარსებულ პარტნიორთან დეკლარირებულად გაწყვიტა კავშირი „ქართულმა ოცნებამ“, ეს ევროინტეგრაციისთვის არაფერს არ ნიშნავს, თუმცა მავანნი ცდილობენ ხოლმე, 12-პუნქტიან რეკომენდაციას ნებისმიერი სახით რაღაც დაბრკოლება მიაკერონ, რაც დაუშვებელია. ჩვეულებრივ გაგრძელდება 12 რეკომენდაციის შესრულება, პარამეტრებით საქართველო ისედაც მზად არის ამისთვის გასული წლის ზაფხულიდან, ახლა ბრიუსელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
„ევროპელი სოციალისტები“ გაუგებარ რეზოლუციებს მხარს უჭერდნენ, მათ შორის, სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით, რომელიც უსამართლობად ეჩვენებოდათ. თუმცა საინტერესოა, „ნაცმოძრაობა“ როგორ ახერხებს ევროპელებთან ალიანსს? მაგალითად, IPP, ანუ ევროპის სახალხო პარტია მუდამ მათ სადარაჯოზეა მაშინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა, მათი ევროპელი პარტნიორი ბოლომდე ერთგული ყოფილიყო? ფინანსური დაინტერესებით, ლობისტებთან მუშაობით?
- „ევროპელ სოციალისტებთან“ თანამშრომლობის გაწყვეტა ემყარება კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან მიზეზს, ეს არის ღირებულებებში აცდენა. „ევროპელმა სოციალისტებმა“ უღალატეს სოციალ-დემოკრატიულ ფასეულობებს და ფსევდო ლიბერალიზმისკენ გადაუხვიეს, რომელიც, სამწუხაროდ, ახლა დასავლეთში მძვინვარებს. ფსევდოლიბერალური არასოდეს ყოფილა „ქართული ოცნება“ და არც იქნება. ფსევდოლიბერალური არის „ნაციონალური მოძრაობა“, მისი განშტოებები, შესაბამისად, მათ ჰყავთ თანამზრახველები როგორც „ევროპის სახალხო პარტიაში“, ასევე, სხვადასხვა ჯგუფებში. აქ მარტო ლობისტების საქმე არ არის, ეს არის გლობალური ფსევდოლიბერალების, ომის პარტიის ერთობლიობა, რომლებისთვისაც საქართველოს სუვერენიტეტის ბოლომდე დამცველი „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პრობლემას წარმოადგენს. არ განვიხილოთ ისე, რომ „ქართული ოცნება“ განყენებულია, ზუსტადაც ერთობლიობა როდესაც არის მმართველი პარტიის და ამომრჩევლების, ქართველი ხალხის, მაშინ არის სახელმწიფო ძლიერი სხვადასხვა საგარეო გამოწვევებთან გამკლავებაში.
სპეკულაციები მიმდინარეობდა, ვინ დაასწრებდა - „ქართული ოცნება“, თუ „ევროპის სოციალისტური პარტია“. შემდეგ გაირკვა, რომ „ევროპის სოციალისტური პარტია“ გეგმავდა, ისეთივე პროცესი განეხორციელებინა „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით, როგორც ბულგარეთსა და რუმინეთთან მიმართებით, რომელთაც დროებით შეუჩერეს ხმის მიცემის უფლება და მერე ისევ აღუდგინეს. მაგრამ, თუკი „ევროპელი სოციალისტები“ აცდნენ თავიანთ ღირებულებებს, ალბათ, „ოცნებისთვის“ აზრს კარგავდა მათთან ყოფნა. მით უმეტეს, ლგბტ უფლებების დაცვა „ევროპელი სოციალისტებისგან“ გაუგებარი იყო.
- აქ ნამდვილად არის ორი მიზეზი, ეს არის ღირებულებებში აცდენა და პოლიტიკურ მემკვიდრეობაშიც დამახინჯებული პროცესი. თუმცა აქ არის კიდევ ერთი უმსგავსო ფაქტი, რის გამოც დაჩქარდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება. ის, რომ ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილის ტელევიზიით გამოვიდა „ევროპელი სოციალისტების“ ვიცე-პრეზიდენტი და, ასე ვთქვათ, ნოტაციები უკითხა საქართველოს საზოგადოებას და „ქართულ ოცნებას“, ის, რომ არც ყოფილა მანამდე შიდა სამუშაო კომუნიკაცია „ქართულ ოცნებასთან“, ეს მეტყველებს, რომ აქ მეგობრობა უკვე გამქრალია და აქ არის მხოლოდ პოპულისტური ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები სხვადასხვა ტელევიზიებში, მათ შორის, მათდა სამარცხვინოდ, კრიმინალი კეზერაშვილის ტელეეთერში. აქ უკვე დამთავრებულია ყველაფერი და ზუსტად ამან დააჩქარა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ.
„ევროპელ სოციალისტებს“ არ მოეწონათ პრემიერის გამოსვლა უნგრეთში ლგბტ პირთა შესახებ, ანტიდასავლურ რიტორიკაში დაადანაშაულეს „ოცნება“ და რუსეთთან მის ორჭოფულ პოზიციას შეეხნენ. როგორ ფიქრობთ, „ევროპელი სოციალისტები“ დამოუკიდებელნი იყვნენ ამ ბრალდებებში?
- ზუსტად ეს არის, რომ „ევროპელი სოციალისტები“ ჩადგნენ ფსევდოლიბერალების კალაპოტში. ფსევდოლიბერალთა პოლიტიკური დღის წესრიგი კი არის ნეობოლშევიზმი - „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი წინააღმდეგია“. ოჯახურ ფასეულობებს, რწმენას, სუვერენიტეტს როდესაც ემყარება ქვეყნის ხელისუფლება და მისი ხალხი, ეს თუ პრორუსულია, მაშინ ნამდვილად აცდენილნი არიან, როგორც „ევროპელი სოციალისტები“, ისე მათი უცხოელი პარტნიორები რეალობის რეალისტურ აღქმას.
„ქართულ ოცნებასთან“ ყველაზე ახლობელი შეიძლება აღმოჩნდეს ევროპელი „კონსერვატორების პარტია“, მაგრამ აქ პრობლემას ქმნის, რომ „ევროპელ კონსერვატორებს“ წარმოადგენს ანა ფოტიგა, რომელიც სააკაშვილის უპირობო დამცველია. თორემ „ევროპელ ლიბერალებთან“ „ოცნებას“ საერთო არ აქვს, „ლიბერალებთან“ უფრო მეგობრობენ „ლელო“, „გირჩი“ და „რესპუბლიკელები“.
- მე ვფიქრობ, ახლა კონკრეტული პოლიტიკური მეგობრობის გაფორმება ნაადრევია, დაკვირვების რეჟიმი საუკეთესო გამოსავალია, ერთ წელიწადში კი ევროპარლამენტში გამართული არჩევნების შემდეგ არსებული ევროპარლამენტარები შეიძლება აღარც ვიხილოთ. სხვადასხვა პროცენტები შეიძლება მიიღონ პარტიებმა და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რომლის ათვლაც დაიწყება 2024 წლიდან, უპრიანი იქნება, შედგეს პოლიტიკური პარტნიორობა. რასაკვირველია, „ქართული ოცნების“ დეკლარირება ბოლო წლებში იქითკენაა, რომ ეს არის ძირძველი კონსერვატიული ფასეულობები, შესაბამისად, ევროპარლამენტშიც კავშირი შესაბამისობის პოლიტიკური გემოვნების ჯგუფთან ექნებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ურთიერთობა სხვებთან არ ექნებათ. კარგია იმის გაცხადება, რომ ყველასთან თანაბარი პარტნიორობა ექნებათ დაკვირვების რეჟიმში.