თანამედროვე  მაოხრებელი  გზირი

თანამედროვე მაოხრებელი გზირი

ხუთი წელი შერულდა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ. მართალია, მსოფლიო სახელმწიფოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა რუსეთის ამ ინიციატივას - საქართველოს ორი რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შესახებ, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია რუსეთისათვის, რომ მთლიანად კონტროლზე აეყვანა აღნიშნული ტერიტორიების საზღვრები და მათი რუსეთთან რაც შეიძლება მეტი ინტეგრაციული პროცესები განეხორციელებინა.

სამწუხაროდ, ზოგიერთი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს ან თვალთმაქცობს, რომ ვერ აცნობიერებს, თუ რა ტრაგიკული მოვლენაა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა, რომელთა დე ფაქტო სუვერენიტეტის დაცვის გარანტად თავად რუსეთი მოგვევლინა.  გაეროსა და ევროსაბჭოს ათობით რეზოლუცია, მართალია, აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს ამ მხრივ რუსეთის ცალმხრივ ქმედებას, მაგრამ ამით რეალური სურათი არ იცვლება და საქართველოსა და მისი დევნილებისთვის ფაქტობრივად დაკარგულია მისი ძირძველი მშობლიური კუთხეები.

ის პოლიტიკა,  რამაც ამგვარ კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანა ქვეყანა, ჯერ კიდევ არ არის ანტიქართულ საქმედ აღიარებული, ხოლო ამ პოლიტიკის გამტარებლები, ბედის ირონიით, თავს დიდ პატრიოტებად წარმოაჩენენ, ხოლო თავიანთ მოწინააღმდეგეებს იქით დებენ ბრალს ქვეყნის ღალატში. ამგვარ აბსურდს წერტილი სანამ არ დაესმება და ყველაფერს კუთვნილი შეფასება არ მიეცემა, მანამ ვირბენთ უსასრულოდ  ამ ჩაკეტილ პოლიტიკურ წრეში, რასაც საქართველოსთვის არანაირი სასიკეთო ცვლილება არ მოჰყვება.

ახლა კი, კონკრეტულად დავუბრუნდეთ აგვისტოს ომის იმ საბედისწერო დღეებს და მის  შედეგად გამოწვეულ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების, კერძოდ, რუსეთთან მოლაპარაკები ის ნიუანსები განვიხილოთ, რამაც საქართველო საკუთარი ტერიტორიების 20%-ის დაკარგვამდე მიიყვანა.

მიხეილ სააკაშვილი  საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რუსეთის პრემიერ–მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომელიც სარკოზი  - მედვედევის 6 - პუნქტიან შეთანხმებას და მის განსხვავებულ ინტერპრეტირებას უკავშირდებოდა, ასე გამოეხმაურა:

”როცა ჩამოვიდა კუშნერი, ჩამოიტანა ძალიან კარგი დოკუმენტი, მაგრამ შემდეგ სარკოზი ჩაფრინდა მოსკოვში, იქ პუტინმა უყვირა და აქ რომ ჩამოვიდა, დოკუმენტი იყო შეცვლილი: ექვსპუნქტიან დოკუმენტს ერთი პუნქტი დაემატა, რომელშიც ეწერა, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსი გაირკვევა მომავალში,  ღია საერთაშორისო მოლაპარაკებების შედეგად. პრაქტიკულად, ჩვენ ვიღებდით მოდელს, რომლის მიხედვითაც, თვითონვე უნდა მოგვეწერა ხელი იმაზე, რომ ეს ტერიტორიები ჩვენი არ არის და თუ მოვაწერდით, ეს გადაიზრდებოდა 20-30 წლიან პროცესში, სადაც ეს ტერიტორიები ჩვენი აღარ იქნებოდა. პრაქტიკულად, ეს იყო რაღაც სახის „ახალი კოსოვოს“ შემოთავაზება, მცდელობა რუსეთის მხრიდან დასავლეთზე ახალი მიუნხენის ხელშეკრულებისა, მაშინ, როცა დასავლეთმა ჰიტლერს მიჰყიდა ჩეხოსლოვაკია ზეწოლის ქვეშ.

ჩამოიტანა სარკოზიმ ეს ხელშეკრულება, თვითონაც ხვდებოდა, რაც ჩამოიტანა და მითხრა: „ხელს თუ არ მოაწერთ, რა გიყოთ, ბუშმა ჯარი არ გამოაგზავნა, ჯარისკაცები არ გვყავს, არ აწერთ ამას ხელს? – ხვალ პუტინი იქნება თბილისშიო“. ვუთხარი, რომ მე საქართველოს მთლიანობის დარღვევას ხელს არ მოვაწერდი. მითხრა, „მაშინ ხვალ იქნებიან თბილისში და მოგკლავენო“. „ჩემი მოკვლა ყველაზე ნაკლებად მაღელვებს, იყვნენ თბილისში - დავხვდებით“-მეთქი. ეს გაწევ-გამოწევა ორსაათნახევარი გაგრძელდა პრეზიდენტის კაბინეტში, რომელსაც არ ვიყენებდით და საშინლად ცხელოდა. ამასობაში რეკავს სარკოზი, უხსნის, სააკაშვილი ხელს არ აწერსო და ეუბნებიან, „ცხრა საათზე მედვედევს სძინავსო“ (ჩვენი ერთი ნაცნობივით) – ვითომ!.. მერე სარკოზიმ გადარეკა პარიზში და უხნის მათ, არ აწერს სააკაშვილი ხელსო. ამ დროს რუსები ფარულად ხომ ისმენდნენ? – როგორც ჩანს, ეს მოისმინეს და უცებ რეკავს ტელეფონი ჩემს კაბინეტში: სარკოზის ითხოვდნენ, სარკოზი ხმას არ იღებს და უცებ ისმის: ”კარგით, შეგიძლიათ, ეს პუნქტი ამოიღოთო”. 

ანუ, რუსეთის პრეზიდენტი სააკაშვილის დაჟინებულ მოთხოვნაზე, რომ აფხაზეთის სტატუსის საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციების განხილვის საგანი არ გამხდარიყო,  დაეთანხმა.  ერთი შეხედვით ეს, თითქოს,  სახელმწიფოებრივი ინტერესის დაცვის საქმეში სააკაშვილის პრინციპულობის გამოხატულებაა, მაგრამ, თუ კარგად განვსჯით იმდროინდელ პოლიტიკურ ვითარებას და პროცესების მიმდინარეობით გამოწვეულ შედეგებს, მაშინ სააკაშვილის ამ გადაწყვეტილების ტრაგიკულ წამგებიანობაშიც ადვილად დავრწმუნდებით.

ცნობილია, რომ აგვისტოს ბოლოს რუსეთის მთავრობამ მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეუთანხმებლად აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. მაშასადამე, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო-რუსეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების მე-7 პუნქტი სააკაშვილის მიერ უარყოფილი არ იქნებოდა,  ამ პუნქტის მოთხოვნის თანახმად რუსეთს დასჭირდებოდა, სანამ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას ცნობდა, მანამდე ეს საკითხი შეეთანხმებინა ძირითადად დასავლურ სამყაროსთან, რომელიც  მტკიცედ  უჭერდა და ახლაც უჭერს  მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დიდი ვარაუდით,  რუსეთი მას ამ საკითხში აზრს ვერ შეაცვლევინებდა, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიმართულებით რუსეთს პოლიტიკურად ბევრად შეზღუდულ მდგომარეობაში ჩააყენებდა.

სწორედ აღნიშნული პუნქტის ხელშეკრულებიდან ამოღებამ რუსეთს დასავლეთის მიმართ ვალდებულება მოუხსნა, რომ ცალმხრივად არ დაერღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ამგვარად, ხელ-ფეხ გახსნილ მდგომარეობაში დარჩენამ,  ბევრად იოლად გადააწყვეტინა სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

ოდნავ შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი იმ დროს მაინც დაფიქრდებოდა, თუ  რატომ უარყვეს რამდენიმე საათში პუტინ-მედვედევმა იმ საბედისწერო მე-7 პუნქტის ხელშეკრულებაში ჩაწერის დაჟინებული მოთხოვნა, მითუმეტეს,  თუ გაიხსენებდა, რომ პუტინი, დასავლეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობის გამო გაღიზიანებული,  საჯაროდ ანალოგიური პრეცედენტის გამეორებას დაპირდა  დასავლეთის სატელიტ საქართველოს ხელისუფლებას, ხაზს უსვამდა  რა, მისი ეთნოკონფლიქტების მსგავსებას კოსოვოს კონფლიქტთან.

მაგრამ ამ განცხადებაში  სააკაშვილის ერთი ფრაზაა კიდევ საყურადღებო. ის ამბობს, რომ ამ პუნქტის არსებობის შემთხვევაში 20-30 წელი გაიწელებოდა პროცესი და  ”პრაქტიკულად, ეს იყო რაღაც სახის „ახალი კოსოვოს“ შემოთავაზება, მცდელობა რუსეთის მხრიდან დასავლეთზე ახალი მიუნხენის ხელშეკრულებისა, მაშინ, როცა დასავლეთმა ჰიტლერს მიჰყიდა ჩეხოსლოვაკია ზეწოლის ქვეშ”.

ჯერ ერთი, თუ სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის გადაწყვეტის საკითხი კიდევ 20-30 წელი გაიწელებოდა, ამაში რა იქნებოდა ცუდი, როცა იმავე აგვისტოს თვეში რუსეთმა ცნო მათი დამოუკიდებლობა და ამით განუზომლად გართულდა ჩვენი ქვეყნის მთლიანობის საკითხი?  20-30 წელი კი არა, ზოგიერთი თავგაცხელებული ნაცექსპერტი რამდენიმე წელიწადში რუსეთის დაშლას წინასწარმეტველებდა და რამდენიმე ათეულ წელიწადში პოლიტიკური ამინდი, არ იყო გამორიცხული,  ჩვენთვის მართლაც სასიკეთოდ შემოტრიალებულიყო.

მეორეც, თუ დავუკვირდებით, სააკაშვილი ამ ფრაზაში გარკვეულ უნდობლობას უცხადებს დასავლეთს.  კოსოვოს აღიარების გამო თუ გამოთქვამს საყვედურს, ამაში უნდა დავეთანხმოთ, მაგრამ კაცი, რომელსაც მზე და მთვარე დასავლეთზე ამოსდის და მხოლოდ მას უკავშირებს საქართველოს ყველა პრობლემის მოხსნის იმედს, როგორ ვარაუდობს იმას, რომ 1938 წლის მიუნხენის ხელშეკრულების მსგავსად, როცა დასავლეთმა მართლაც გაწირა ჩეხეთის სუვერენიტეტი, ანალოგიურად მოიქცევა რუსეთის ზეწოლის ქვეშ და ასევე გაყიდის საქართველოს სუვერენიტეტს? ამის თქმით ხომ იდეურ წინააღმდეგობაში ვარდება ეს ჩვენს თავს შავ ჭირად მოვლენილი?!

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ აგვისტოს ომის ვაიგმირი სააკაშვილი, სულხან-საბას ”მაოხრებელი გზირისა” არ იყოს, თავის მაოხრებლობას ყველა ქმედებაში ავლენს, თან ისეა დაწყევლილი, რომ შესაძლოა, ხან და ხან სიკეთეც სურს რომ გააკეთოს,  მაგრამ ხელიდან მაინც ბოროტება გამოსდის. ღმერთმა ქნას, რათა ამა წლის ოქტომბრის ბოლომდე ისე ჩაამთავროს თავისი საპრეზიდენტო ვადა, რომ კიდევ რაიმე ხიფათი არ დაატეხოს თავს ამ ქვეყანას იმ კავშირებითა და ბერკეტებით, რაც ჯერ კიდევ მის ხელშია შემორჩენილი.